საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, ეპიდსიტუაციის ანალიზის ფონზე, საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს. დავინტერესდით, გაუშვებენ თუ არა ბავშვებს მშობლები ბაღში მას შემდეგ, რაც პროცესი განახლდება:
არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ძალიან მეშინია წაყვანის. მაგრამ, ისეთი ბავშვები არიან, რეჟიმი და ბაღი ესაჭიროებათ. ვერ გადამიწყვეტია. მიმყავს, რა თქმა უნდა. მაშინ, არც ეზოში უნდა გავიყვანო, არც მე გავიდე სამსახურში და ასე იზოლირებულად ვერანაირად ვერ გავაჩერებ ბავშვს. ცოტახანს თავს შევიკავებ, მერე, რა თქმა უნდა, წავიყვან. გავუშვებ. ვერც ენერგიას ხარჯავს, ვერც სოციალურად ვითარდება, ვერც რეჟიმს იცავს და ა.შ... 1 წელია სახლშია გამოკეტილი, ეზოში ჩაგვყავს, მაგრამ ენერგია მაინც საკმარისზე მეტი რჩება, ბავშვებს ეძებს ხოლმე ყველგან. მადაც ისეთი კარგი აღარ აქვს, როგორიც ბაღის დროს, ძილიც მოწესრიგებული აქვს, როცა ბაღში დადის. მოკლედ, ვირუსის შიშის გამო მე არ ვაპირებ ჩემი შვილის ფსიქოლოგიური სტრესი გავაგრძელო. ერთი სული აქვს გაიხსნას, ყოველ დღე მეკითხება, როდის წამიყვანო. მიმყავს, ჯერ იმიტომ, რომ უფროსი ბიჭი სკოლაში რომ ივლის, არ ვარ დაცული არც ერთი ვირუსისგან, შემდეგ იმიტომ, რომ 3 წლის არის და მხოლოდ ერთი ლექსი იცის, არ იცის ფერები, არ იცის თვლა, არ გამოხტეთ ეხლა, ასწავლეო, ვასწავლი, მთელ ენერგიას ვდებ, მაგრამ არ მისმენს. ცოტახანს თავს შევიკავებ. კორონას გარდა სხვა ვირუსი შეიძლება აიკიდოს და უნდა ვიდარდო და ვინერვიულო იმაზე, კორონა ხომ არაა, ამიტომ ცოტა ხანს თავს შევიკავებ და მერე სიტუაციის შესაბამისად მოვიქცევი. ბაღებში, სკვერებსა თუ კორპუსების ეზოებში ბავშვები ერთად თამაშობენ, პირბადეების გარეშე. თუ ამ სივრცეში აქვთ კონტაქტი, ბაღის სივრცეში კიდევ უკეთ დაიცავენ სხვადასხვა რეკომენდაციას, შესაბამისი ცოდნის მქონე პედაგოგების დახმარებით . აუცილებლად მიმაჩნია ბაღების გახსნა . ერთი შენიშვნით მხოლოდ, საჯარო ბაღებში 1 ჯგუფში ბავშვების სიმრავლეა. დაახლოებით 25-40 ბავშვამდე. ეს კორონას გარეშეც შეუძლებელი რაოდენობა მგონია, ასაკისა და მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით . წელს თავს შევიკავებ. აიცრებიან უფროსები, კიდევ უფრო დასუსტდება ვირუსი და სექტემბერში გავუშვებ
ჩვენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვკითხეთ, რამდენად უსაფრთხოა ბაღები აღსაზრდელებისთვის:"შრომის ინსპექციამ ბაღები შეამოწმა და ყველა მათგანი აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. გათვალისწინებულია სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები და სრული მზაობაა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აღდგეს."- გვითხრეს სააგენტოში.
გარდა ამისა, დავინტერესდით, ხომ არ გარიცხავენ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თავს შეიკავებენ შვილების ბაღში გაშვებაზე. სააგენტოში გვითხრეს, რომ ამის გამო ბაღიდან ბავშვები არ გაირიცხებიან. მშობელი საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასთან ათანხმებს, რომ მისი შვილი არ ივლის. სხვა დამატებითი რეგულაცია არ ამოქმედდება.
გაგაცნობთ რეკომენდაციებს, რომელთა დაცვათ საბავშვო ბაგა-ბაღებს პროცესის აღდგენის შემდეგ მოუწევთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბავშვები ბაღის თანამშრომელმა უნდა მიიღოს და შენობაში მშობლის შესვლა არ შეიძლება.
დაწესებულების შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი და იმ ადამიანს, რომელიც ტემპერატურას გაუზომავს აღსაზრდელებს, უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია. თერმოსკრინინგისას, 37 ან 37 -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით; ტემპერატურის ან სხვა რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვი საიზოლაციო ოთახში გადაჰყავთ და დაუყონებლივ უკავშირდებიან მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, რომ გაიყვანოს. თუ მშობელი არ გამოცხადდება, ადმინისტრაცია ვალდებულია 112-ს დაუკავშირდეს. სიცხის გადამოწმების შემდეგ 37 ან 37 -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს; დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში; შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ანტისეპტიკური საშუალებები. ბავშვების გარდა საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე ყველას ნიღაბი უნდა ეკეთოს. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად; სახლიდან სათამაშოს წაღება აკრძალულია და ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთი უნდა შეიქმნას და ყველას ცალ-ცალკე ჰქონდეს. საბავშვო ბაგა-ბაღებში ხმარებიდან უნდა ამოიღონ ის სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება შეუძლებელია. ხოლო საწოლები ისე უნდა განლაგდეს, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებების მოწყობა, რომლებიც ბავშვთა დიდი რაოდენობით თავშეყრას გულისხმობს. ბაღის ტერიტორიაზე ხელის დასაბანად გამართული საშუალებები უნდა იყოს და ხელების გამშრალება ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად უნდა გამოიყენონ არაუმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები; ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად უნდა დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით; აღმზრდელმა მათ დაცემინებისა და დახველების შემთხვევაში მოქცევის სწორი წესი უნდა ასწავლოს და სადემონსტრაციოდ შეიძლება გამოიყენოს სათამაშოები. შემუშავებულია ჭურჭლისა და თეთრეულის რეცხვის სპეციალური პროცედურებიც, რაც ვრცლად, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
თამარ იაკობაშვილი