განათლებასკოლამდელი აღზრდა
საჭიროა თუ არა წელიწადში ოთხჯერ ზეიმის ჩატარება ბაღში
საჭიროა თუ არა წელიწადში ოთხჯერ ზეიმის ჩატარება ბაღში
მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღებში წელიწადში ოთხჯერ იმართება ზეიმები. ზოგ მშობელს ეს პრობლემას არ უქმნის, ზოგისთვის კი შემაწუხებელია. რამდენიმე შეწუხებულმა მშობელმა ისიც კი მოგვწერა, რომ ზეიმისთვის მზადების გამო ბავშვებს სხვადასხვა სახის სასწავლო აქტივობები უცდებათ და ამის ფონზე სულაც არ აქვთ სურვილი, ჩატარდეს ზეიმი. აი, ნაწყვეტი ერთი მშობლის წერილიდან:

"მართალი გითხრათ, არ ვარ წინააღმდეგი ამ ზეიმების, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე გარკვეული თანხის გაღება მიწევს ამისთვის - ფორმები, ატრიბუტები, ფოტოები, ვიდეო... საერთო ჯამში
20-დან 40 ლარამდე ჯდება თითოეული ზეიმი. მაგრამ ამაზეც ისე არ ვღელავ, რამდენადაც იმაზე, რომ პრაქტიკულად, მთელი წელი ემზადებიან ხან ერთი და ხან მეორე ზეიმისთვის. ამის გამო იმას ვეღარ აკეთებენ, რაც ჩემთვის მაგალითად, უფრო მნიშვნელოვანია - ანუ ჩვეულებრივი აქტივობები, ახალი რამეების სწავლა, ხატვა და ა.შ. ძირითადი აქცენტი სულ ამ ზეიმის დაგეგმვაზე, ზეიმის ელქსების სწავლაზეა და ა.შ. და ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ დიდი გემოვნებითა და დახვეწილობით გამოირჩევა ეს ზეიმები. ყველა ერთმანეთს ჰგავს..."

იმის გასარკვევად, თუ რამდენად აუცილებელია ზეიმების ასე ხშირად გამართვა და ვინ აწესებს მათი ჩატარების წლიურ განრიგს, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავას მოადგილე ნინო ბურძენიძეს დავუკავშირდით.

- მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღებში წელიწადში ოთხჯერ
იმართება ზეიმები.. ზოგ მშობელს ეს პრობელმას არ უქმნის, ზოგისთვის კი შემაწუხებელია. ამიტომ გვაინტერესებს, რამდენად სავალდებულოა ზეიმი წელიწადში ოთხჯერ?
- ზეიმი არის ღია, საჩვენებელი აქტივობა, სადაც ბავშვს საკუთარი ცოდნის, გონებრივი განვითარების, ტალანტის წარმოჩენის საშუალება ეძლევა. წელიწადში ოთხჯერ ზეიმის გამართვა, როგორც ასეთი, განსაზღვრული არ არის და კონკრეტული ბაგა-ბაღის კოლექტივის გადასაწყვეტია. როგორც წესი, ზეიმი მაშინ ტარდება, როცა პედაგოგი ჩათვლის, რომ ჯგუფი მზადაა საჩვენებელი ზეიმის გასამართად. დასწრება თავისუფალია და არავინ უშლის მშობელს, თვალყური ადევნოს, მაგრამ უმეტესწილად აღმზრდელები ხალხმრავლობას ერიდებიან და ცდილობენ, მშვიდ გარემოში, მხოლოდ მშობლებისა და ბაღის კოლექტივის თანდასწრებით წარიმართოს საბავშვო გასართობი ზეიმი, რათა ბავშვებმა თავისუფლად წარმოაჩინონ ცოდნა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ღია გაკვეთილები სხვადასხვა თემატიკაზე ხშირად ტარდება ჩვენს საბავშვო ბაღებში და ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული, პირიქით, ასეთი აქტივობა ძალიან საინტერესოა ხოლმე, რადგან ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის, შედეგად აღსაზრდელი უფრო სოციალიზებული ხდება, თავისუფლდება გარკვეული ტიპის კომპლექსებისგანაც და მეტად მოტივირებული ხდება.
ციცი ომანიძე
ბეჭდვა