შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ბაღში, საჯაროში თუ კერძოში ბავშვებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი
15 წელია საბავშვო ბაღში ვმუშაობ და სულ უფრო და უფრო ვწრმუნდები, რომ ბაღში მისვლამდე ბევრ მშობელსაც ისე სჭირდება ფსიქოლოგიური მომზადება, როგორც ბავშვს.
გასაგებია, რომ ამ პროცესს თავისებური ღელვა ახლავს და ყველა მშობელი ემოციურად განიცდის შვილის ბაღში მიყვანის საკითხს, თუმცა ამ დროს ბევრი მათაგანი ვერ ხვდება, რამდენად ცუდად აისახება ეს ვნებათაღელვა ბავშვის ხასიათზე და განწყობაზე. როცა პატარა ხედავს, რომ მისი მშობლების ხასიათით მანიპულირება შეუძლია, ის ადვილად ახერხებს "ბაღიდან თავის დაღწევას“.
ბუნებრივია, როცა ბავშვი ახალ, მისთვის უცნობ გარემოში ხვდება, ბუნებრივად უჩნდება მისგან გარიდების სურვილი. ამიტომ, მშობლებმა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი ბავშვთან ერთად უნდა გაიარონ.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა ბაღთან შეგუებისთვის:
• პირველი რამდენიმე დღე ბავშვი ცოტა ხნით დატოვონ ბაღში, რათა პატარამ არ იფიქროს, რომ ის სადღაც მისთვის უცხო გარემოში, უცხო ხალხთან დატოვეს.
• ასევე უპრიანი იქნება თუ ბავშვს ბაღში სიარულის სანაცვლოდ მისთვის სასარგებლო რამეს შევთავაზებთ, მაგ. ბაღიდან მეგობართან წაგიყვან, საყვარელ სათამაშოს გიყიდი და ა.შ. ასეთი ფორმით ბავშვი ფიქრობს, რომ ბაღში სიარულით "დაჯილდოვდება“.
ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია პრაქტიკაში, როცა აღსაზრდელს მანამ აქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიმართ ცუდი დამოკიდებულება, სანამ ის იქ მოვა
• "თუ ცუდად მოიქცევი, ბაღში დაგტოვებ, სახლში არ წამოგიყვან“ ,
• "ბაღში თუ ვინმემ ხელი დაგარტყა, მასწავლებელს უთხარი“ ,
• "სათამაშო არავის გაატეხინო“ , "ბაღში არ იტირო, ადრე მაინც ვერ წამოგიყვან“ - მერწმუნეთ ეს მოკლე ჩამონათვალია, რასაც პატარები ნებსით თუ უნებლიეთ უფროსებისგან ისმენენ და მერე გვიკვირს, რატომ არ უნდა ბავშვს ბაღში მისვლა.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ბაღში, საჯაროში თუ კერძოში ბავშვებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი, მაგრამ, მშობლებო, სანამ აღმზრდელებს გამოუტანთ განაჩენს, თუ რატომ არ უნდა ბავშვს ბაღში მისვლა, დაფიქრდით, რამდენად სწორად და გააზრებულად უდგებით არსებულ პრობლემას.
ბევრი დედა მოდის შვილთან ერთად ბაღში, ჩაისვამს შვილს კალთაში და ასე ატარებს მთელ დღეს. რა თქმა უნდა, ასე ვერასდროს მიეჩვევა პატარა ბაღს.
ზოგჯერ კი დედა ატირებული ბავშვით მოდის და დარწმუნებულია, რომ ბაღში მოსვლა არ უნდა და იმიტომ ტირის. ხშირად კი აღმოჩნდება, რომ პატარა სახლიდანვე რაღაცაზე გულდაწყვეტილი წამოვიდა, ან გზაში აწყენინეს
არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა მართლა შეუძლებელი ხდება ბაშვის ბაღში ყოფნა, მიუხედავად მშობლის და ბაღის თანამშრომლების ძალისხმევისა. ამ შემთხვევაში რამდენი პრობლემის გამოყოფა შეიძლება.
როცა ბავშვისთვის ბაღი არის სტრესული, როცა ვერაფრით ეგუება გარემოს. ეს ძირითადად ვლინდება დედისერთა ბავშვებში, როცა აღსაზრდელი ყურადღების ცენტრში ყოფნას არის შეჩვეული და განსაკუთრებულ მზრუნველობას გრძნობს. როცა სახლში მასზე პატარა ჰყვათ და ეჭვიანობის გამო არ უნდა სახლიდან წამოსვლა როცა ბავშვს გადატანილი აქვს უცხო გარემოში დაკარგვის შიში ან რაიმე სხვა სახის ფსიქიკური ძაალადობის მსხვერპლი ყოფილა მაშინ, როცა მშობლები ან ოჯახის წევრები არ ახლდნენ თან (მაგ. ნათესავთან დატოვეს ბავშვი და იქ მოხდა მასზე ფსიქიკური ან ფიზიკური, თუნდაც მსუბუქი სახის ძალადობა, ვთქვათ წაართვეს სათამაშო, ან თამაშისას ხელი კრეს და დაუცველი აღმოჩნდა) როცა აღსაზრდელი სპეციალური საჭიროების მქონეა და ბაღი ვერ სთავაზობს ადაპტირებულ გარემოს. როცა ბაღის თანამშრომლებისგან იგრძნო მის მიმართ უხეში დამოკიდებულება და ამიტომ არ უნდა ბაღის შეცვლის შემთხვევაშიც კი იქ სიარული. ჩემი მოკრძალებული რჩევევა იქნება, რომ სანამ პატარას ბაღში მოიყვანთ, მისი წინასწარი განწყობა ამ დაწესებულების მიმართ იყოს პოზიტიური. ანახეთ მათ ვიდეოები, თუ როგორ ერთობიან და თამაშობენ ბაღში ბავშვები. დაათვალიერებინეთ ბაღის სახალისო ფოტოები. სანამ ბაღში ოფიციალურად ჩაწერეთ ანახეთ გარემო, რომ წარმოდგენა ბავშვებს თვითონ ჰქონდეთ ბაღზე.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ბაგის ასაკის მშობლებსაც გაუჩნდებათ სავარაუდოდ, კითხვები და აქვე დავძენ, რომ ბაგა ჯგუფის ბავშვებს სულ სხვანაირი სპეციფიკა ახასიათებთ და ამას ცალკე თემა უნდა მიეძღვნას.