ამ პრინციპით ნაირ-ნაირი გვირგვინების დამზადებას შეძლებთ საახალწლოდ სუფრისა და საჩუქრების ორგანიზება საკმარისი არ არის. სახლსაც უნდა ეტყობოდეს, რომ დღესასწაულია. საახალწლო გვირგვინები საკმაოდ პოპულარული და ტრადიციული დეკორატიული ნივთია. ამ ფოტოგაკვეთილით მის დამზადებას გასწავლით. მთავარ პრინციპს რომ აითვისებთ, საკუთარი გემოვნებით ნაირ-ნაირი გვირგვინების დამზადებას შეძლებთ. შეიძლება ყველა მათგანი სახლში ვერ გამოიყენოთ, სამაგიეროდ საჩუქრად ძალიან კარგი ვარიანტია. წარმოიდგინეთ, მიდიხართ სტუმრად ტკბილეულით ხელდამშვენებული და თან ეს ლამაზი დეკორიც მიგაქვთ... ნამდვილად ღირს, რომ ამ სახალისო მასტერკლასს მცირე დრო დაუთმოთ.
დაგჭირდებათ მუყაო, წებო, მოსართავი "წვიმა" ან წიწვიანი ტოტები და სხვადასხვა საახალწლო აქსესუარი.
გამოჭერით მუყაო და დაახვიეთ მასზე "წვიმა". შემდეგ ლენტებისგან ბაფთები გააკეთეთ და დააწებეთ ჯერ ერთმანეთზე (უფრო ფუშფუშა რომ გამოვიდეს), შემდეგ გვირგვინზე
ბაფთა გაუკეთეთ სათამაშოებსაც და გვირგვინზე დააწებეთ.
მიწებებული სათამაშოები რომ არ ჩამოცვივდეს, ჩვეულებრივი ძაფი გადაახვიეთ მთელ გვირგვინს. ბაფთებზე ლამაზი თვლები დააწებეთ, ზემოდან საკიდი გაუკეთეთ და თქვენი გვირგვინიც მზადაა.
იგივე პრინციპით შეგიძლიათ გვირგვინი ოქროსფერი "წვიმისგანაც" დაამზადოთ.