თუ ბავშვი ასოების შესწავლით დაინტერესდა, ყველა ასო კონტექსტში, ანუ სიტყვაში აჩვენეთ 1. თუ ბავშვი ასოების შესწავლით დაინტერესდა, ყველა ასო კონტექსტში, ანუ სიტყვაში აჩვენეთ. ცალ-ცალკე ასოების წარმოთქმას მოერიდეთ. ყოველთვის სხვა ასოების გვერდით ამოიკითხეთ.
2. თუ ბავშვი უკვე 4-5 წლისაა და ასოებით არ ინტერესდება, ნუ დააძალებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი ჯერ სწავლის პროცესისთვის მზად არაა. დღემდე თამაშის გარდა არაფერი უკეთებია, ამიტომ მისგან სიბეჯითეს ნუ ელით. მეცადინეობა 5 წუთზე მეტ ხანს არ გააგრძელოთ.
3. 4-5 წლის ასაკში ბავშვისთვის ყველაზე გამართლებულია მარცვლებით კითხვა. უკეთესია ბავშვმა ვიზუალურად დაიმახსოვროს სიტყვათა ჯგუფი, დასრულებული სიტყვები კი მოგვიანებით შეადგინოს (მაგალითად, ისწავლოს ამ, მა, სი, სა, ვიდრე მ, ს, ა, ი და ა. შ)
4. თუ ბავშვმა ასოები მაინც ცალ-ცალკე ისწავლა, აუცილებლად გადაიყვანე მარცვლებით კითხვაზე. საამისოდ დიდი მოთმინება დაგჭირდებათ. სანამ ბავშვი მიხვდება, რომ მ და ა არის მა, დიდი დრო გავა. ამიტომ ასოები წაუმღერეთ, რომ მათ შორის წყვეტა არ იყოს. ან უთხარით, რომ ასოები საფეხურებია და ასოდან ასოზე ისე უნდა გადავიდეს, ძირს არ ჩავარდეს. ამ მეთოდებით ასოების მარცვლებად შეერთებას ისწავლის.
5. ნუ იჩქარებთ ერთბაშად ბევრი მარცვლის წაკითხვას. 2-6 მარცვალი საკმარისია. სანამ მათ კარგად არ გაიაზრებს, სხვებს ნუ დაუმატებთ. თუ ასოების ცალ-ცალკე სწავლას დაიწყებთ, ა, უ და ო-თი დაიწყეთ. მარცვლებიც ამ ასოებით შეადგინეთ.
6. თუ ბავშვმა უკვე შეითვისა მარცვლებად კითხვის ტექნიკა, შეამოწმეთ, რამდენად ესმის მას წაკითხული. მაგალითად წაიკითხა თი-თი, იცის რა სიტყვა გამოვიდა? იმუშავეთ მხოლოდ სიტყვის გააზრებაზე და არა წინადადების. ბავშვმა შეიძლება ტექნიკურად ამოიკითხოს მთელი ფრაზა, მაგრამ წინადადების აღქმა და გაგება ჯერ საკმაოდ ადრეა.
7. მეცადინეობებს სისტემატური სახე მიეცით და არ გააცდინოთ ისინი. სკოლაში წასვლამდე ბავშვს სიბეჯითე უნდა გამოუმუშავდეს. იმეცადინეთ ყოველდღე 10-15 წუთით. უფრო დიდი ხნით გაგრძელებამ შეიძლება დაღალოს და კითხვის ხალისიც გაუქროს.
8. არ გადატვირთოთ ბავშვი. თუ მეცადინეობაზე უარი თქვა, წინაააღმდეგობა არ გაუწიოთ. ეცადეთ, რაიმე შუალედურ ვარიანტს მიაგნოთ, რომ არც მეცადინეობა ჩაიშალოს და არც ბავშვი გაღიზიანდეს.
9. არ დაგავიწყდეთ შექება. ისე შეაქეთ, როგორ ქებასაც თავად ისურვებდით. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ყველაფერი კარგად გააკეთა, რომ დედა კმაყოფილია. პატარამ დიდი ინტელექტუალური შრომა გასწია და ქებას ნამდვილად იმსახურებს.
10. არ ცვალოთ შრიფტები, ბავშვი რომ ერთ შრიფტს შეეჩვევა, მას მეორეს აღქმა უჭირს.