- გეთანხმებით, რომ საბავშვო ბაღში სიარულის დაწყებაზე ბავშვების რეაქცია არ არის ერთგვაროვანი და იშვიათად ხდება, რომ ეს პირველივე დღეებიდან დადებით ემოციებს უკავშირებოდეს. ეს არის ახალი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში. ის უნდა მიეჩვიოს არა უბრალოდ მშობლისა და
პირველ ეტაპზე რამდენიმე პრობლემა აწუხებს ბავშვს:
- მშობელთან განშორება,
- ახალ გარემოში და უცხო ადამიანებთან დარჩენის შიში,
- საკუთარი საჭიროებების სხვისთვის გაგებინება,
- ადვილად გაღიზიანება და დამშვიდების გაძნელება,
- საყვარელი ნივთების და სათამაშოების არარსებობა საბავშვო ბაღში,
- თანატოლებთან თავის დამკვიდრების პრობლემა.
რეალური ტირილი და ჭირვეულობა ამ ყველაფრის მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებაა. სახეზეა ხოლმე ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება, ხშირი ავადობა, მუცლის ტკივილები, ზოგჯერ ღებინებებიც. მსგავსი ჩივილები, ბუნებრივია პირველ რიგში პედიატრთან ვიზიტის და ხანგრძლივი კვლევების საფუძველი ხდება ხოლმე.
იწყება საჭირო თუ ნაკლებად საჭირო მკურნალობა, ბავშვი აცდენს ბაღს და ამ ფონზე მდგომარეობა უმჯობესდება; საბავშვო ბაღში სიარულის განახლებას კი, მალევე მოჰყვება სიმპტომების ხელახლა აღმოცენება. ანალოგიური კორელაციების დაფიქსირების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ პედიატრთან, ნევროლოგთან, ბავშვთა ფსიქოლოგთან და აუცილებლად საბავშვო ბაღის პედაგოგებთან ერთად გავიაროთ დეტალები და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. საბავშვო ბაღში სიარულისთვის თავის დანებება ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ ზემოთ აღწერილი სიტუაცია მიანიშნებს, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ და ბავშვს სჭირდება ჩვენი ქმედითი დახმარება საბავშვო ბაღის გარემოსთან ადაპტირებაში.
- რა დადებითი შეიძლება მოუტანოს ბავშვს საბავშვო ბაღში სიარულმა ემოციური კუთხით?
- საბავშვო ბაღში სიარულის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე სწორი მოლოდინები შევუქმნათ ბავშვს და არ გამოვიწვიოთ პროტესტი მისი მხრიდან. სასარგებლო გავლენებიდან უპირველესია აქტიური სოციალიზაცია. ბავშვის ცნობიერებაში ჩნდება მეგობრების ცნება, გუნდურობის განცდა. საბავშვო ბაღში განსხვავებულად და უფრო თვალსაჩინოდ აღიქმება წესების დაცვის აუცილებლობა, უფრო ადვილია ქცევითი ჩარჩოების აღიარებასა და დაცვაზე მუშაობა. ბავშვები ერთმანეთის მაგალითზე სწავლობენ:- იმპულსის და სურვილების შეკავებას
- ჯერის დაცვას
- მოთმინებას
- დამოუკიდებლობას
- კომუნიკაციას

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, პირველ რიგში, როცა გადაწყვეტენ, რომ შვილი ბაღში მიიყვანონ?
- სასურველია, პირველ რიგში, კარგად გავეცნოთ ბაღის შინაგანაწესს და პედაგოგებს. შევეცადოთ წარმოვიდგინოთ ჩვენი შვილი თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით ამ გარემოში და გავთვალოთ, რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს.გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი:
- თუ ჩვენი შვილი უფრთხის ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილებს, ბევრი ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი მისთვის გაცილებით სტრესული იქნება.
- თუ ის მანამდე არასოდეს დარჩენილა უთქვენოდ, საბავშვო ბაღში პირდაპირ მთელი დღით დატოვება გაგიჭირდებათ.
- საბავშვო ბაღში ბავშვის დატოვებამდე კრიტიკულად უნდა შევაფასოთ, რამდენად ახერხებს ჩვენი შვილი შიმშილის, წყურვილის, ტუალეტის საჭიროების, ტანსაცმელთან დაკავშირებული დისკომფორტის, ფიზიკური ტკივილის მკაფიოდ და გარკვევით გამოთქმას და გაგებინებას.
- თუ ეს არ შეუძლია, ბაღში წაყვანამდე სასურველია ვიმუშაოთ ამ უნარებზე, ან ბაღის პედაგოგს წინასწარ გავაცნოთ ჩვენი შვილის სუსტი მხარეები და განსაკუთრებული საჭიროებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღის მიმართ, პირველ რიგში, ჩვენ გვქონდეს დადებითი განწყობა და მოლოდინები; აუცილებელია, რომ ბავშვი დავამეგობროთ პედაგოგთან;
- პირველ ეტაპზე შეიძლება რომ სახლიდან წაიღოს განსაკუთრებულად საყვარელი სათამაშო, ან ნივთი, რაც მისთვის მყუდროების და სიმშვიდის გარანტი იქნება. არ არის აუცილებელი, ბავშვი თავიდანვე სრული დღით დავტოვოთ ბაღში. უფრო დამზოგველი სტრატეგიაა, როდესაც ნელ-ნელა ვცდილობთ ხოლმე დროის გაზრდას.
- ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს არ გავუცრუოთ იმედი და არ დავაგვიანოთ ხოლმე დღის ბოლოს ბაღიდან გამოყვანაც. ვინაიდან ბავშვებს რთულად აქვთ განვითარებული დროის აღქმა, სასურველია, რომ მაგალითად პედაგოგმა, 5-10 წთ-ით ადრე აცნობოს ბავშვს, რომ დედიკო ან მამიკო უკვე მალე მოვა. ამისთვის, მშობელმა შეიძლება წინასწარაც აცნობოს მასწავლებელს, მაგალითად, ტელეფონით, რომ უკვე გზაშია. სხვა შემთხვევაში, პედაგოგი ეცდება, რომ ყურადღება გადაუტანოს ბავშვს თამაშებით და გაუხმოვანოს, რომ დედიკო ჯერ ვერ მოდის, სამაგიეროდ თვითონ უფრო მეტ თამაშს მოასწრებენ. ეს დაზოგავს ბავშვის ფსიქიკას ცრუ მოლოდინებისა და იმედგაცრუებისგან.
- თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და ვიგვიანებთ, ბავშვი კი უკვე შფოთავს, იმიტომ რომ სხვებს მოაკითხეს და ეწყება შიში, რომ დედიკოს, ან მამიკოს შეიძლება დაავიწყდეს მისი წაყვანა, შეიძლება პედაგოგი დაგვეხმაროს ტელეფონით ბავშვთან გასაუბრებაში, სადაც უშუალოდ მას ავუხსნით, რომ გზაში ვართ და აუცილებლად მივაკითხავთ. მთავარია, რომ ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში პირველ რიგში ჩვენ ვიყოთ მშვიდად და თავდაჯერებულად. ასე უფრო ადვილად დავარწმუნებთ ბავშვსაც რომ ყველაფერი კარგად იქნება.
თამარ იაკობაშვილი