როგორ გავატაროთ ცხელი ზაფხულის თვეები ისე, რომ არ მოგვწყინდეს არც ჩვენ და არც ბავშვებს? ზაფხულის დასაწყისში, მომატებული სიცხის ფონზე, ბავშვებისთვის საუკეთესო ადგილი აგრაკია. როგორ გავატაროთ ცხელი ზაფხულის თვეები ისე, რომ არ მოგვწყინდეს არც ჩვენდა არც ბავშვებს? რჩევებს ძველი გამოცდილი სკაუტი დედიკო გვიზიარებს:
ჩემს ბავშვობაში აგარაკზე წასვლა ნამდვილი ბედნიერება იყო. გვყავდა ჩვენი რაზმი, რომელიც სხვადასხვა ასაკის ბავშვით იყო დაკომპლეტქებული. საქმე თავზე საყრელი გვქონდა: დილიდან მივდიოდით მდინარეზე, ვბანაობდით, საღამოს ვთამაშობდით მანამ, სანამ გაბრაზებული მშობლები სახლში არ შეგვიყვანდნენ. როდესაც ტყეში პიკნიკის მოსაწყობად ვემზადებოდით, დედას მოჰქონდა კარტოფილი, პური, სოსისი, ხილი, წყალი და სხვ. ამ ყველაფერს ვათავსებდით ზურგჩანთებში და მივდიოდით უახლოეს ტყეში. რამხელა რომანტიკა იყო ამ ყველაფერში... ზოგს კოცონისთვის მოჰქონდა ფიჩხი, შეშა, საჭმელს ერთად ვამზადებდით ცეცხლზე, დიდ ქვაბში. მოკლედ ყველა დაკავებული იყო. ზოგჯერ თან მიგვყვავდა მეზობლის ბავშვები და ეს ყველაფერი ნამდვილ სკაუტების ბანაკს ემსგავსებოდა. საღამოს ვახშმის შემდეგ შემოვუსხდებოდით კოცონს. ზოგი მღეროდა, ზოგი ლექსს ამბობდა, ამბავს ყვებოდა და ასე მხიარულად ვატარებდით დროს, ასე რომ, ქალაქგარეთ დასვენებას ყოველთვის მოუთმენლად ველოდი.
როდესაც პირველად დედის ამპლუაში გავემგზავრე აგარაკზე, დიდად ვერ ვისიამოვნე დასვენებით. მეუღლემ ბავშვებთან ერთად ბებიის აგარაკზე წაგვიყვანა. გადმოტვირთა მანქანა და წავიდა. ჩვენ კი დავრჩით მარტოები. დღეები ერთმანეთს დაემსგავსა. ყველაზე დიდი სიხარული დასვენების დღეებში მამიკოს ჩამოსვლა იყო. მისი წასვლის შემდეგ დრო ისევ ჩერდებოდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ზაფხული აგარაკზე - არ არის კატორღა. ეს არის დასაბამი ახალი და საინტერესო იდეების, თამაშების, გართობისა - ბავშვისათვის და ბავშვთან ერთად. გავიხსენე, რომ ძალიან სახალისოა წყლით თამაში. მაგალითად, წუწაობა, დიდ თასში წყლის ჩასხმა და გემებით წყალქვეშა ომობანას თამაში. გემის გაკეთება შეიძლება როგორც ქაღალდისგან, ასევე პლასტმასის ბოთლებისგან.
ჩემმა მეგობარმა 2 შვილის დედამ, შეძლო მივიწყებული ტრადიციის აღდგენა - ჩამოაყალიბა საზაფხულო თეატრი. მან ბავშვებს დაურიგა ტექსტები, მშობლები და ბებია-ბაბუა ეხმარებოდა დეკორაციის მოწყობაში, კოსტუმების შექმნაში და ასე ერთობლივად დაიბადა არაერთი სპექტაკლი. შემდეგ მოიწვევდნენ მეზობლებს და იყო ახალ-ახალი პრემიერები.
ზეიმი კარგია, თუ ბავშვს დაბადების დღე აქვს ზაფხულში - არსებობს ოფიციალური მიზეზი ნამცხვრის გამოცხობის, სტუმრების მოწვევის და მხიარულების. რა ვქნათ, თუ ბავშვი დაიბადა ზამთარში და ვერ ღნიშნავს დაბადების დღეს ზაფხულში? ამ სიტუაციიდან გამოსავალიც ვიპოვეთ. გადაწყვიტეთ, ჩემი პატარას ნახევარი წლის იუბილე გვეზეიმა. ანუ “ექვს-ნახევარი წლის“ დაბადების დღე. ბავშვებთან ერთად მოვზილეთ ცომი, დავაცხვეთ ორცხობილები, ხილიანი ნამცხვარი (ხილი იქვე, ეზოში დავკრიფეთ), დავამზადეთ მოსაწვევები და მეზობლებს გავუგზავნეთ. მოკლედ, მზადების პროცესი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ საზეიმო ვახშამი. ანას „ნახევარი წლის“ აღსანიშნავად მთელი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ სოფლის ბავშვები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზეიმი ნამდვილად შედგა! ჩვენ ბავშვებთან ერთად ავიტაცეთ ეს იდეა და წელიწადის ცივ და წვიმიან დროს ვაწყობდით ასეთ ზეიმებს. რა თქმა უნდა, ხიბლი ისეთი არ ჰქონდა, როგორც ზაფხულში, მაგრამ მზადების პროცესისაგან მიღებული სიამოვნება უდიდესი იყო.
ყველა ბავშვი ოცნებობს ჰქონდეს თავისი პატარა სახლი, რომელშიც თვითონ იქნება უფროსი. ჩემს ბიჭებს ოცნებად ჰქონდათ ქცეული ჩვენი აგარაკის აივანზე პატარა „სახლის„ აშენება. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად წავიდა ტყეში, მოიტანა სხვადასხვა ზომის ტოტი და ერთად გააკეთეს ორადგილიანი ხის კარავი, რომელიც თავისი გემოვნებით მოაწყვეს. პერიოდულად მაცივრიდან კარავში ინაცვლებდა პროდუქტები, რასც მხიარულად შეექცეოდნენ. ბავშვები მეხვეწებოდნენ, ერთხელ მაინც დამერთო ნება ღამე კარავში გაეთიათ. შარშან მათ ჩემი თანხმობა ვერ მიიღეს, წელს კი სერიოზულად დავფიქრდები ამაზე...