ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ბავშვი ბაღს ადვილად მიეჩვევა და არც სტრესს მიიღებს
ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ბავშვი ბაღს ადვილად მიეჩვევა და არც სტრესს მიიღებს
საბავშვო ბაღი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. თუმცა, ყველა უმტკივნეულოდ ვერ ახერხებს ახალ გარემოსთან შეგუებას. ტირილი და ნერვიულობა ბევრ მშობელს აიძულებს, შვილები ბაღიდან გამოიყვანოს და სახლში სცადოს საჭირო უნარების განვითარება. ბევრს კი მიაჩნია, რომ ბაღი იდეალური ადგილია ბავშვისთვის, სადაც ყველაფერს ისწავლის, რაც მისი განვითარებისთვის და სასკოლო მზაობისთვისაა საჭირო. რეალურად, რა დანიშნულება აქვს საბავშვო ბაღს და როგორი უნდა იყოს აღმზრდელისა თუ მშობლის დამოკიდებულება მაშინ, როცა ბავშვს ადაპტაცია უჭირს, თემაზე ქალაქ თბილისის 117-ე საბავშვო ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ქართველიშვილი გვესაუბრება:

- ბავშვის
განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის პირველ ექვს წელიწადს. ის ძირითადი უნარები, ჩვევები, დამოკიდებულებები, რასაც ბავშვი შემდეგში სკოლასა თუ ზოგადად, ცხოვრებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებში გამოიყენებს, სწორედ ამ პერიოდში იწყებს ჩამოყალიბებას. საბავშვო ბაგა-ბაღის მთავარი დანიშნულებაა ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარების სტიმულირება. ბაღი სთავაზობს ბავშვებს სოციალური ადაპტაციისა და განვითარებისთვის აუცილებელ, ხელსაყრელ და ხელმისაწვდომ პირობებს.
საბავშვო ბაღში გატარებული დრო ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია და სწორად წარმართული საღმზრდელო პროცესი ეხმარება მათ, სამომავლოდ რეალიზებული, წარმატებული ადამიანები გახდნენ, შეძლონ პოზიტიური ურთიერთობების დამყარება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, საზოგადოებასთან.

- რა უნდა იცოდეს ბავშვმა როგორც ბაღში ყოფნის პერიოდში, ასევე იქამდე, ვიდრე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუერთდება?

- საბავშვო ბაღი არაფორმალური გარემოა, თუმცა, ბუნებრივია, ის ბოლომდე ოჯახურ გარემოს
ვერ ჩაანაცვლებს. ბაღში ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, ივითარებენ უნარებს, უყალიბდებათ საკუთარი თავის რწმენა და დადებითი თვითშეფასება, რადგან აქ მათი განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებები გაგებული და დაკმაყოფილებულია. ბაღში წასვლის პროცესი ემოციურად რთულია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც და ცხოვრების ამ ეტაპს ისინი ერთად გადიან. მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია, რათა ბაღში წასვლის, ბაღთან შეგუების პროცესმა უმტკივნეულოდ, ნაკლები სტრესების ფონზე ჩაიაროს. პირველ რიგში, მშობლებმა დადებითი წარმოდგენა და დამოკიდებულება უნდა შეუქმნან შვილებს ბაღის შესახებ. ესაუბრონ მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე, რომ იქ ბევრი სათამაშო და ბავშვია და შეძლებენ ერთობლივ თამაშს, სახლში "ბაღობანა" ითამაშონ, წაიკითხონ ან თავად შეთხზან მოთხრობები ბაღის შესახებ, ჩართონ ამ პროცესში უფროსი და-ძმების, მეგობრებისა თუ მეზობლების ბავშვების გამოცდილება და ა.შ. გარდა ამისა, სააღმზრდელო პროცესის დაიწყებამდე, წინასწარ გააცნონ ბაღის გარემო - ისეირნონ და ითამაშონ საბავშვო ბაღის ეზოში, თავადაც გაიცნონ და ბავშვსაც გააცნონ მომავალი პედაგოგი და აღმზრდელი. ბაღის გარემო ბავშვისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი და ახლობელი უნდა გახდეს. ბაღში წასვლისას კი სხვადასხვა საშუალებით დაეხმაროს, მაგალითად, შესაძლებელია ბავშვმა სახლიდან წაიღოს ისეთი ნივთები, რომლებიც ძალიან უყვარს და ოჯახურ გარემოს ახსენებს. გზა სახლიდან ბაღამდე გახადოს საინტერესო და "თავგადასავლებით" სავსე. პირველივე დღეებში უმჯობესია ბავშვები შედარებით მცირე დროით დატოვონ საბავშვო ბაღში, თანდათანობით გაზარდონ ინტერვალი და რაც მთავარია არასდროს მოატყუონ, არასდროს დაარღვიონ იმის პირობა, რომ ისევ ერთად იქნებიან და ბავშვი გაიყვანონ იმ დროს, რაზეც შეუთანხმდნენ. რასაკვირველია, ყველა აღსაზრდელი ინდივიდუალურია და ადაპტაციის პერიოდის ხანგრძლივობაც და ხარისხიც განსხვავებულია. მთავარია, პედაგოგი და მშობელი ერთობლივად, ურთიერთშეთანხმებით, ბავშვის ინტერესებსა და ემოციებზე დაყრდნობით არჩევდნენ ყველაზე უმტკივნეულო გზას, რათა ბავშვი ახალ გარემოს შეეგუოს.

