მშობლებს ხშირად აინტერესებთ, თუ რა უნარები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ მათ შვილებს სკოლაში შესვლის წინ. სკოლამდელი ასაკის სპეციალისტები გვიზიარებენ, რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს ბავშვს, ვიდრე სკოლაში წავა:
ჩვეულებრივ, 4-7 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია:
- კარგად დაიმახსოვროს 10 მარტივი სიტყვა და შეძლოს მათი ჩამოთვლა;
- ობიექტების დაჯგუფება-კლასიფიკაცია რაიმე ნიშნის მიხედვით;
- წელიწადის დროებისა და დღეების ცოდნა;
- საგნებს შორის მსგავსების და განსხვავებების პოვნა;
- ურთიერთობისას იმის აღქმა, რომ მას ესაუბრებიან;
- საგნების აღწერა;
- რამდენიმე ნაწილად დაჭრილი ნახატის აწყობა და ა.შ.
ყველა ეს უნარი ჰარმონიულად განვითარებული ბავშვის პორტრეტს აღწერს, რაც მას სკოლასთან ადაპტაციას გაუმარტივებს და მომავალში ინფორმაციის მიღება და აღქმა აღარ გაუჭირდება.
რა უნარებია საჭირო სკოლაში სწავლისთვის?
იმისათვის, რომ ბავშვმა წარმატებით დაძლიოს პროგრამა, სკოლამდელ ასაკში აუცილებელია ფლობდეს შემდეგ უნარებს:
რეფლექსია - საკუთარი თავისა და საქმიანობის შეფასების უნარი;
პროგნოზირება - საკუთარი ქმედებების შედეგების წარმოდგენის უნარი;
დროისა და სივრცის განსაზღვრის უნარი - ეს საშუალებას მისცემს ბავშვს, სწორად ადაპტირდეს გარემოში.
სპეციალისტების თქმით, აღნიშნული თვისებები ისეთი შემეცნებითი პროცესების დროს ყალიბდება, როგორიცაა მეხსიერება, აზროვნება და წარმოსახვა. ეს შემეცნებითი პროცესები წამყვან ადგილს იკავებს სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქიკის ფორმირებაში. ამიტომ, 4-დან 7 წლამდე ბავშვების მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ აღნიშნული შემეცნებითი პროცესების განვითარებას.
როგორ შევაფასოთ ბავშვის შესაძლებლობები?
სკოლამდელი ასაკის ბავშვის მეხსიერების, აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარების დონის დასადგენად, პროფესიონალი მასწავლებლების ან ფსიქოლოგების დახმარების გარეშე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას. საბავშვო
შემეცნებით-განმავითარებელი ჟურნალები, წიგნები, რომლებშიც მოცემული ილუსტრირებული დავალებები ხელს უწყობენ:
- მეხსიერების განვითარებას
- აზროვნების განვითარებას
- ფანტაზიის განვითარებას
თითოეული აქტივობის მოკლე აღწერა:
მეხსიერების განვითარება
მეხსიერების განვითარება მოწმდება შემდეგი აქტივობით: მშობელი ასახელებს გარკვეულ სიტყვებს და ბავშვმა ისინი უნდა დაიმახსოვროს. ამისათვის აირჩიეთ სახლში მშვიდი ადგილი, რომ თქვენი შვილის აზროვნების პროცესს არაფერმა შეუშალოს ხელი. აირჩიეთ მარტივი სიტყვები, რასაც ხშირად იყენებთ ბავშვებთან კომუნიკაციისას ან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, პური, სკამი, ფანჯარა და სხვა. შეარჩიეთ 10 თქვენთვის სასურველი სიტყვა და სთხოვეთ თქვენს შვილს, გაიმეოროს ისინი. დააკვირდით, რამდენად ახსოვს, ან რამდენი სიტყვა დაიმახსოვრა. გაიმეორეთ 5-6-ჯერ. ხოლო, ერთი საათის შემდეგ კი შეამოწმეთ, კიდევ რამდენი სიტყვა ახსოვს ბავშვს ისე, რომ არ შეახსენოთ. ეს მარტივი სავარჯიშო დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, რამდენად შეუძლია თქვენს შვილს, კარგად დაიმახსოვროს ინფორმაცია.
აზროვნების განვითარება
აზროვნების განვითარების დონის შესაფასებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ილუსტრაციები. მას შემდეგ, რაც ბავშვი შეხედავს სურათს და ყურადღებით შეისწავლის, მშობელი ეკითხება, რით განსხვავდება ერთი ფიგურა მეორისგან. ბავშვმა უნდა დაასახელოს ყველა განმასხვავებელი ნიშანი - ფერი, ფორმა და ზომა. თუ უჭირს, შესაძლოა დამატებითი შეკითხვებით მიიყვანოთ სწორ პასუხამდე. დავალება გაიმეორეთ ორჯერ და თუ კვლავ სირთულეს წააწყდება, მაშინ უფრო მეტი უნდა იმუშაოთ.
ფანტაზიის განვითარება
ფანტაზიის უნარის განვითარების პროცესში მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ სავარჯიშოსა თუ აქტივობას, რომელიც უკვე დაწყებულია და ბავშვმა უნდა დაამთავროს. ასეთ სავარჯიშოებს 4-7 წლის ბავშვები უფრო ადვილად აღიქვამენ, ვიდრე ზეპირად რაღაცების თქმას ან აღწერას.
მაგალითად, აქტივობისთვის ავირჩიოთ რაღაც მონახაზი, რომ ბავშვმა განავითაროს და დახატოს გაგრძელება. მან რამდენიმე, განსხვავებული ვერსია უნდა შექმნა. რაც უფრო მეტ ვარიანტს დახატავს, უკეთესად განვითარდება მისი ფანტაზია. თუ სირთულე გაჩნდება, პირველ ეტაპზე მშობელი უნდა დაეხმაროს და ერთად დახატონ სასურველი ნახატი.
ასევე, აღსანიშნავია, რომ უამრავი სავარჯიშო არსებობს სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების დონის დასადგენად, მაგრამ ისინი, როგორც დამხმარე საშუალება, ისე უნდა გამოვიყენოთ და არა დიაგნოსტირებისთვის. მსგავსი სავარჯიშოების შესრულების ხარისხზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და ესეც გასათვალისწინებელია.