5 მნიშვნელოვანი რჩევა, რომ თქვენს შვილს საბავშვო ბაღთან შეგუება არ გაუჭირდეს
5 მნიშვნელოვანი რჩევა, რომ თქვენს შვილს საბავშვო ბაღთან შეგუება არ გაუჭირდეს
საბავშვო ბაღში პირველი დღეები, კვირები შეიძლება რთული პერიოდი იყოს როგორც ბავშვისთვის, ასევე თქვენთვის. მას თქვენთან დარჩენა უნდა, ეშინია, რომ არ დაბრუნდებით, ვერ ახერხებს ახალ ნაცნობებთან, ბავშვებთან ურთიერთობას. თქვენც ნერვიულობთ და მისი ტირილი გაშფოთებთ. ფსიქოლოგიაში ამ სრულიად ბუნებრივ მდგომარეობას სპეციალური ტერმინი – „განშორების შფოთვა“ ჰქვია.
თუ თქვენი შვილი საბავშვო ბაღში პირველად მიდის, მაშინ ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ, რომ ბავშვმა მარტივად შეძლოს ადაპტაცია და არც თქვენ გაგიჭირდეთ განშორება:

1. წინასწარ გააცანით ბაღი

უცნობი გარემო ბავშვს აშინებს, მაგრამ თუ წინასწარ მიიყვანთ შენობაში, აჩვენებთ გარემოს,
როგორ გამოიყურება, გააცნობთ მასწავლებელს, თავს
უკეთ იგრძნობს და როცა რეალურად დადგება მისვლის დრო, ნაკლებად ინერვიულებს. თუ შესაძლებლობა გაქვთ, საღამოობით ბაღის მიმართულებით გაასეირნეთ. განიხილეთ მარშრუტი, დაინახოს, როგორ თამაშობენ ბავშვები. ასევე, წადით ერთად საყიდლებზე, აარჩიეთ ტანსაცმელი, პატარა ჩანთა და შეუქმენით განწყობა, რომ მისთვის ეს პროცესი ნაკლებად სტრესული იყოს.

2. მოუყევით, რა მოხდება ბაღში

მაქსიმალურად დეტალურად უამბეთ, რას გააკეთებს ბაღში, რომ ექნება ყოველდღიური რუტინა, თამაშები, თანატოლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობა, შემეცნებითი გაკვეთილები, კვება და ასე შემდეგ. ასე ბავშვისთვის ის წესები, რაც საბავშვო ბაღში დახვდება, უცხო აღარ იქნება.
mshoblebi

3. დაამშვიდეთ საკუთარი თავიც

როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები განერვიულებულები არიან და შფოთავენ, ეს განცდა მათაც გადაედებათ. ამიტომ, ვიდრე თქვენს შვილს სტრესთან გამკლავებაში დაეხმარებით, საკუთარი თავის დამშვიდებაც არ დაგავიწყდეთ, რომ შიში ბავშვს არ გადაედოს.

4. ნუ დაემორჩილებით ბავშვის ტირილს

ბაღში პირველმა დღემ შესაძლოა, მეტ-ნაკლებად კარგად ჩაიაროს, მაგრამ შემდეგ დღეებში შეიძლება ბავშვმა გამოაცხადოს, რომ სიარული არ უნდა, დაიწყოს ტირილი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. მაგრამ, თუ თქვენ მის ცრემლებს ვერ გაუძლებთ და სახლში ერთი დღით მაინც დატოვებთ, იცოდეთ, რომ შემდგომში გაგრძელება კიდევ უფრო რთული იქნება. ისაუბრეთ თქვენს შვილთან, უთხარით, რომ მისი გრძნობების გესმით, იყავით მშვიდი და მტკიცე. ბავშვს თუ მოესურვება და ბაღიც თანახმა იქნება, გაატანეთ საყვარელი სათამაშოები, უთხარით, რომ თქვენს მისვლამდე, მისი საყვარელი დათვი ან სხვა სათამაშო მასთან ერთად იქნება. მერე ნელ-ნელა ბავშვებთან თამაშსაც ისწავლის და თქვენთან განშორება ასე აღარ გაუჭირდება.
mshoblebi

5. მიმართეთ სპეციალისტს, თუ ეს საჭიროა

ზოგიერთი ბავშვისთვის ეს ნერვიულობა შფოთვით აშლილობად გადაიქცევა ხოლმე. ამიტომაც, ჯობს ასეთ დროს ექიმს მიმართოთ. თუ თქვენს შვილს უარყოფითი ემოციისგან გულისრევა, ღებინება, მუცლისა და თავის ტკივილი ეწყება და სიცხე უწევს, ასევე, თუ უძილობა აწუხებს, ესიზმრება კოშმარები, ასეთ დროს სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია და ალბათ, საბავშვო ბაღის დატოვებაც მოგიწევთ. ხანდახან ძლიერი სტრესის გამო ბავშვს იმუნიტეტიც უქვეითდება და ხშირადაც ავადმყოფობს. ზოგიერთ ბავშვს სპეციალისტთან ვიზიტი, ფსიქოლოგის რჩევები შველის, მშვიდდება და ნელ-ნელა ბაღიც აღარ ასოცირდება სტრესთან. ზოგიერთი ბავშვი კი უბრალოდ ვერ ეგუება არა მხოლოდ მშობელთან განშორებას, არამედ ბაღის გარემოს. შეიძლება, ასეთ დროს სცადოთ მისი რომელიმე წრეზე, სტუდიაში ტარება, რომ თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს და თუნდაც არა დილიდან საღამომდე, არამედ გარკვეული საათები მაინც იყოს გარკვეულ სივრცეში მშობლის გარეშე, ისწავლოს დისციპლინა და მასწავლებლის მოსმენა. რადგან ბავშვს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს მშობლებთან განშორებაც, თანატოლებთან ურთიერთობაც და სასწავლო სივრცესთან შეგუება - სასკოლო ასაკში.


altმოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის: სპეციალისტები გვირჩევენ, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა


2438
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები