"მათ აქვთ შიში იმისა, რომ მშობლებმა არ მიატოვონ" - რას გვირჩევს პედიატრი, როგორ შევაგუოთ პატარა ბაღს
რომელი წლიდან არის ბავშვი მზად იმისთვის, რომ იაროს ბაღში? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბავშვი პირველად მიგვყავს საბავშვო ბაღში? რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება მშობელმა? რა უნდა იცოდეს მან ბაღში არსებული სანიტარული ნორმების შესახებ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვი ხშირად არ დაავადდეს - ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ხატია შუკაკიძე გვიპასუხებს:- რომელი წლიდან არის ბავშვი მზად იმისთვის, რომ იაროს ბაღში?
- საბავშვო ბაღში წასვლა ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომაა ბავშვის ცხოვრებაში. საბავშვო ბაღი სახლისგან სრულიად განსხვავებული, ახალი გარემოა და მნიშვნელოვან ადაპტაციას მოითხოვს: ბევრი ახალი სახე, ახალი წესები, რუტინა და მოთხოვნები - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბავშვების ცხოვრებაში, ამიტომ ბავშვის მზადყოფნის საკითხი საბავშვო ბაღში წასასვლელად ინდივიდუალურად უნდა განიხილოს მშობლებისა და სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის მიერ. საზოგადოდ საბავშო ბაღში შესვლის ასაკად მიჩნეულია 2-5 წელი, ამ ასაკობრივ ჯგუფს ქცევის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების საკმაოდ ფართო დიაპაზონი ახასიათებს, ამიტომ საბავშვო ბაღში აღზრდისა და სწავლების მთელი პროცესი აგებულია აღსაზრდელთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. დღის რეჟიმი ისეა აგებული, რომ ბავშვისთვის მოსახერხებელი იყოს, არ შებოჭოს მისი თავისუფლება. ფსიქოლოგების ნაწილი გვირჩევს, ბავშვის ბაღში შეყვანა 3 წლის ასაკიდან მოხდეს, ამ დროს ისინი მეტად დამოუკიდებლები, სოციალურად განვითარებულები არიან. საბავშვო ბაღებში მოცემული ჯგუფობრივი სისტემა, სადაც ბავშები დაკომპლექტებულები არიან ასაკის მიხედვით, მოიცავს კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის შესაფერის სასწავლო პროგრამას და მოთხოვნებს.
3-5 წელი ბავშვებისთვის გარკვეულწილად მიჩნეულია კრიტიკულ პერიოდად, ამ პერიოდში ისინი იწყებენ გააზრებას, რომ არიან საზოგადოების წევრები და გააჩნიათ გარკვეული უფლებები, ცდილობენ საკუთარი წესების დაწესებას, იწყებენ ხასიათის ჩამოყალიბებას. სამი წლიდან ბავშვი უფროსებთან იწყებს ჭირვეულობას, აპროტესტებს ბევრ რამეს და გამოხატავს აგრესიას, თანატოლი, რომელიც იმავე ასაკისაა, მას არაფერს უთმობს. სწორედ ამ კამათსა და "ბრძოლაში" იწყებენ ისინი დათმობას და უყალიბდებათ ნებისყოფა. ამგვარად ამ კრიტიკული პერიოდის გავლა უმჯობესია მოხდეს საბავშვო ბაღში თანატოლების გარემოცვაში ან თანატოლების დახმარებით. სასწავლო პროგრამა უნდა იქნეს შერჩეული იმის მიხედვით, თუ როგორია ბავშვის მზადყოფნა ცხოვრების ამ ახალი ეტაპისადმი.
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბავშვი პირველად მიგვყავს საბავშვო ბაღში?
- საბავშვო ბაღში წასვლამდე ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ მათ აქვთ შიში იმისა, რომ მშობლებმა არ მიატოვონ. თუკი ბავშვს უჭირს ან პრაქტიკულად არ გააჩნია თქვენთან განშორების გამოცდილება, ეცადეთ ბაღში წაყვანამდე დაიწყოთ მისი მომზადება - ჩვეულებრივზე მეტ ხანს დატოვეთ ბებია-ბაბუასთან, ძიძასთან ან სხვა ახლობელ ადამიანთან. ამასთან, სასურველია შეიმუშავოთ დამშვიდობების თქვენეული რიტუალი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ჩახუტებას, კოცნას, ხელის დაქნევას და/ან კონკრეტული გამოსამშვიდობებელი ფრაზის წარმოთქმას. დამშვიდობების განმეორებადი, პროგნოზირებადი რიტუალი ბავშვს უსაფრთხოების განცდას ანიჭებს და მნიშვნელოვნად ამცირებს განშორებასთან დაკავშირებულ შფოთვას. მათ მოსწონთ სიტუაცია ბაღში – სათამაშოები, ბავშვები, მაგრამ ისინი პირველად რჩებიან მშობლის გარეშე და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი.
მნიშვნელოვანია აგრეთვე წინასწარ გააცნოთ და დაათვალიერებინოთ ახალი გარემო, სადაც მას მოუწევს სწავლა-განვითარება. უნდა გახსოვდეთ, რომ საბავშვო ბაღი არაა დაწესებულება სადაც ბავშვი მხოლოდ თამაშობს, ამ თამაშით იგი ვითარდება, შესაბამისად შემუშავებულია მეთოდოლოგიური პროგრამები აღმზრდელების მიერ, რომელთა მეშვეობით ბავშვები სწავლობენ საკუთარი სურვილების დაფიქსირებას, სხვადასხვა სიტუაციაში სწორად მოქცევას, დათმობას, ემოციის გამოხატვას. დაეხმარეთ ბავშვს ადაპტაციის პროცესში.
