"სამი წელი ვმუშაობდი კერძო ბაღში... ბავშვების სიყვარულმა გამაძლებინა"
"სამი წელი ვმუშაობდი კერძო ბაღში... ბავშვების სიყვარულმა გამაძლებინა"
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ქალბატონის წერილი გამოვაქვეყნეთ, რომელიც თავის რძალსა და კერძო ბაღზე იყო განრისხებული (იხილეთ სტატია). ამ წერილს ერთ-ერთი კერძო ბაღის ყოფილი აღმზრდელი გამოეხმაურა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბაღების რეგისტრაციის საკითხმა კიდევ ერთხელ წამოწია ის პრობლემური საკითხები რომელიც ამ კუთხით არსებობს, თუმცა გულდასაწყვეტია, როცა არასდროს არავინ ხმამაღლა არ საუბრობს, რის ფასად უწევს მასწავლებელს კერძო ბაღში, თუ საჯარო ბაღში მუშაობა. ამ შემთხვევაში ყურადღებას კერძო ბაღზე გავამახვილებ, რადგან მაქვს იქ მუშაობის გამოცდილება.
სამი წელი ვმუშაობდი კერძო ბაღში. ბავშვების სიყვარულმა და ჩემი
პროფესიის სიყვარულმა გამაძლებინა. თუმცა, მხოლოდ ბავშვების სიყვარულის გამო ვერ დავრჩებოდი, რადგან საკუთარი შვილების რჩენისთვის საკმარის თანხას ეს სამსახური ვერ მაძლევდა. ადმინისტრაციის სიძუნწემ საბოლოოდ გადამაწყვეტინა წამოსვლა. დღემდე ვერ ვპასუხობ ჩემს მადლიერ მშობლებს, რატომ წამოვედი სამსახურიდან, რადგან ხელშეკრულებაში პირდაპირ მეწერა, რომ ანაზღაურების შეასხებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ მქონდა.
ჩემი დღე 7 საათზე იწყებოდა. შვილებისთვის საუზმე უნდა მომემზადებინა, თავი მომეწესრიგებინა და ქუჩაში გამოვსულიყავი. თუ რვა საათზე გზაზე არ ვიქნებოდი, მარშრუტში ასვლას ვერ მოვახერხებდი, რადგან დილის საათებში მგზავრობა ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს ჩვენს ქალაქში.

სამუშაო დღე 9 საათზე იწყებოდა და 7 საათზე სრულდებოდა. დიდი ხანია, თავი დავარწმუნე
იმაში, რომ ყველა კითხვაზე უნდა მქოონდა პასუხი, მეხებოდა ეს მე თუ არა. მაგალითად, ფაფას რძით ამზადებთ? თევზი როდის გექნებათ მენიუში? გათბობა როდიდან ჩაირთვება? დეზინფექცია უტარდება ოთახებს? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მშობელი ბაღის ადმინისტრაციასთან უნდა არკვევდეს და არა მასწავლებელთან. მით უმეტეს, როცა ბაღის დირექცია მშობლებთან საუბარს ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით გვიკრძალავდა. თუმცა, როცა ხელფასის დრო მოდიოდა, ჩამოწერილი სიის მიხედვით, მშობლებისთვის თანხის ჩარიცხვა უნდა შეგვეხსენებინა. ეს ფაქტი გარდა იმისა, რომ ცოტა არ იყოს დამამცირებელია, იმაზეც მიანიშნებს, რომ მასწავლებლის მოვალეობა და ფუქნციები ზოგჯერ ბრუნვადიც შეიძლება იყოს და კვეცადიც.
ჩამომიყალიბდა განცდა, რომ ვარ დამნაშავე, რომ ელიან ჩემგან სიუხეშეს ბავშვის მიმართ (რაც არასდროს მომხდარა ჩემი მხრიდან) და ამ ყველაფრის ფიქრის საშუალებას მაძლევდა კამერა, რომელიც ბაღის დირექტორმა იმიტომ დაგვიყენა, რომ მშობლები დარწმუნებულიყვნენ,   თუ როგორი გამჭვირვალე გარემო იყო ჩვენთან.
ოთახებში კამერების დაყენება შეიძლება გამართლებულიც იყოს, რადგან ზოგიერთი აღმზრდელი მართლა მოძალადეა, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - წარმოიდგინეთ, როგორ რეკავს მოცლილი მშობელი დღეში ათასჯერ, რომ მის შვილს ფანქარი უჭირავს და ვინმეს არ მოარტყას თვალში, რომ ბავშვი იატაკზე თამაშობს და რეიტუზი ცვდება, რომ ბავშვმა მოიწყინა და ა.შ. (სახლში ყოფნისას ასეთი ფაქტებისგან დაზღვეულები ვართ?)... და როგორი დაძაბული უნდა იყო შენ, აღმზრდელი ასეთ დროს...