- პანდემიის პირობებში ბევრი წესი შეიცვალა, მათ შორის, ბავშვებს სახლიდან აღარ შეუძლიათ საყვარელი ნივთებისა თუ სათამაშოების წაღება. ეს რამდენად დიდი გამოწვევა აღმოჩნდა?

- როდესაც პირველად რეკომენდაციებს გავეცანით და ეს საკითხი განვიხილეთ, ცოტა შეგვეშინდა, თუმცა, ჩვენი შიში არ გამართლდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დაგვეხმარა ინიციატივით და ყველა საჯარო საბავშვო ბაღს შესთავაზა ბავშვების სახლიდან ბაღში ტრანზიციის ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიზანია იმ ბავშვებისთვის, ვინც პირველად მიდის საბავშვო ბაღში, ახალი გარემოს და აღმზრდელის გაცნობისა და ბაღთან შეგუების პირველი ნაბიჯების შემსუბუქება. მშობლებს წინასწარ გავაცანით ახალი რეკომენდაციებით განსაზღრული წესები. მუსიკით, სიმღერებით, მხიარული და საინტერესო განწყობით, თამაშებით შევძელით ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა. მოგეხსენებათ, თბილისის ბაღები გადატვირთულია, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბაღები შენდება და ძველ ბაღებში, შესაძლებლობის ფარგლებში, დამატებითი ჯგუფებიც იქმნება. პანდემიის პირობებში კი, მშობლები თავს იკავებენ და შესაბამისად, ბავშვების გარკვეული ნაწილი აღარ დადის ბაღში. აქედან გამომდინარე, შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფებში ადაპტაციის პროცესი შედარებით გაგვიმარტივდა.

- ძალიან ხშირად მშობლები არსებულ სიტუაციას ასეთ ფორმულირებას აძლევენ: "იტირებს და მიეჩვევა", რამდენად გამართლებულია მსგავსი მიდგომა და რა ეტაპზე უნდა მიხვდნენ, რომ აღარ ღირს ბავშვის ნერვიულობა და ბაღიდან გაიყვანონ?

- ეს ფრაზა ძალიან გავრცელებულია, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები. ბავშვი ბაღში სიარულს უნდა მიეჩვიოს ტირილისა და სტრესების გარეშე. მას აშფოთებს უცხო გარემოში დარჩენა, სადაც უცხო წესები და რეჟიმია. ბავშვს აშფოთებს დედასთან განშორება და ეს ბუნებრივია. სწორედ ამიტომ აღვნიშნე ზემოთ, რომ ადაპტაციის პროცესი უნდა დაიწყოს გაცილებით ადრე, ვიდრე ის ბაღში წავა. ეს გულისხმობს მასთან საუბრებს ბაღის შესახებ - ვინ დახვდება ბაღში, რა უნდა გააკეთოს იქ, რატომ არის აუცილებელი ბაღში სიარული და ა.შ. წინასწარ რამდენიმეჯერ მაინც უნდა დაათვალიეროს ბაღის ეზო, შენობა, ჯგუფის ოთახები. რასაკვირველია, ამით ბავშვს ბოლომდე არ გაუქრება დედასთან განშორების შიში, მაგრამ ბაღი მისთვის უცხო გარემო აღარ იქნება.
პირველივე წამოტირებაზე მშობელმა ბავშვი სახლში არ უნდა წაიყვანოს. პირველი დღეები ბაღში ბავშვების უმრავლესობისთვის რთული დღეებია. მშობელს შეუძლია დარჩეს შვილთან ერთად ჯგუფში, ითამაშოს მასთან და სხვა ბავშვებთან ერთად. ნელ-ნელა ბავშვიც ხალისიანად ჩაერთვება თამაშში და ისე აღარ იღელვებს დედასთან განშორებისას. არსებობს სხვადასხვა ტაქტიკური გზა ადაპტაციის პროცესის გასაადვილებლად, რასაც პედაგოგი და მშობელი ურთიერთშეთანხმებით ახორციელებენ. ჩვენი გამოცდილებით, შეგუების პროცესი 2-3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, რიგ შემთხვევებში კი უფრო ხანგრძლივადაც, მაგრამ დამოკიდებულება, რომ ბავშვი "იტირებს და გაჩერდება", სრულად მიუღებელია. ასევე, არ ვეთანხმები მშობლის გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი აღარ ატაროს ბაღში. ადაპტაციის პროცესი შესაძლოა ოდნავ მტკივნეული იყოს, მაგრამ დაძლევადია. ბავშვებს განვითარების უსაზღვრო პოტენციალი აქვთ და ამის გამო მათ არ უნდა შევუზღუდოთ ამ უნარების განვითარების საშუალება და არ უნდა მოვწყვიტოთ ბაღის გარემოს. ჩვენი გამოცდილებით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ბავშვები ხალისით დადიან ბაღში და მთელ დღესაც კარგად ატარებენ.

- ერთეულ შემთხვევებში, სადაც არ გამოდის მსგავსი მიდგომა, 2-3 კვირის შემდეგ მშობელმა უნდა იფიქროს, რომ გაიყვანოს?

- ჩვენი ბაღის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უიშვიათესად გვქონია ისეთი შემთხვევა, რომ ადაპტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა, რომ არ გაამართლა პედაგოგისა და მშობლის ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებამ. ასეთ შემთხვევაში პროცესში უფრო აქტიურად ერთვება ფსიქოლოგი, შესაძლოა სპეც პედაგოგიც, რომლებიც გარკვეულ ინდივიდუალურ მიდგომას შეიმუშავებენ პედაგოგთან და მშობელთან ერთად და ადაპტაციის პროცესი დაძლევადი ხდება. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლოა მცირე ხნით ბავშვი ბაღში არ ატარონ, მაგრამ ეს დრო აქტიურად გამოიყენონ ბავშვის დასაახლოებლად საბავშვო ბაღის გარემოსადმი.

- თუ არის განსაზღვრული ასაკი, რა დროსაც უმჯობესია ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა?

- პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, ჩემი შვილიშვილი ბაგა-ბაღში ორი წლის ასაკში წავიყვანეთ და ძალიან გაუჭირდა ადაპტირება. მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება და გარკვეული პერიოდი არ დადიოდა. სამი წლის ასაკში კვლავ წავიდა, ის უკვე წინასწარ მომზადებული იყო უცხო გარემოში ადაპტირებისათვის და მართლაც ძალზე გაუმარტივდა. რასაკვირველია, ამ მაგალითის განზოგადება არ იქნება სწორი, მაგრამ ვფიქრობ, 2,5 წელი საბავშვო ბაღში მისაყვანად კარგი დროა. აქვე მინდა აღვნიშნო, არიან ბავშვები, რომლებისთვისაც ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ორი წლის ასაკშიც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეუძლიათ ადაპტირება. ეს პროცესი მაინც ინდივიდუალურია. ზოგიერთს კი ოთხი და ხუთი წლის ასაკშიც შეიძლება გაუჭირდეს ახალ გარემოსთან შეგუება.

- სკოლისთვის მოსამზადებლად რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღი, არის განსხვავება იმ ბავშვებს შორის, ვინც ბაღში დადიოდა ან პირიქით?

- მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. ეს დოკუმენტი მოიცავს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტსაც, რომლის მიზანია დაეხმაროს ბავშვს მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის, საზოგადოებასთან პოზიტიური ურთიერთობებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში და გამოწვევებთან გამკლავებაში, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ასევე ბავშვის ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღის მიღწევაში. საბავშვო ბაგა-ბაღში სკოლისათვის მოსამზადებელი საუკეთესო გარემოა შექმნილი. ვერ გეტყვით, რომ საბავშვო ბაღის მიზანი ბავშვებისთვის რაიმე საკითხზე ფუნდამენტური ცოდნის მიცემაა. აქ ამზადებენ ბავშვებს პირველ კლასში არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის, უქმნიან სწავლისადმი პოზიტიურ განწყობას, უვითარებენ ბავშვს კითხვისა და წერის სწავლისათვის საჭირო უნარებს და მათემატიკურ წარმოდგენებს.
საბავშვო ბაგა-ბაღი არ არის დაწესებულება, სადაც ბავშვი მივა და დღის განმავლობაში უბრალოდ მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. აქ მიმდინარეობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიაში უზრუნველყოფს სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.
mshoblebi
აქაც მინდა ჩემს პირად გამოცდილებაზე მოგახსენოთ - ჩემი ორი შვილიშვილიდან, რომლებიც თანატოლები არიან, ერთი სისტემატურად დადიოდა ბაღში, მეორე კი ვერ ახერხებდა ამას. პირველს, ფაქტობრივად, არ შექმნია პრობლემები პირველ კლასში მისვლისას არც სწავლისადმი და მასწავლებლთან დამოკიდებულებაში, არც მეგობრებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში, მაშინ როცა მეორეს განსაკუთრებული მხარდაჭრა დასჭირდა ამ მიმართულებებით.
საბავშვო ბაგა-ბაღი ნამდვილად უმნიშვნელოვანეს, რიგ შემთხვევებში, შეუცვლელ როლს ასრულებს ბავშვის სკოლისთვის მომზადების პროცესში. თუმცა, არიან ისეთი მშობლები, რომლებიც საბავშვო ბაღის გარეშე, დამოუკიდებლად ახერხებენ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები?

- ჩემი აზრით, მთავარი პრობლება ბავშვებისადმი დამოკიდებულებაა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ბავშვებს პატივისცემით მოვეპყროთ. ვაღიაროთ ისინი, როგორც სრულუფლებიანი, თანასწორი პარტნიორები. ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული, პოზიტიური მხარდაჭერა, გაგება, ჩვენი გამოცდილების მათთვის გაზიარება, ჩვენი პატივისცემა და დაცვა.
მშობლების (არა მარტო) მთავარი პრობლემად მიმაჩნია ასეთი დამოკიდებულების უგულებელყოფა და აქედან გამომდინარე შემდგომი შეცდომები. მშობლებმა უნდა შეძლონ შვილების ემოციების გაგება და გადამეტებული მოლოდინებისა და მოთხოვნების გარეშე ღირებული ურთიერთობების დამყარება.

