ჩვენ უკვე ავსებული გვაქვს ყველანაირი ფიალა, ვიხრჩობით და ერთი წვეთიც რომ ემატება, სუნთქვა შეუძლებელი ხდება ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ წერილს ბევრი მშობელი გამოეხმაურა. მათ შორის იყო ქალბატონი თამუნა იარაჯული, პატარა გაბრიელის დედა, რომელიც შარშან ბაღში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ. ქალბატონ თამუნას ვესაუბრეთ მის დღევანდელ პრობლემებზე და იმაზე, თუ როგორ არის ახლა გაბრიელი.
- მინდა ის ფაქტი გაიხსენოთ, რომელიც თქვენს შვილს ბაღში შეემთხვა, როგორც ვიცი გაშუქდა კიდეც ეს...
- ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ პედაგოგსა და ძიძას არ სიამოვნებდათ აუტისტი ბავშვის, ჩემი შვილის ბაღში ყოფნა. ხდებოდა ბავშვის პირადი ინფორმაციის საქვეყნოდ გამოჭენება, ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ბავშვს აუტიზმი ჰქონდა, მის გამო ვერ ხდებოდა სხვა ბავშვების დროულად კვება, მეცადინეობა და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია რამდენიმე მშობლის აგრესია, დამიბარა ბაღის დირექტორმა და მითხრა, რომელიღაც მშობელს არ სურს შენი ავადმყოფი შვილის გვერდით გაიზარდოს მისი შვილიო. ვუპასუხე, რომ გადავიყვანდი, მაგრამ უარი მივიღე, მითხრეს, რომ მიხედავდნენ ამ საკითხს. ბავშვი ბაღში დამეტოვებინა 2 საათამდე, ძიძა და პედაგოგი კი საყვედურს მიიღებდნენ იმის გამო, რომ მშობლებამდე ინფორმაცია უხეშად მიდიოდა. ამ ამბიდან მეორე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა - ბავშვი დამხვდა ნაცემი.
- 2 საათამდე რატომ უნდა ყოფილიყო ბაღში, როცა ზოგადად ბაღი 5-6 საათამდეა?
- ალბათ იმიტომ, რომ სხვა მშობლებს არ ენახათ. უნდა მიმეყვანა 11 საათზე და 2-ზე წამომეყვანა, ეს გახლათ კერძო ბაღი "სადუნი", სადაც დამყავდა ორი შვილი და არ უნდოდათ ერთდროულად ორი ბავშვის და თანხის დაკარგვა. რასაკვირველია, მე დავიწყე სხვა ბაღის ძიება, სადაც ადამიანური პირობები იქნებოდა, შევშინდი ამ სიტუაციის მერე, დამცირებულიც ვიყავი, მეც და ჩემი შვილიც. სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ერთი კვირით ადრე მაისურშემოხეული დამხვდა ბავშვი, რომ ვიკითხე, რა მოხდა, რატომ აქვს მაისური შემოხეული-მეთქი, არ ვიცითო, ასეთი პასუხი მივიღე. შემდეგ ფსიქოლოგი მივიყვანეთ ბაღში, რათ შეეფასებინა სიტუაცია ობიექტურად, მას კი ასეთი სურათი დახვდა: ბავშვი ჭამდა და არ წმენდნენ, დარბოდა ოთახში, მოსდიოდა სისხლი, ეღვენთებოდა პირში და ყურადღებას არავინ აქცევდა. ფსიქოლოგმა გვითხრა, პირველად რომ დავინახე, მეგონა წვენი დალია ბავშვმა, მაგრამ რომ მივუახლოვდი, ვნახე, ტუჩთან ნახეთქი ჰქონდა, საფეთქელი ჩალურჯებული და ასევე აღენიშნებოდა ნაკაწრიო. ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოვიყვანეთ ბაღიდან და დავიწყეთ გამოძიება, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია. არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის ის, რომ მანქანა მოხვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ წვეტიანი, ბლაგვი საგნით ჰქონდა ბავშვს დაზიანებები მიყენებული, გაჩნდა ახალი ვერსია, თითქოს ფონეიდოსკოპით მიაყენეს დაზიანება. მე ბავშვი მყავდა ბაღში და არა ქუჩაში მიტოვებული, ბავშვსაც რომ მიეყენებინა დაზიანებები, ყურადღება არ უნდა მიექციათ ძიძას და მასწავლებლებს? ჩემი შვილი სახლშიც წაქცეულა, სახეც გაუკაწრავს, მაგრამ მთელ სახეზე, ყველა მხარეს დაზიანებები, სხვა რაღაცაზე მეტყველებს. ერთი მხარე რომ ჰქონოდა დაზიანებული, მართლა ვიფიქრებდი, რომ დაეცა, რაღაც ჩაარტყეს, ან ჩაირტყა, მაგრამ სხვადასხვა მხარეს და სხვადასხვა ადგილას ჰქონდა დაზიანებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მაშინ ხდება, როცა დირექტორი გეუბნება, მასწავლებელი და აღმზრდელი საყვედურს მიიღებენო, მეორე დღეს კი ბავშვს ასეთ მდგომარეობაში ხედავ, ეს ეჭვს არ ბადებს?