მე ვფიქრობ, კამერების დაყენებით იმ ბავშვების უფლებებიც ირღვევა, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონეები არიან, რადგან მათი ყურების შემდეგ ბევრი მშობელი ითხოვს, მისი შვილი მოვარიდოთ ასეთ ბავშვს, რომ მისი შვილისთვის ასეთ ბავშვთან ერთად ოთახში ყოფნა ცუდი ემოციის გამომწვევია. ასეთი დასკვნების გამოტანისას კი, არ ფიქრობს, რომ ნებისმიერი უნარისა თუ შესაძლებლობის ბავშვს აქვს უფლება საზოგადოებაში ინტეგრაციის.

გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი ხელფასის ოდენობა არასოდეს განსაზღრავდა ჩემი მუშაობის ხარისხს სასწავლო პროცესში და აღსაზრდელებთან ურთიერთობაში, მაგრამ დამეთანხმებით, რომ 300 ლარად ამ რუტინული შრომისთვის თავის გაწირვას ძალიან ცოტა თუ დათანხმდება. ხელფასის ოდენობას რომ გამოვაკლოთ დღის განმავლობაში სამსახურში ყოფნისას გაწეული კვების, მგზავრობის ხარჯი - მალევე მიხვდები, რომ სახლში არაფერი ხელჩასაჭიდი არ მიგაქვს, დაღლილობისა და გაუარესებული ჯანმრთელობის გარდა.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს შვილს წლის განმავლობაში ორჯერ, სამჯერ, ან მეტჯერ შეეცვალა აღმზრდელი, ძიძა.
შეიარაღებული მშობლის თვალი და საღი გონება უცებ გამოიტანს დასკვნას, თუ რატომ იცვლება კერძო ბაღებში მალ-მალე კადრები.
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
1) შრომის შეუფერებელი ანაზღაურება
2) სამუშაო დროის განაკვეთი
3) ადმინისტრაციის მკაცრი და გადამეტებული მოთხოვნები
4) დასაქმებულის მიერ სამუშაო გარემოს შეუფასებლობა (სამსახურის დაწყებამდე ბევრი თვლის, რომ ბაღში მუშაობა ძალიან მარტივია, რაც ასე ნამდვილად არ არის).
5) დასაქმებულის ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა (ხშირია შემთხვევები, როცა აღმზრდელი, ძიძა, ვერ უძლებს მშობლების მხრიდან დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი პრეტენზიებით გამოწვეულ სტრესს).
ამას იმ ფონზე გეუქნებით, რაც ჩვენთან ხდებოდა, სხვაგან შეიძლება სხვა შემთხვევებიც იყოს.

პლუს ამას, ცნობისათვის, კერძო ბაღებში დასაქმებულთა დიდ ნაწილს არ აქვს პროფესიული განათლება. ბევრი იქ იმიტომ ხვდება, რომ უბრალოდ ხელფასი ჰქონდეს. ამ ფაქტს კი ადმინისტრაცია სათავისოდ იყენებს და არაპროფესიონალ კადრს მინიმალური ანაზღაურებით ამუშავებს. პედაგოგიური განათლების მქონე და პროფესიონალი ადამიანი კი მცირე ანაზღაურების გამო სხვა ალტერნატიულ სამსახურს ეძებს და დასაქმებისთვის ბაღს არ მიმართავს. შესაბამისად, როგორ გამოცდილ კადრებს იღებენ კერძო ბაღებში, ადვილი მისახვედრია...

თან უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაღების ადმინისტრაციის მხრიდან ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაც იკვეთება - კადრი უნდა იყოს ახლგაზრდა. ახალგაზრდებში კი, მოგეხსენებათ, პედაგოგიური საქმიანობა ნაკლებ პოულარულია".
21851
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
anastasia
1
საბავშვო ბაღში კამერების დაყენება მეც სისულელედ მეჩვენება,თუ გინდა რომ მთელი დღე შენს შვილს უყურო და მეტი საქმე არაფერი გაქვს მაშინ სახლში დაისვი შენი სვილი და იქ აკონტროლრე
21:21 / 20-01-2018
მარიამი
0
მსგავსი სიტუაციაა უმრავლეს სამსახურებში:ხელფასი დაბალი,სამუშაო საათები და დამსაქმებელის მხრიდან და ადამიანების მხრიდან მოთხოვნები გაუსაძლისი,ასეთ დღეში არიან ფარმაცევტებიც,დაქირავებული გამყიდველები და საერთოდ ის ადამიანები,რომელთაც ბევრ ადამიანებთან უხდებათ ურთიერთობა.სამწუხაროდ,საზოგადოება დაავადებულია ბოროტებით,რისი მიზეზიც არის უღმერთობა.
10:14 / 12-11-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?