საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა განახლდეს. ბევრ მშობელს აინტერესებს, ხომ არ გადავადდება ისევ დაწყების თარიღი, თბილისში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო. ამ შეკითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ:
"ორშაბათს ვიწყებთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს და ყველა ბაღი მზადყოფნაშია. გაიარეს შრომის ინსპექციის შემოწმება და ყველა მათგანი აკმაყოფილებს დადგენილ პირობებს. 3 ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და დასრულების შემდეგ, შრომის ინსპექციამ შეამოწმა. 2 ახალი ბაღი იხსნება და ისინიც მიიღებენ აღსაზრდელებს", - გვითხრეს სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში პანდემიის ფონზე არაერთი რეგულაცია დაწესდა, მათ შორის:
იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და, შესაბამისად, შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შესწავლა შრომის ინსპექციის მხრიდან, ასევე სხვა საზედამხედველო უწყებების მხრიდან. ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პატარებთან ურთიერთობისას.
წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. ვინაიდან, მშობელი ვერ შევა შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ზარი ბაღის წარმომადგენელთან და ითხოვოს, რომ შესასვლელში მოხდეს ბავშვის გაყვანა. ასევე, განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს დაბალანსებული თითოეულ ჯგუფში. იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან. ასევე, აკრძალულია ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექციაც რთულად განსახორციელებელია. რეცხვის მიმართ, მათ შორის, სათამაშოების მიმართ დადგენილია, რომ 37 გრადუსზე უნდა მოხდეს დარეცხვა და შემდგომ მისი გაშრობაც. აღსაზრდელებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, სადაც ყველა საჭირო საკანცელარიო ნივთი იქნება.
თამარ იაკობაშვილი