10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ადაპტაცია. ოღონდ, აუცილებელია, ამ პროცესში მშობელი დააკვირდეს, რომ ბავშვი არ გახდეს ზედმეტად აღგზნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაერღვას ძილი და ღამით არ ჰქონდეს შფოთვები. თუ ეს დაფიქსირდა, მაშინ საჭიროა მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ასევე, საჭიროა ყურადღება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ორი კვირის შემდეგ ისევ ძლიერად განიცდის ბაღში დარჩენას, როგორც პირველ დღეს.
- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვი ხშირად არ დაავადდეს?
- ბაღში მისვლამდე გარკვეული მომზადება ესაჭიროება მშობელსაც. ბაღის ადმინისტრაციისგან მიიღეთ ინფორმაცია, რეგულარულად ტარდება თუ არა სანიტარული სამუშაოები, მუშავდება თუ არა სათამაშოები სპეციალური ხსნარით და ნიავდება თუ არა მუდმივად ოთახები. მშობლებმა ჯერ კიდევ სახლში უნდა დაიწყონ ბავშვისთვის ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობის ახსნა, მასთან ერთად ხშირად დაბანეთ ხელები, წაახალისეთ და შეუქეთ მათი თითეული მცდელობა, თქვენს მიერ ნაჩვენები და მითითებული წესების დაცვისა. გეგმიურად ჩაუტარეთ ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. მნიშვნელოვანია ბავშვის კვება ჯანსაღი პროდუქტებით, დარწმუნდით, რომ თქვენი პატარას კვებით რაციონში არის საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული, საღამოს ძილის წინ ასეირნეთ სუფთა ჰაერზე. თუკი თქვენს პატარას შენიშნავთ ავადობის რაიმე სიმპტომს, ნუ გაუშვებთ მას საბავშვო ბაღში, ამით თქვენს შვილს დაიცავთ გართულების, ხოლო დანარჩენ ბავშვებს დასნებოვნებისგან.
- რა პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებაა მიზანშეწონილი, სანამ ბავშვი ბაღში წავა?
- სასურველია გაკეთდეს პროფილაქტიკური გამოკვლევები პატარას მკურნალი ექიმის რეკომენდაციისამებრ, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საბავშვო ბაღებს აქვთ სპეციალური მოთხოვნათა სია, რომელიც მოიცავს შემდგომი სახის კონსულტაციებსა თუ სამედიცინო გამოკვლევებს: პედიატრის კონსულტაცია, სტომატოლოგის კონსულტაცია, B ჰეპატიტი, განავლის კვლევა ჭიის კვერცხებზე, ჩატარებული ვაქცინაციების ჩამონათვალი.
- რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მასწავლებელს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? რისი თქმა არ უნდა დაგვავიწყდეს მასწავლებლისთვის?
- აუცილებლად ჩააყენეთ თქვენი შვილის მასწავლებელი პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობის საქმის კურსში. მიაწოდეთ ინფორმაცია ქრონიკული დაავადების არსებობის და მათი მართვის მეთოდების თაობაზე (თუკი თქვენს შვილს გეგმიურად ესაჭიროება კონკრეტული წამლის მიღება). შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელმა უნდა იცოდეს თუ რა სახის მკურნალობას იტარებს პაციენტი და უნდა მიაწოდოთ საკვები პროდუქტების სია, რომელიც კატეგორიულად ეკრძალება თქვენს შვილს. აგრეთვე საყურადღებოა ალერგიის არსებობა თქვენი შვილის ანამნეზში, იქნება ეს კვებითი თუ სხვა სახის ალერგია, რადგან საბავშვო ბაღში შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ალერგენი რომელიც საშიშროებას წარმოადგენს თქვენი შვილის ჯანმრთელობისათვის.
- როგორ უნდა შევაჩვიოთ ბავშვი ბაღში სიარულს?
- სწავლის დაწყებამდე ესაუბრეთ ბაღზე ბევრი, შეუქმენით წარმოდგენა იქ არსებულ გარემოზე, თანატოლებზე, ბაღში არსებულ შესაძლებლობებზე: მაგალითად იქ შეუძლია დახატოს, იქ არის ბევრი ახალი სათამაშო. პირველი დღეების განმავლობაში სასურველია დარჩეთ, თქვენი პატარას გვერდით საბავშვო ბაღში, შემდგომ თანდათანობით შეამცირეთ იქ ყოფნის დრო. შესთავაზეთ სახლიდან საყვარელი ნივთის თან წაღება, რათა კომფორტულად იგრძნოს თავი. მის მასწავლებლის მიმართ ნდობის გაჩენა, დამოკიდებულია თქვენი და მასწავლებლის დამოკიდებულებაზე, თქვენი შვილი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ ამ კონკრეტულ მასწავლებელს ენდობით. მიეცით ბავშვს საშუალება თვითონ შეარჩიოს ტანსაცმელი საბავშვო ბაღში წასვლის წინ. არასოდეს დაემუქროთ საბავშვო ბაღში წაყვანით ან დატოვებით, იგი მისთვის უნდა ასოცირდებოდეს პოზიტიურ ემოციასთან. მოუწოდეთ თქვენს შვილს, ჩაერთოს გუნდურ თამაშებში თანატოლებთან ერთად.
სალომე გორგოშიძე