საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის კომპეტენტური პირისგან დადგა ზაფხული და გაჩნდა ინტერესი, როდის მთავრდება სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში და ასევე როდიდან დაიწყება რეგისტრაცია აღსაზრდელების მისაღებად სკოლამდელ დაწესებულებაში. ამ საკითხების გასარკვევად, ბაღების მართვის სააგენტოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს თამარ კვირტიას დავუკავშირდით:
- თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში ელექტრონულ მისამართზე www.kids.org.ge.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვის რეგისტრაციის წესს, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან:
1. 100000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი);
2. სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
3. სპეციალური საგანმანათლებლო (ინკლუზია) საჭიროების მქონე ბავშვები;
4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.
ხოლო მეორე ეტაპზე - სხვა დანარჩენი ბავშვები.
დღესვე, ქალაქ თბილისის მთავრობის განკარგულებით საჯარო ბაგა-ბაღში სასწავლო სააღმზრდელო წლის დასრულების თარიღად 30 ივნისი გამოცხადდა.
25-მდე საბავშვო ბაღში კი საზაფხულო პროცესი ივლისის თვეშიც გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ. ბაღების ჩამონათვალი უახლოეს დღეებში ბაღების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ციცი ომანიძე