- როცა ჯგუფში კონფლიქტია, რა ეტაპზე უნდა ჩაერიოს აღმზრდელი. ზოგჯერ რომელიმე ბავშვი სისტემატურად პასიურ როლშია და სხვები მისით "თამაშობენ". ამ დროს როგორი უნდა იყოს მასწავლებლის მიდგომა?

- ბავშვები ბაღში სწავლობენ ურთიერთობებს, ამყარებენ კომუნიკაციებს და ამ პროცესში ბავშვებს შორის კონფლიქტი გარდაუვალია. ბავშვებს უჭირთ კონფლიქტების დამოუკიდებლად მოგვარება, არ შეუძლიათ გამოსავლის ძებნა, კომპრომისებზე წასვლა. კონფლიქტის მოგვარებასა და პრობლემის გადაჭრაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს პედაგოგი და/ან აღმზრდელი. მან კი არ უნდა დააშოროს პატარები ერთმანეთს და იფიქროს, რომ საკითხი გადაწყვეტილია, არამედ დაშოშმინების შემდეგ მშვიდად და უმტკივნეულოდ უნდა განიხილოს კონფლიქტის მონაწილე ბავშვებთან აღნიშნული ინციდენტი. ამ პროცესში პედაგოგი ცხადია მსაჯული არ არის, ის მედიატორი და კონფლიქტის მომგვარებელია. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, პედაგოგის მოვალებაა, განსაზღვროს ამ თამაშით ხომ არ განიცდის ბავშვი უნებლიე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ის ფლობს ათასგვარ ტაქტიკურ ხერხს, რომ ასეთი თამაში პოზიტიურად წარმართოს და ის, ვინც თამაშის "ობიექტი" იყო, ახლა "მთავარ გმირადაც" კი გადაიქცეს.

- ჯგუფში ხომ ყველა ერთნაირად აქტიური არ არის. პასიური ბავშვების შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს მასწავლებლის როლი თუ დამოკიდებულება?

- მსგავს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩნდეს დამოკიდებულება: "მაინც არ ერთვება და ახალ თამაშებს თუ აქტივობებს აღარ შევთავაზებ". პირიქით, პედაგოგი ფლობს უამრავ მეთოდსა და საშუალებას და ბავშვი აუცილებლად უნდა ჩართოს აქტივობებში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. მან უნდა გამოიკვლიოს, ბავშვს რა აინტერესებს ყველაზე მეტად და ის შესთავაზოს. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩართოს ფსიქოლოგი და სპეც პედაგოგი. წარმოუდგენელია, ამის შემდეგ ბავშვი არ დაინტერესდეს. როგორც აღვნიშნე, მთავარია არ მოხდეს ბავშვის უგულველყოფა.

- ბაგაზეც მინდა გკითხოთ, რომელი ასაკიდან შეიძლება მიიყვანონ ბავშვები და რაში დაეხმარება ეს მათ?

- საქართველოში საბავშვო ბაგა-ბაღი 2 წლიდან 7 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს აერთიანებს. ასაკისა და ადაპტაციის პროცესის კორელაცია პირობითია, რადგან შეგუების პროცესი ინდივიდუალურია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ასაკობრივ მახასიათებელზე. ძალიან ბევრი ბავშვი 2-3 წლიანთა ასაკობრივი კატეგორიიდან უფრო მარტივად ადაპტირდება, ვიდრე შედარებით უფროსები. არიან მშობლები, რომლებსაც, სამსახურიდან გამომდინარე, სხვა გზა არ აქვთ და ამიტომ მოჰყავთ ორი წლის ბავშვი ბაგაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ადრეულ ეტაპზევე სურთ ბავშვები ახალ გარემოს შეაგუონ. ჩვენი გამოცდილებით, ბავშვები, რომლებიც ბაგის ასაკიდან დადიან ბაღში, მეტად უმტკივნეულოდ ახერხებენ ადაპტირებას შემდგომ ასაკობრივ ჯგუფებში.

თამარ იაკობაშვილი
901
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები