საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს. შესაბამისად, წელს, 30 ივნისს, ხუთშაბათს საჯარო ბაღები მომდევნო სასწავლო წლამდე დაიხურება.
რაც შეეხება ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაციას, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, უახლოეს დღეებში თარიღისა და წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.
ზოგადად კი, თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, ტრადიციულად, ყოველი წლის ივნისში ტარდება. რეგისტრაციის ზუსტი თარიღი ცხადდება ორი-სამი კვირით ადრე. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე
www.kids.org.ge. გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით არის საზაფხულო ბაღები და როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საზაფხულო ბაღი არის სოციალური პროექტი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაღი მოქმედებს ივლისის განმავლობაში, ის არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი, შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა. წინა წელს პანდემიიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები არ გახსნილა. რაც შეეხება წლევანდელ წელს, როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, ამასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში გახდება ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი.
თამარ იაკობაშვილი