ახლა იმას იკვლევენ, რამდენად დიდხანს გრძელდება მულტფილმისგან მიღებული "გამოშტერების" ეფექტი ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი თანამედროვე მულტფილმი ბავშვის გონებას "აჩლუნგებს", უფრო სწორად, მათი გონების კონცენტრირების უნარს ასუსტებს. ასეთ მულტფილმად მიიჩნიეს "სპანჯ ბობი კვადრატულშარვლიანიც".
ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლევა 4 წლამდე ასაკის 60 ბავშვზე დაკვირვების შედეგად აწარმოეს. ბავშვები 4 ჯგუფად დაყვეს. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში: ერთი ჯგუფი 9 წუთის განმავლობაში უყურებდა სპანჯ ბობს, მეორე - ჩვეულებრივ შემეცნებით მულტფილმს, მესამე ჯგუფი კი უბრალოდ, ხატავდა.
შემდეგ მათ ერთგვარი ამოცანა მისცეს გადასაჭრელად, რომლის დროსაც მათი ყურადღებისა და კონცენტრირების უნარი უნდა შეემოწმებინათ. ბავშვებმა, რომლებიც სპანჯ ბობს უყურებდნენ, სხვა ჯგუფის ბავშვებთან შედარებით, ძალიან დაბალი მაჩვენებლები დაიმსახურეს.
ეს მონაცემები საკმარისი აღმოჩნდა, რათა მეცნიერებს მშობლებისთვის რეკომენდაცია მიეცათ, რომ ბავშვებისთვის მდორე სიუჟეტის მქონე მულტფილმები შეარჩიონ.
ახლა მეცნიერები იმას იკვლევენ, რამდენად დიდხანს გრძელდება მულტფილმისგან მიღებული "გამოშტერების" ეფექტი. აშშ-ის პედიატრთა ასოციაცია მშობლებს ურჩევს, მაქსიმალურად მოარიდონ ორ წლამდე ბავშვები ზედმეტად კაშკაშა და დინამიკურ მულტფილმებს. 2 წლიდან შემეცნებით პროგრამებს მიანიჭონ უპირატესობა, თუმცა ტელევიზორის წინ გატარებულმა დრომ დღეში 2 საათს არ უნდა გადააჭარბოს.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ისიც დაასკვნეს, რომ სპანჯ ბობი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და არამცდაარამც სკოლამდელთათვის.