მინდა ყველა დაფიქრდეს იმაზე, რომ აგრესია შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოხატოს, ჩემი შვილი აუტისტია, მაგრამ არავინ უცემია, მაგრამ აუტისტი ბავშვი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს, რის შემდეგაც ბავშვს ჰქონდა სტრესული მდგომარეობა, დამატებითი ფსიქოლოგების აყვანა და მკურნალობა დამჭირდა. ასეთი ცემის შედეგად ნებისმიერი ბავშვი, არააუტისტიც კი შეიძლება ფსიქიკურად შეიშალოს.
ჩემი სატკივარი არის თქვენს საიტზე გამოქვეყნებული გუშინდელი წერილი, ვისაც ასეთი წერილის დაწერის იდეა მოუვა თავში, უმჯობესია, კვალიფიცირებულ პროფესიონალ ადამიანს გაესაუბროს და იკითხოს, თუ შეიძლება აუტისტმა ბავშვმა მოახდინოს ისეთი რაღაცები, რაც იქ იყო აღწერილი. უამრავი ფაქტი ფიქსირდება, როცა სრულიად ჯანმრთელი ბავშვები ერთმანეთს დაზიანებებს აყენებენ, ცოტა ხნის წინ ისიც კი გაჟღერდა, რომ სკოლის მოსწავლე გოგომ გოგო დაჭრა, თუმცა სულაც არ ყოფილა აუტისტი. უყურადღებობას სკოლაში, ბოდიშს მოვითხოვ და ცუდად აღზრდილ შვილებს და ა.შ. ყველაფერს აუტიზმს ნუ მივაწერთ, მეტი სიყვარული ჩავუნერგოთ შვილებს. "რა დააშავა ჩემმა ჯანმრთელმა შვილმა" - ასეთ რაღაცას წერს წერილის ავტორი, არავის არაფერი დაუშავებია. არც ერთი აუტისტი ბავშვი არ ზის გაკვეთილზე სპეცპედაგოგის ან მშობლის გარეშე, არ არსებობს. ბაღზე არაფერს ვამბობ, მაგრამ სკოლებში ძირითად შემთხვევებში ეს ბავშვები მარტონი არ არიან. რამდენი მანიაკი დადის ქუჩაში, რომელსაც დიაგნოზი არ აქვს დასმული და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, აუტიზმზე ასე ხაზგასმა არ შეიძლება. ისედაც დიდი განუკითხაობაა ჩვენი ხალხის მიმართ, მხარდაჭერა არავისგან გვაქვს, გამომძიებლისგან ვერ მივიღე პასუხი, პროკურორს ვერ დაველაპარაკე მაშინ, როცა ჩემი შვილის პირადი ინფორმაცია სახალხოდ იშიფრებოდა, ეს კანონით აკრძალულია, ახლა ეს წერილი, კიდევ ვიღაც მოინდომებს მსგავსი რაღაცის დაწერას და ამ ყველაფრით ხალხი პანიკაში ვარდება. მგონი ამ ყველაფერს ჯობია, გავუფრთხილდეთ სხვის შვილსაც და საკუთარსაც. ამ მშობელმა ძალიან სასიმოავნოდ დაიწყო წერილის წერა, მართლაც საჭიროა სპეციალური პედაგოგები დაინიშნონ სკოლებში, ეს აუცილებელია და ამას ჩვენვე ვითხოვთ, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი შვილები საშიშები არიან? იმიტომ რომ განვითარებაში დაემხარონ. ჩემს შვილს ახლა ბაღში ჰყავს სპეცპედაგოგი, იმიტომ კი არა, რომ საშიშია, მიზანი ისაა, რომ დაეწიოს თავისი ასაკის ბავშვებს.
არ გეგონოთ მე ახლა, გაბრიელის შემდეგ ვაზროვნებ ასე, მანამდეც ასეთი ვიყავი, 17 წლის ბიჭი მყავს და ისიც ასეთი გავზარდე. მიყვარს ყველა ერთ დონეზე, არ შეიძლება ამხელა აგრესიის და ზიზღის გამოხატვა. წერილში მომეწონა ის, რომ რომელიღაც არააუტისტი ბავშვის მშობელს მოუნდა ჩვენზე დაფიქრება და წერა დაიწყო, მაგრამ ეს უნდა მიეწერა განათლების სამინისტროსთვის და აუცილებლად რაღაც ზომებს მიიღებდნენ, მაგრამ ფაქტების მოყვანა ზედმეტი იყო, მეც შემიძლია უამრავი ფატის მოყვანა, როცა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი დაზიანებებს აყენებს მეორეს.
- მე როგორც მივხვდი, თქვენი გაღიზიანება გამოიწვია აუტიზმზე ხაზგასმამ და არა სპეცმასწავლებლის არსებობამ კლასებში, ხომ?
- რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰყავდეთ სპეცმასწავლებელი, ისევ მათი განვითარებისათვის და არა იმისთვის, რომ ისინი საშიშები არიან. მე მადლობას ვუხდი იმ ადამიანს ამის გაჟღერებისთვის, მაგრამ წერილი ზიზღით დაამთავრა, მაშინ როცა სხვა თემით დაიწყო წერა. მე სამივე აუტისტი შვილი კი არ მყავს, ყველაზე ვფიქრობ, ყველა უნდა იყოს ხელშეუხებელი, არც აუტისტს აქვს უფლება ვინმეს დაარტყას და არც – პირიქით. მარტო აუტიზმზე წერო, არაა სწორი, მაშინ დაწერე მთლიანად ვითარებაზე, რაც ხდება სკოლებში.
- დღესდღოებით თქვენი შვილი რომელ ბაღში დადის?
- ახლა დადის საჯარო ბაღში და აქვს საუკეთესო შედეგები, რომელ აგრესიაზეა საუბარი, სპეცპედაგოგი მეუბნებოდა, ბავშვს რაღაცას რომ სტაცებენ ხელიდან, წინააღმდეგობას არ უწევსო. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგ ხელში მოხვდა, ჯგუფურ მეცადინეობებშია ჩართული, რაც აუცილებელია ასეთი ბავშვებისთვის, მეტყველება მოუწესრიგდა, ჩვევები გამოუსწროდა, ბავშვებთან უკეთესად კონტაქტობს, არავის არაფერს არ უშავებს და თვითონ რა დააშავა, მარტო ის, რომ ასეთი დიაგნოზი აქვს? იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილი სცემა დიაგნოზი არ აქვს, მაგრამ ხომ გააკეთა ეს?
- ზოგადად, როგორია საზოგადოების დამოკიდებულბა აუტიზმთან და აუტისტებთან, ამაღლდა ცნობიერება?
- კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო რაიმე ღონისძიებას გაატარებს თუნდაც ცნობიერების ამაღლებისთვის, გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ისეთი რეგულაცია, რომელიც დასჯის თუნდაც ასეთი წერილის ავტორს, შიში რომ ჰქონოდათ, ასე არ მოხდებოდა. შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილოა ეს წერილი, მაგრამ მისი გამოქვეყნების შემდეგ ჩვენმა ოჯახებმა ძალიან განიცადეს, ჩვენ უკვე ავსებული გვაქვს ყველანაირი ფიალა, ვიხრჩობით და ერთი წვეთიც რომ ემატება, სუნთქვა შეუძლებელი ხდება, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი იყო ძალადობის მსხვერპლი და პირდაპირ მითხრეს ეს ზიზღით, რომ ჩემი შვილის აუტიზმი იყო პრობლემა. ერთ-ერთ საინფორმაციოში ასეთმა რაღაცამაც გაიჟღერა, ძიძა ამბობდა, ასეთი გიჟი და არანორმალური თუ იყო ბავშვი, არ ვიცოდით, თორემ არ მივიღებდითო, ეგონა კამერა გამორთული იყო და იმიტომ თქვა ეს ყველაფერი. მსგავს სიტუაციებში ხშირად ვხვდებით და თქვენგან, ჟურნალისტებისგან იმიტომ ვითხოვთ უფრო მეტს, რომ თქვენ შეგიძლიათ სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს. განათლების სამინისტრომ კი აუცილებლად უნდა მიიღოს სიმკაცრის ზომები, აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა ბავშვი, აუტისტებს დაუნიშნონ სპეცპედაგოგები, მით უმეტეს თუ ბავშვს აქვს აგრესია, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჰყავდეს სპეციალური პედაგოგი, თუმცა შეიძლება, ბავშვი სულაც არ იყოს საშიში, მაგრამ გაკვეთილის მსვლელობისას არ დაჯდეს სკამზე, მთელი გაკვეთილი აქეთ-იქეთ იაროს, რაც ახასიათებთ აუტისტ ბავშვებს, და გაკვეთილი არ ჩატარდეს სათანადოდ. ასეთ შემთხვევაში მე კი არ უნდა გავილანძღო, სამინისტროსგან უნდა მოითხოვონ ზომების მიღება სპეცმასწავლებლის თაობაზე. არიან მშობლები, რომლებსაც საჭმლის, პამპერსის ფული არ აქვთ, მე მინახავს ისეთი ბავშვები, რომელსაც "სკოჩით" უმაგრებდნენ პამპერს, გახდისას კი კანი ეწიწკნებოდა, ისინი სპეცპედაგოგს საიდან აიყვანენ? ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ასეთი წერილებით ჩვენ გული არ უნდა გვატკინონ და არ უნდა გაგვრიყონ. განთლების სამინისტროს ეს პრობლემები რომ მოგვარებული ჰქონდეს, ჩვენ ასეთ წერილს არ მივიღებდით.
ესაუბრა ციცი ომანიძე