განათლებასკოლამდელი აღზრდა
"ბავშვისთვის არ არის მოსაბეზრებელი, ჩართულია და ძალიან საჭირო რაღაცებს სწავლობს" - ქართული, საინტერესო გადაცემები სკოლამდელი ბავშვებისთვის
"ბავშვისთვის არ არის მოსაბეზრებელი, ჩართულია და ძალიან საჭირო რაღაცებს სწავლობს" - ქართული, საინტერესო გადაცემები სკოლამდელი ბავშვებისთვის
ეს ალბათ ის სიახლეა, რომელიც იმ პატარების მშობლებს გაახარებს, რომლებიც მუდმივად ეძებენ ქართულენოვან რესურსებს თავიანთი შვილებისთვის. განათლების კოალიციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა პროექტის "ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის" ფარგლებში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის 10 საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო ვიდეო შექმნეს. ვიდეოების თემატიკა შეირჩა იმ აქტუალური თემების/მიმართულებების მიხედვით, რომლებიც განსაკუთრებითმ ნიშვნელოვანია მათ ასაკში. განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია გვიყვება, რატომაა აღნიშნული პროექტი ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანი:

- ჩვენი ორგანიზაცია მეტწილად სასკოლო განათლებაზეა ორიენტირებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის პირობებში ბავშვთა განათლების
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, დავიწყეთ ტელესკოლათან ერთად გადაცემების გაკეთება სახელწოდებით "რჩევები მშობლებს", სადაც ექსპერტთან ერთად ბავშვის განვითარების საკითხებს განვიხილავდით. მეორე ნაწილში კი სკოლამდელი განათლების სპეციალისტი და ბავშვი ერთად აკეთებდნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობებს, აძლევდნენ პრაქტიკულ რჩევებს მშობლებს, რაც მათთვის ძალიან კარგი მაგალითი იყო. ეს პროექტი შარშან დავიწყეთ და წელსაც გაგრძელდა, თუმცა, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეგეგმა და გაგვეკეთებინა ისეთი რამ, სადაც ბავშვების ჩართულობა უფრო მაღალი იქნებოდა, უშუალოდ მათ დაველაპარაკებოდით და გარკვეული ცოდნისა თუ უნარების მიღებაში დავეხმარებოდით. შედეგად, გვინდოდა შემეცნებითი, სახალისო ვიდეოები გაგვეკეთებინა, რაც გამოგვივიდა კიდეც და მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ფორმატის გადაცემები საქართველოში აქამდე არ მოიძებნებოდა. პერსონაჟი ფეპა სპეციალურად შევქმენით - ის ბავშვთან და მსახიობთან ერთად მონაწილეობს. თითოეული
გადაცემა კონკრეტული თემისა და უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ექსპერტებისა და სპეციალისტების მთელი ჯგუფი გვყავდა ჩართული და ერთად შევიმუშავეთ კონცეფცია. აღნიშნული მასალა საბავშვო ბაღებს, მშობლებს გავუზიარეთ და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც მთავარია, ბავშვისთვის ეს არ არის მოსაბეზრებელი, ჩართულია და ძალიან საჭირო რაღაცებს სწავლობს. მაგალითად, იგებს, როგორ უნდა დაიბანოს ხელები სწორად, ეცნობა კვებასთან, ძილთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს, რა თქმა უნდა, მისთვის გასაგები და მარტივი ენითაა გადმოცემული.

ვიდეოების გადაღებაზე რეჟისორმა ელენე თავაძემ იზრუნა. როგორც ის გვეუბნება, საკითხები შეიძლება საინტერესო იყოს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც:

- ვიდეოებით ბავშვები გარდა იმისა, რომ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ, ასევე ნახავენ, როგორ დაძლიონ გამოწვევები და დარწმუნდებიან, რომ თავადაც შეუძლიათ მსგავსი რაღაცების გაკეთება. მიხვდებიან, მაგალითად, იმისათვის, რომ დახატონ, არ არის აუცილებელი, იყვნენ მხატვრები. თოჯინის მეშვეობით შევძელით, რომ მარტივად გადმოგვეცა საკითხები. თოჯინა, სახელად ფეპა, არქიტექტორ ბიჭთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე სერიაში ბავშვიც იღებს მონაწილეობას. ხშირად წარმოიქმნება პრობლემა და გადაჭრის გზებიც ნაჩვენებია. პირველ რიგში, ყველაზე კარგი ისაა, რომ რესურსი ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ვეცადეთ, შეგვექმნა ბუნებრივი, ფერადი, მხიარული გარემო და მგონია, ეს ძალიან ბევრ ბავშვში დადებით ემოციას გამოიწვევს. ისწავლიან, რატომ უნდა უყვარდეთ მცენარეები, გაბედონ და სცადონ დახატვა, გათავისუფლდნენ იმ კლიშეებისგან, რაც საზოგადოებამ შექმნა და მიხვდნენ, რომ მაგალითად, ვარდისფერი მაინცდამაინც გოგოს ფერი არაა და ცისფერი - ბიჭის. ფიზიკა-ქიმიის საკითხებს განვიხილავთ, მაგალითად, რა ემართება წყალს, როდესაც ვეხებით, როგორ უნდა გადავჭრათ და-ძმის ჩხუბის საკითხი, როგორ ვისწავლოთ ლოდინი და მოთმინება. ვფიქრობ, ვიდეოები არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. თავადაც, როგორც მშობელმა, ბევრი კარგი რამ აღმოვაჩინე მუშაობის პროცესში.

ვიდეოების შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ნინო ალელიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეოებით ბავშვები მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით კი არ მიიღებენ ცოდნას, არამედ გამოიმუშავებენ ძალიან საჭირო სოციალურ და ემოციურ უნარებსაც:

- ვიდეოების მთავარი სამიზნე აუდიტორია ადრეული ასაკის ბავშვები არიან. დაგეგმვისას განვსაზღვრეთ, რომ საინტერესო ყოფილიყო როგორც 2 წლის პატარებისთვის, ასევე 5-6 წლის ბავშვებისთვის. ასევე გავითვალისწინეთ ბავშვების ჰოლისტური განვითარების საკითხები (ჰოლისტური განვითარება - მრავალმხრივი განვითარება, არა მხოლოდ შემეცნებითი კუთხით, არამედ სოციალური, ემოციური და სხვა კუთხითაც). ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მათთვის ეს ვიდეოები ყოფილიყო საინტერესო და სახალისო, რომელსაც სიამოვნებით უყურებდნენ და ამავდროულად, მიიღებდნენახალ ინფორმაციასა და უნარებს. დიდი გამოწვევა იყო ისიც, რომ მსგავსი ვიდეოები საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ შემეცნებითი სფეროს განმავითარებელი ვიდეოები. ბავშვები იძენენ სოციალურ უნარებს, მაგალითად, სწავლობენ, როგორ შეიძლება დაიცვან რიგი, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა ადგილებში, პირობითად, მუზეუმში და ასე შემდეგ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლისტურად ყველა მიმართულება თანაბრად იყოს განვითარებული: შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური, მეტყველების უნარები. სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ შემეცნებით უნარებზე კეთდება აქცენტი, მაგალითად ასწავლიან დათვლას, ფერების გარჩევას და ასე შემდეგ. ამ დროს, სასკოლო მზაობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური და ემოციური უნარები. ამ ვიდეობის საშუალებით კი ვიმედოვნებთ, რომ მსგავს სოციალურ-ემოციურ უნარებსაც შეიძენენ.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის "ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის" ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტით და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

თამარ იაკობაშვილი

ბეჭდვა