თბილისის მერის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის საჯარო ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა 2020 წლის 19 მარტს დაიწყო და იმ პერიოდს მოიცავდა, რა დროსაც საბავშვო ბაგა-ბაღები პანდემიის გამო დაკეტილი იყო. პროგრამა კვლავ განახლდა. როდემდე გაგრძელდება აღნიშნული პროგრამა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური წერილით მივმართეთ და პასუხიც მივიღეთ:
"საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი მიმდინარეობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის შედეგად ქვეყანაში არსებული არასტანდარტული გარემოებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელია იმის პროგნოზი, თუ როდემდე გაგრძელდება პანდემიური სიტუაცია და შესაბამისად პროექტის მიმდინარეობაც დამოკიდებულია აღნიშნულ გარემოებებზე", - გვითხრეს სააგენტოში.
გარდა ამისა, დავინტერესდით, რა კრიტერიუმებით ფასდება ბავშვებისთვის გადასაცემი პროდუქცია და რამდენად უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის, რაზეც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვიპასუხეს:
"საკვები პროდუქტების ჩამონათვალი შერჩეულ იქნა ნურტიციოლოგთან ერთად იმ სატენდერო დავალების ფარგლებში, რომლითაც პანდემიის დაწყების პერიოდში უკვე ხდბოდა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფა. პროდუქტების შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნა, რომ შემადგენლობაში არ ყოფილიყო მალფუჭებადი პროდუქტები და ისეთი პროდუქტები, რომელთა შეფუთვა, ტრანსპორტირება და შენახვა მოითხოვს სპეციალურ სამაცივრე პირობებს".
სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად წერდნენ მშობლები, რომ პროდუქტთა სიიაში აღარ არის ზეთი და ცვლილება აღნიშნულ პროდუქტზე გაზრდილ ფასს დაუკავშირეს.
"მოგეხსენებათ, სატენდერო დავალება შედგება კონკრეტული პროდუქტებისგან, საჭირო ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და რაოდენობის მოთხოვნით. შესაბამისად, ბუნებრივია განსაზღვრული იყო ზეთის ჯამური რაოდენობაც - თითოეულ ბავშვზე საქართველოს მთავრობის 487-ე დადგენილებით და ბაღის მენიუთი განაზღვრულია დღეში 10 გრ ზეთის საჭიროება, ხოლო პროდუქტების გაცემის პროექტის ფარგლებში, ორკვირიანი შუალედით, ნაცვლად 200 გრ ზეთისა თითოეულ აღსაზრდელზე გაიცემოდა 500 მლ ზეთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვების კვებისთვის გათვლილი ზეთის საჭირო რაოდენობა, რომელიც ბაღში ყოფნის დროს უნდა მოხმარებოდა ბავშვთა კვებას, ყველა ოჯახს უკვე მიღებული აქვს. შესაბამისად, ბაღებში ბავშვთა კვებისთვის საჭირო ზეთის რაოდენობა წლის ბოლოს ამოიწურა და გასცდა ხელშეკრულებით განაზღვრული რაოდენობის ლიმიტებს, რის გამოც მოხდა აღნიშნული პროდუქტის ჩანაცვლება ხელშეკრულებით შეძენილი სხვა პროდუქტით. ამასთან, ტენდერის პირობებში არ მომხდარა პროდუქტების ფასების ცვლილება და ზეთის გაძვირების არგუმენტი სცილდება რეალურ გარემოებებს", - აღნიშნეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
სააგენტოში ასევე გვითხრეს, რომ თითოეული პროდუქტის ხარისხი კონტროლდება საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების მიერ იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რაც არსებობს კომპანიებსა და ბაღებს შორის. გარდა ამისა, ხარისხს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, 15 ნოემბრიდან პროექტის მე-11 ეტაპი მიმდინარეობდა და ყველა ბაღმა დაასრულა პროდუქტების გაცემა. აღნიშნულ ეტაპზე პროექტით 60 ათასამდე აღსაზრდელის ოჯახმა ისარგებლა.
თამარ იაკობაშვილი