საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდა. მას შემდეგ, პერიოდულად, კორონავირუსის დაფიქსირების გამო მათი ნაწილი იხურება. ერთი შემთხვევაც კი საკმარისია, რომ ბაღმა დროებით სრულად შეაჩეროს ფუნქციონირება, რაც მშობლებში უმაყოფილებას იწვევს. ისინი ამბობენ, რომ აქაც სკოლის პრაქტიკა უნდა გამოიყენონ, რა დროსაც ის კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე, სადაც კორონავირუსის შემთხვევა ფიქსირდება და არა მთელი სკოლა. გარდა ამისა, მშობელთა ნაწილს კითხვები აქვს, რამდენად მოწმდება, აღსაზრდელსა თუ თანამშრომელს რეალურად დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი. შეკითხვებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ:
"კოვიდის დაფიქსირების ერთი ფაქტიც კი საფუძველია იმისა, რომ ბაღი დაიკეტოს. არსებობს მთავრობის სპეციალური დადგენილება, რომელსაც ყველა დაწესებულება იზიარებს. სკოლა ბაღისგან ძალიან განსხვავდება. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ბავშვებს პირბადეები უკეთიათ, ბაღში კი - არა. სააღმზრდელო დაწესებულებებში ძალიან დიდი შიდა კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან. მულტიგუნდი მუშაობს, რომელსაც ყველა ჯგუფის ბავშვთან აქვს შეხება. იქნება ეს ცეკვის მასწავლებელი, მუსიკის მასწავლებელი, სპეცპედაგოგი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, მეთოდისტი, ექთანი თუ სხვა. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავრცელების რისკი არსებობს.
რაც შეეხება ინფიცირების დადასტურებას, ტესტის პასუხი აუცილებლად ეგზავნება კონკრეტულ ბაღს. ისინი, თავის მხრივ, მონაცემს ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უგზავნიან და შესაბამისი უწყებების ბაზაში მოწმდება. როდესაც შემთხვევა კონკრეტულ ჯგუფში ფიქსირდება, მშობლებს აუცილებლად ეცნობებათ, თუმცა თუ სხვა ჯგუფში დადასტურდა კორონვირუსი, დირექციას სრული უფლება აქვს, პერსონალური მონაცემი არ გასცეს. გარდა ამისა, თითოეული შემთხვევა სააგენტოსთან თანხმდება და ბაღი დახურვისა და გაღების საკითხს თვითნებურად არ წყვეტს. სპეციალური განყოფილება კონკრეტულ ფაქტს ინდივიდუალურად განიხილავს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას," - გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
არსებული მონაცემებით, თბილისში 84 ბაღია დაკეტილი და შემდეგი კვირიდან ზოგიერთი მათგანი უკვე გაიხსნება.
თამარ იაკობაშვილი