რამდენიმე უნივერსალური პრინციპი დაგეხმარებათ, რომ ბავშვის აზროვნება განავითაროთ ნერვიულობთ, რომ თქვესნ შვილს ჯერ ინტელექტუალური "სიმაღლეებისთვის" არ მიუღწევია? რამდენიმე უნივერსალური პრინციპი დაგეხმარებათ, რომ ბავშვის აზროვნება განავითაროთ.
მიაღწევს თუ არა ბავშვი აინშტაინის ან მოცარტის დონემდე, მხოლოდ გენეტიკასა და აღმზრდელობით გარემოზე როდია დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს მათ მიმართ უფროსების დამოკიდებულებასაც. ამერიკელი პედიატრები დარწმუნებულნი არიან - ყურადღება და მზრუნველობა ბავშვის ინტელექტის განვითარებისთვის პრონციპულად მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
ესაუბრეთ ბავშვს
ბავშვის ვერბალურ IQ-სა და იმ სიტყვების რაოდენობას შორის, რომელიც წლამდე ჩაესმის, კავშირი ნამდვილად არსებობს. რაც უფრო ხშირად ესაუბრებით, მით უფრო მდიდარი იქნება მისი სიტყვების მარაგი.
ხმამაღლა უკითხეთ წიგნები
წიგნების წყალობით ბავშვი კითხვისა და წერის საფუძვლებს ეცნობა, სწავლობს ახალ საგნებს - წიგნების გარეშე სწავლება, განათლება და შემოქმედება არ არსებობს. გარდა ამისა, კითხვა შეანიშნავი საშუალებაა ბავშვთან საურთიერთოდ. ერთხელ წაკითხვის შემდეგ წიგნს აუცილებლად დაუბრუნდით - გამეორება ბავშვის მეხსიერების უნარს ავითარებს.
გამოიყენეთ ჟესტების ენა
ინტელექტისა და მეტყველების განვითარებაზე ჟესტების ენა დადებით გავლენას ახდენს. ჟესტებით ბავშვს ადვილად აუხსნით ახალ ცნებებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ბავშვებს, რომლებიც წლამდე ასაკში 20-მდე ჟესტს ფლობენ (დამშვიდობების ნიშნად ხელის დაქნევის მსგავსი), ინტელექტის უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს.
კვებეთ ძუძუთი
ბუნებრივ კვებაზე გაზრდილი ბავშვები ინტელექტუალურ ტესტებში უკეთეს შედეგებს აფიქსირებენ. რაც უფრო დიდხანს იღებს დედის რძეს, მით მაღალია მისი ინტელექტის კოეფიციენტი. თუ ბავშვს ხელოვნური ნარევით კვებავთ, რკინით გამდიდრებული ვარიანტი შეარჩიეთ, რადგან ამ ელემენტის ნაკლებობის მქონე ბავშვები ტესტებში უფრო დაბალ შედეგებს იღებენ.
აცადეთ ბავშვს მარტო დარჩენა
თუ მუდმივად წიგნებისა და სათამაშოების გარემოცვაში გეყოლებათ, ბავშვის ნერვული სისტემა შეიძლება გადაიტვირთოს. ინფორმაციის გადაჭარბება მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს. დღის განმავლობაში გარკვეულ პერიოდს სურვილისამებრ უნდა იყენებდეს - ამ დროს ის უნდა აკეთოს, რაც თავად სურს: იყვიროს, ირბინოს, სათამაშოები ისროლოს...
აღზრდის პერიოდში, როცა მის ინტელექტუალურ განვითარებაზე ბევრ ძალისხმევას ხარჯავთ, ნუ დაივიწყებთ იმ უბრალო ინსტრუმენტს, რასაც ალერსი ჰქვია. ხშირად მოეფერეთ ბავშვს, თვალებში ჩახედეთ. ბავშვები ლაპარაკს მაშინ იწყებენ, როცა უფროსებისთვის რაღაცის თქმა სურთ. ეცადეთ, ყოველთვის ჰქონდეს თქვენთვის რაიმეს გაზიარების სურვილი.