"შესაძლოა საიტს გადატვირთვის გამო უჭირდა მუშაობა, თორემ ტექნიკურ გაუმართაობას არ ჰქონია ადგილი" ივლისის თვე საკმაოდ დაძაბული იყო მათთვის, ვისაც შვილის ბაღში შეყვანა უნდოდა. მშობლები გაფაციციებით ელოდნენ რეგისტრაციის დღეს და მთელი მონდომებით ცდილობდნენ შვილების დარეგისტრირებას. მაგრამ, ტექნიკური პრობლემებისა და უფრო მეტად, ვაკანსიების სიმცრის გამო, ბევრი ბავშვი დარჩა წელს ბაღის გარეშე, რამაც რასაკვირველია, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ თემურ თორდინავას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- იქ, სადაც ადგილების პრობლემა არ იყო, მოხერხდა ბავშვების დარეგისტრირება, მაგრამ ბევრჯერ ვთქვი და ახლაც განვმეორდები, რომ წინა წლებში დაიხურა 50-მადე ბაგა-ბაღი, ეს მოცემულობა კი დღემდე გვიქმნის პრობლემებს ადგილების უკმარისობის სახით. მაგრამ, 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე მოვახერხეთ დამატებით 60-ზე მეტი ჯგუფის გახსნა, რამაც საშუალება მოგვცა, 3500-ზე მეტი აღსაზრდელი მიგვეღო. აღნიშნული მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ისეთ ბაღებში, სადაც ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას, დაემატოს და გაიხსნას ახალი ჯგუფები, კეთდება ეს. ამავდროულად ვაშენებთ ახალ ბაღებს, 4 ახალი ბაღი შევა ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის, გარდა ამისა, დახურული ბაღების რემონტს ვახორციელებთ და ეტაპობრივად ამ პრობლემებს გადავჭრით.
- საბავშვო ბაღების სიმწირეს რომ განვიცდით, ეს არახალია..მაგრამ, არსებობს მოსაზრება, ბაღებში ადგილების ასეთი სიმცირე გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სკოლაში ვერ შევიდნენ ე.წ. 5-წლიანი ბავშვები, რომლებმაც ძალაუნებურად კიდევ ერთი წელი უნდა იარონ ბაღში. არის თუ არა ასე?
- კიდევ ერთხელ გეტყვით, ზუსტად იმიტომ, რომ ე.წ. 5-წლიანი ბავშვები დარჩნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, ჩვენ ვიზრუნეთ დამატებითი ჯგუფების გახსნაზე, რამაც გარკვეულწილად განგვიტვირთა სიტუაცია და მეტ აღსაზრდელს მისცა საშუალება, საბავშვო ბაგა-ბაღებში დარეგისტრირებულიყვნენ. მე ძალიან კარგად მესმის მშობლების და მათ მინდა ვუთხრა, რომ ადგილების სიმცირის პრობლემებს ეტაპობრივად გადავჭრით, მაგრამ მიმდინარე წელს ყველა აღსაზრდელის მუნიციპალური საბავშვო ბაღებით დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ.
- ამასთანავე ისმოდა უკმაყოფილება სარეგისტრაციო საიტთან დაკავშირებითაც. იყო პრობლემები, მშობლები ჩიოდნენ, რომ ვერ შედიოდნენ საიტზე, როცა შესვლის საშულება ეძლეოდათ, ვაკანსიები უკვე აღარ ხვდებოდათ და ა.შ.
- წინა წლებში ტექნიკური ხარვეზი ნამდვილად იყო და ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით იმისათვის, რომ ეს გამოსწორებულიყო. საიტი სარეგისტრაციო დღეებში არ გათიშულა და ამით პრობლემა არ შეუქმნია მშობლებისთვის, უბრალოდ ერთდროულად ძალიან ბევრი მომხმარებელი ცდილობდა დარეგისტრირებას, შესაბამისად შესაძლოა გადატვირთვის გამო უჭირდა მუშაობა, თორემ აქ ტექნიკურ გაუმართაობას არ ჰქონია ადგილი.
- იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი აღსაზრდელი დარჩა დაუკმაყოფილებელი საბავშვო ბაღით, ხომ არ აპირებთ ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის კიდევ გაზრდას? ეს საკითხი ისედაც პრობლემური გახლდათ, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ხომ არ გეგმავთ ამ თვალსაზრისით ცვლილებებს?
- მესმის, რომ ჯგუფები გადატვირთული იყო და წელსაც მოსალოდენლია ეს, მაგრამ მიიღებენ იმდენ ბავშვს, რამდენისთვისაც საკმარისი იქნება ინფრასტრუქტურა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეტაპობრივად და თანმიმდევრობით განვტვირთოთ ჯგუფები, მაგრამ ის, რომ რამდენიმე თვეში ეს პრობლემა ამოგვარდება და წლების განმავლობაში დახურული 50 ბაღის საკითხი 5-6-7 თვეში გადაწყდება, არარეალურია და ასე ნამდვილად ვერ იქნება.
ციცი ომანიძე