გთავაზობთ ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ რამდენიმე მარტივ მეთოდს თხრობისა და ორატორობის ნიჭით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. სამაგიეროდ, ბავშვის თვალსაწიერის გაფართოვება, აზრის გამართულად ჩამოყალიბების უნარის განვითარება თქვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული. კარგად თხრობა და აზრების გადმოცემა ბავშვს თავად უნდა ასწავლოთ.
ადამიანის მეტყველებაზე ბევრად არის დამოკიდებული მისი საზოგადოებრივი მდგომარეობა, მეტყველება ის მთავარი ხერხია, რითაც ადამიანი საზოგადოებაში თავს იმკვიდრებს, საკუთარ თავს იმიჯს უქმნის, სწორედ მეტყველებით გამოიხატება მისი განათლების დონე. რადგან ბავშვის პირველი თანამოსაუბრენი მშობლები არიან, სწორად მეტყველებაც მათ უნდა ასწავლონ. ცოტა მოზრდილ ბავშვს კი ხშირ-ხშირად უნდა გაუმეოროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის კარგად მეტყველების კულტურა.
გთავაზობთ ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომლებიც ბავშვს თხრობის და აზრის გადმოცემის უნარს განვითარებისთვის არის გამიზნული.
1. სთხოვეთ ბავშვს დახატოს რაიმე ამბავი
მაგალითად, იმის შესახებ, როგორ გაჩნდა მისი საყვარელი სათამაშო (როგორ იყიდეს, სახლში როგორ მოიტანეს და ა.შ.). ხატვის პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ ბავშვი აუცილებლად დაიწყებს მოყოლას, თუ რა ხატია ფურცელზე. მშობლებმა კი მას კითხვები უნდა დაუსვან.
2. გამოიყენეთ მაგნიტები, ბარათები და სტიკერები
მათზე ცნობილი პერსონაჟები ან ცხოველები უნდა იყვნენ გამოსახულნი. რომელიმე მიაკარით მაცივარს და მოიფიქრეთ მის შესახებ ამბავი. ბავშვთან ერთად მოიფიქრეთ ამ ცხოველის თავგადასავალი, ვინ შეხვდა გზაში (ჩართეთ ამბავში სხვა მაგნიტებიც), რა გადახდა. დაე ბავშვმა იფანტაზიოროს. გზადაგზა სიუჟეტის გამრავალფეროვნებაში შეეშველეთ, კითხვები დაუსვით.
3. საბავშვო წიგნები და ჟურნალები
ხშირად უკითხეთ ბავშვს საბავშვო წიგნები და ჟურნალები, თუმცა ბოლომდე არა - ყველაზე საინტერესო ადგილზე გაწყვიტეთ კითხვა. სთხოვეთ ბავშვს, თვითონ დაასრულოს ამბავი. ეს ვარჯიში ყველაზე კარგად ავითარებს წარმოსახვით აზროვნებას.
4. მოიგონეთ ბავშვთან ერთად ახალი წიგნის სიუჟეტი
აიღეთ ცარიელი რვეული და ბავშვს პერსონაჟები დაახატინეთ. პარალელურად მათ შესახებ რაღაც ამბები მოიფიქროს. ეს ადვილი არ არის და ეს წიგნი ერთ-ორ დღეში ვერ შეიქმნება. თავიდან უფროსებიც უნდა დაეხმაროთ, მთავარია, მიზანი ბავშვმა გააცნობიეროს და თავისი წვლილი მაქსიმალურად შეიტანოს.
ბევრი სავარჯიშო თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეასრულოთ - სეირნობისას ან მგზავრობისას. სპეციალისტები ამჩნევენ, რომ ყოველდღიური გონების ვარჯიში ლიგიკურ აზროვნებას, მეხსიერებას და შემოქმედებით უნარებსაც ავითარებს. როცა მშობელი აქტიურობს და ბავშვს გონებისა და ინტელექტის განვითარებისთვის სხვადასხვა მასალას აწვდის (სავარჯიშოები, წიგნები, საბავშვო ჟურნალები), ასეთ ბავშვებს ეს პრაქტიკა ყოველთვის ეტყობათ. თანატოლებზე უკეთ განვითარებულებიც არიან და სკოლაშიც კარგად სწავლობენ, რადგან უკეთ უღებენ ალღოს სასწავლო პროცესს.
იხილეთ ასევე:
მეტყველების დარღვევა რომ თავიდან ავიცილოთ - 15 სასარგებლო რჩევა მშობლებს ლოგოპედისგან
როგორ გავუმდიდროთ ბავშვს სიტყვათა მარაგი