სასწავლო პროცესი რეალურ სივრცეში განახლდა. ეს დღე მშობლებისთვისაც ემოციური იყო და ბავშვებისთვისაც. არა მხოლოდ მოსწავლეები, ხანგრძლივი განშორების შემდეგ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც დაუბრუნდნენ ბაღებს. პანდემიის გამო, მშობლებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ აქვთ. ბაღის ბავშვებიც ეზოს კართან ემშვიდობებიან მშობლებს და შენობაში მასწავლებლებს მიჰყვებიან. ეს ახალი წესია, რომელიც კოვიდრეგულაციებმა განაპირობა. როგორ ჩაიარა პირველმა დღემ ბაღებში და გაუჭირდათ თუ არა პატარებს ახალ რეალობასთან შეგუება? ამის შესახებ მშობლები სოციალურ ქსელში წერენ.
„ყველა ტიროდა, მშობლები არ მიდიოდნენ, იყო აურზაური და შეეშინდა, არადა ძალიან უნდოდა“
„ადრე უპრობლემოდ დარჩა ჩემი, მაგრამ ორი კვირის მერე არ მინდა მასწავლებელიო, ტიროდაა. როგორ უხაროდა და ორ კვირაში შესძულდა, ამიტომ აღარ დამყავს“
„უპრობლემოდ გაჰყვა მასწავლებელს, მოსწონდა თავიდან, დაიწყო თამაში. ბოლოს აჰყვა ბავშვებს ტირილში.“
„ძალიან მშვიდად შევიდა ორივე. უცებ დავეჭვდი, ხომ მართლა პირველად მივიყვანე-თქო, მაგრამ პირველზე დამირეკეს, მოაკითხეო. რომ მივედი, ისეთი ამბავი იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. სხვების ტირილზე ესენიც გადარეულან, თუმცა ადაპტაციის პერიოდი რთული რომ იქნებოდა, ყველამ ვიცოდით.“
„საქართველოში ბაღი სტრესია ბავშვისთვის, აი, ამ სისტემიდან თუ არ დავიწყეთ შენება, არაფერი გვეშველება“
„მასწავლებელი რომ დაინახა, გამოიქცა“
„ჩავლით ვიყავი და ისეთი ამბავი იყოო... ცალკე მშობლები, ცალკე შვილები“
„მშვენივრად, გვეშველა მშობლებსაც და ბავშვებსაც“
„ჩემი საერთოდ არ შევიდა, არ მინდაო“
„გააპროტესტა და წამოვედით სახლში“
„სამ მასწავლებელს ერთად მიჰყავდა“
„სადა ბაღი... გამოვიპრანჭეთ და მოგვაბრუნეს უკან კარიდან. მიზეზი არ ვიცით, 18-მდე გადაგვიწიეს“
„მამიკოს გაეტირა, ეგონა, ერთად დარჩებოდნენ ბაღში“
„ზუსტად 15 წუთში დამიძახეს და უკან გამომატანეს“
"გააპროტესტა და მერე როგორ... ლიფტშიც ვერ შევიყვანე, დავრჩით გამოპრანჭულები სახლში"
"ჩემი ისეთი ბედნიერი იყო, ან აქამდე როგორ იყო უბაღოდ, მიკვირს."
”რატომ მიგყავთ ასეთი წერტილები ბაღში? თან მაშინ, როცა სახლში ხართ და არც სწავლობთ და არც მუშაობთ...”