პირველი მარტიდან როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღები მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებენ. ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20%-ს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ.
დღეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ყველა ბაღი შემოწმებულია და მზადაა გასახსნელად.
გაგაცნობთ რეკომენდაციებს, რომელთა დაცვათ საბავშვო ბაგა-ბაღებს პროცესის აღდგენის შემდეგ მოუწევთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბავშვები ბაღის თანამშრომელმა უნდა მიიღოს და შენობაში მშობლის შესვლა არ შეიძლება.
დაწესებულების შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი და იმ ადამიანს, რომელიც ტემპერატურას გაუზომავს აღსაზრდელებს, უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია. თერმოსკრინინგისას, 37 ან 37 -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით; ტემპერატურის ან სხვა რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვი საიზოლაციო ოთახში გადაჰყავთ და დაუყონებლივ უკავშირდებიან მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, რომ გაიყვანოს. თუ მშობელი არ გამოცხადდება, ადმინისტრაცია ვალდებულია 112-ს დაუკავშირდეს. სიცხის გადამოწმების შემდეგ 37 ან 37 -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს; დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში; შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ანტისეპტიკური საშუალებები. ბავშვების გარდა საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე ყველას ნიღაბი უნდა ეკეთოს. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად; სახლიდან სათამაშოს წაღება აკრძალულია და ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთი უნდა შეიქმნას და ყველას ცალ-ცალკე ჰქონდეს. საბავშვო ბაგა-ბაღებში ხმარებიდან უნდა ამოიღონ ის სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება შეუძლებელია. ხოლო საწოლები ისე უნდა განლაგდეს, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებების მოწყობა, რომლებიც ბავშვთა დიდი რაოდენობით თავშეყრას გულისხმობს. ბაღის ტერიტორიაზე ხელის დასაბანად გამართული საშუალებები უნდა იყოს და ხელების გამშრალება ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად უნდა გამოიყენონ არაუმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები; ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად უნდა დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით; აღმზრდელმა მათ დაცემინებისა და დახველების შემთხვევაში მოქცევის სწორი წესი უნდა ასწავლოს და სადემონსტრაციოდ შეიძლება გამოიყენოს სათამაშოები. შემუშავებულია ჭურჭლისა და თეთრეულის რეცხვის სპეციალური პროცედურებიც, რაც ვრცლად, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ბავშვები, რომლებიც ამ პერიოდში ბაღში არ ივლიან, გაცდენების გამო არ გაირიცხებიან.
თამარ იაკობაშვილი