”13:00 დაიწყო რეგისტრაცია და 13:01 წუთზე უკვე ბაგაში ადგილი არ იყო, ვერანაირად ვერ ავხსენი ეს მოვლენა” თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 13:00 საათზე იყო გამოცხადებული. თუმცა უკვე რამდენიმე წუთში მშობლების ძალიან დიდმა ნაწილმა ვეღარ შეძლო ბავშვების დარეგისტრირება, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მშობლის კომენტარს ამ საკითხზე:
"13:00 დაიწყო რეგისტრაცია და 13:01 წუთზე უკვე ბაგაში ადგილი არ იყო, ვერანაირად ვერ ავხსენი ეს მოვლენა".
"ნახევარზე მეტი საბავშვო ბაღების შენობები, ლტოლვილებს აქვთ დაკავებული..."
"მთელი საქართველო თბილისშია, რა ბაღები ეყოფა ამდენ ბავშვს! ამ ბოლო დროს ბევრი ბაღი აშენდა მაგრამ არ ჰყოფნის, ერთი ქალაქი ამდენ მოსახლეობას ვეღარ უძლებს!"
"საინტერესოა როგორ ახერხებენ სოციალურად დაუცველები უკომპიუტეროდ ელექტრონულ დარეგისტრირებას... ხვალ რეგისტრაციაა და ჩვენს სახლთან ახლოს არც ერთ ბაგაში უკვე ადგილები არაა... იძულებულს ხდიან მშობლებს, კერძო ბაღებში ხელფასის ნახევარი (უკეთეს შემთხვევაში) იხადონ, არადა გამრავლდითო..."
"რამდენი ბაგა-ბაღის შენობაა გაყიდულ-გაქირავებულ-გასხვისებული კერძო სკოლა-ბაღებზე, ლტოლვილებზე და ა.შ. თუ მოხვდი რომელიმე ბაღში, ჯგუფში 40 ბავშვზე მეტია და მაქსიმუმ 3 მასწავლებელ-მომვლელი. ისინიც ადამიანები არიან და ძნელია ამდენ ბავშვს სათანადო ყურადღება მიაქციო. კერძო ბაღის მსურველებმა, თვითონ იზრუნონ შენობაზე, სახელმწიფოს მიერ აშენებული კი დარჩეს საჯარო ბაღად".
"ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ კიდევ მოდის ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და ყველაფერი წინასწაარაა გათვლილი. ფორმალობაა. სკოლა და ბაღები ჰარვარდის უნივერსიტეტი გახადეს, აქციეს პრობლემად და უმაღლესებში კიდევ ყველას რიცხავენ, ოღონდაც ფული ახდევინონ..."
"ჯერ კიდევ რეგისტრაციის დაწყებამდე არ იყო ადგილები... ყველაფერი საოცრება ამ ქვეყანაში როგორ ხდება, ვერ ვხვდები უბრალოდ".
"იმიტომ, რომ 7-ში დაიწყო სოციალურებისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვისი დედ-მამიშვილებიც უკვე დადიან იმ ბაღში და სულ შეივსო ადგილები. ისე, არასამართლიანია, ვისაც სოციალური არ აქვს, ესე იგი იმას კერძო ბაღის ფული აქვს?"
"1 საათზე იწყებოდა რეგისტრაცია. პირველივე წუთებზე დავაჭირე ხელი რეგისტრაციას, მაგრამ ვაკანსიები არ არისო, მაშინვე ასე დამიწერა. გლდანის ბაღებში ვცადე რამდენიმეში და მხოლოდ ერთგან აღმოჩნდა ადგილი და იქ დაგვარეგისტრირე, სადაც, სამწუხაროდ, არ გვინდოდა, რადგან შორია ჩვენგან".
"ვერ დავარეგისტრირეთ ჩემი ძმიშვილი ვერცერთ ახლომახლო ბაღში. სახელმწიფო არ ზრუნავს მოქალაქებზე, სად წაიყვანოს მშობელმა ბავშვი, როდესაც მუშაობს? არ იმუშაოს და როგორ არჩინოს შვილები?!"
"ძალიან მინდოდა ჩემს სახლთან ახლომდებარე ბაღში დარეგისტრირება, მაგრამ უშედეგოდ. რატომ არ უნდა იყოს ტერიტორიული დაყოფა და პრიორიტეტი ჰქონდეს მას, ვინც იმ ბაღთან ახლოს ცხოვრობს?! "პოპულარულ" ბაღებში ადგილებზე გააფთრებული ბრძოლაა, კეთილი ინებეთ სააგენტოს მეთაურებმა და ყველა ბაღი ერთიან სტანდარტში ჩააყენეთ, გადაამზადეთ მასწავლებლები და შექმენით ერთნაირი გარემო ყველგან. ამ შემთხვევაში მოისურვებს ყველა, მის სახლთან ახლომდებარე ბაღში ატაროს ბავშვი და ნაკლები უკმაყოფილო მშობელი იქნება თქვენი საქმიანობის".
"არ ვარ კმაყოპილი ასეთი სისტემით. ჯერ სოციალურები, მერე დედმამიშვილები და მერე ჩვენ. მათხოვარივით ელოდები ადგილს და იმასაც არ გაძლევენ. ორი წელია ვერ ვარეგისტრირებ ჩემს შვილს. წინასწარ მქონდა გამზადებული და რომ დავაჭირე, დამიწერა, ვაკანსიები არააო. მარტო სოციალურებისთვისაა რა ეს ბაღები. რადგან არ გვაქვს სოციალური, მდიდრები ვართ და კერძოში მივიყვანთ? ყველას ხომ არა აქვს კერძო ბაღის საშუალება. თავიანთი შვილები ხომ უცებ დაარეგისტრირა სააგენტომ?!"