”70 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბოლოს ბევრი რამ აწუხებდა, სკლეროზის ნიშნნებიც ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ ჩემზე ზრუნავდა...” ცოცხალი ლეგენდა, დამსახურებული არტისტი - თამარ სხირტლაძე ერთადერთია საქათველოში, რომელმაც ქართული თეატრის სცენაზე რეკორდი მოხსნა - მან 70 წელი სცენაზე გაატარა და არათუ სპექტაკლი, რეპეტიციაც კი არ გაუცდენია, მაშინაც კი, როდესაც ერთადერთი შვილი გარდაეცვალა... ცოტა ხნის წინ თამარ სხირტლაძემ მეუღლეც დაკარგა და თუ როგორია მისი დღევანდელობა, ამის შესახებ თვითონ გვესაუბრება...
- ძალიან ძნელია ამ ყველაფერს გაუძლო... ვამბობ, რომ ერთადერთი შვილი დავკარგე, მაგრამ მეუღლის გარდაცვალება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ჩემთვის. 70 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბოლოს ბევრი რამ აწუხებდა, სკლეროზის ნიშნნებიც ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ ჩემზე ზრუნავდა. სულ მეკითხებოდა, რეპეტიციაზე ხომ არ გაგვიანდებაო... პატარა ბავშვს რომ შეეჩვევი, მის გარეშე ერთი წუთიც ვეღარ ძლებ და მერე მოგწყვიტავენ, ზუსტად ასეთი რამ დამემართა... სახლში ვეღარ ვძლებ და ხშირად გარეთ გამოვდივარ, ბაღში ვზივარ. აღარ შემიძლია ვუყურო იმ ადგილს, სადაც ის იჯდა, სადაც ის იყო ხშირად... ბოლოს გაჟონვა დაემართა, საავადმყოფოში გავაქანეთ და იქ ცოტა ხანს დაჰყო. სულ მეხვეწებოდა, სახლში წამიყვანეთო. მეოცე დღეს ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ისე მიმძიმს, ადგილს ვერ ვპოულობ, მაგრამ ალბათ გაგეცინებათ და ისევ თეატრმა მიშველა. ახლა სპექტაკლზე ვმუშაობთ და რეპეტიციებმა ისევე გადამრთო თეატრისკენ, როგორ მაშინ, როცა უსაშინლესი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში...
- როდესაც თქვენი შვილი გარდაიცვალა, თუ არ ვცდები, მეუღლემ გთხოვათ თეატრი არ მიგეტოვებინათ...
- თემურ ჩხეიძე სპექტაკლს დგამდა, სადაც მედიკო ჩახავაც თამაშობდა... ჩემთვის ყოველმხრივ სანატრელი იყო ამ სპექტაკლში ვყოფილიყავი და მოვხვდი კიდევაც უსაყვარლეს მედიკოსთან ერთად. ალბათ ასეთ რამეს ვერც კი ვიოცნებებდი და სწორედ მაშინ დამატყდა თავს უბედურება... მახსოვს, მივედი და თემურ ჩხეიძეს და მედიკო ჩახავას ვუთხარი, თეატრში ვეღარ მოვალ და დღესვე-შემცვალეთ მეთქი. ორივე ძალიან გვერდით დამიდგა... თემურმა მითხრა, თუ საერთოდ სახლში დაჯდომას აპირებ, კი ბატონო, მაგრამ თუ როდესმე თეატრში უნდ დაბრუნდე, მაშინ ნუ წახვალო... გადავხედე სხვების ცხოვრებას და მივხვდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც ასეთი რამ შეემთხვა... სახლში ვერაფერს ვამბობდი, რადგან მეუღლემ არ იცოდა, რა სჭირდა ჩვენს შვილს. შენ უფრო ძლიერი ხარ, გაუძლებო და ამიტომაც მე მითხრეს, რომ განუკურნებელი სენით იყო ავად... ერთი თვე ხან ქუჩაში ვტიროდი, ხან ბაღში, ელენე ყიფშიძესთან მივდიოდი და ვინც კი ახლობლად მიმაჩნდა... ჩემს მეუღლეს არ ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ გაიგო. არადა, ისეთი მამა იყო, მე თუ თეატრიდან გასტროლზე მივდიოდი, ბავშვს არავის ანდობდა და თვითონ მიჰყავდა ბაკურიანში თუ სხვა კურორტებზე. მეც დავბრუნდებოდი, ორ კაპიკს ჩამოვიტანდი, ვალებს ვისტუმრებდით და შვილი ჯანმრთელად გვყავდა...
ჩემს მეუღლეს შვილის გარდაცვალების შემდეგ მუცლის გარშემო და ზემოთ სულ წითელი კანი ჰქონდა, რაც თურმე ნერვების ანთება ყოფილა. ასეთი ავადმყოფობა იშვიათია, მაგრამ მას ნერვიულობისგან დაემართა... აუტანელი ტკივილები ჰქონდა, ვერ დგებოდა და მაინც ასე მითხრა, შენ თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, თეატრი არ დატოვოო... მართლა ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემს მეტი მიმხედავი არავინ ჰყავდა, ზაფხული იყო და ქალაქიდან ყველა გასული იყო... დაიჟინა, შენთან ერთად ვიკვნესებ თუ უშენოდ, რა აზრი აქვსო. მეც დავთანხმდი, ალბათ ისე იყო ჩემი საქმე, ქორს ხელის აქნევა უნდოდაო... რეპეტიციაზე ისე მივედი, წინასწარ არ დამირეკავს. დარბაზში რომ შევედი, ცოტა ბნელოდა და თემურ ჩხეიძე გაოცებული მიყურებდა, არ სჯეროდა, მართლა მე თუ ვიყავი... გადამეხვივნენ, ბევრი ვიტირეთ და ისევ ჩავერთე თეატრის ცხოვრებაში.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
- საოცარი რამეა თეატრი. ძალიან ულმობელია და ამ დროს სიკეთით სავსე. ჩემი მეუღლე თვითონაც მსახიობი იყო და თეატრზე ყველაფერი აინტერესებდა... პირველ დღეს ხომ მოვედი და პიესა მოვუყევი, მერეც სულ ვუამბობდი თეატრის ამბებს და ეს ძალიან სიამოვნებდა. ზოგჯერ იქვე გავითამაშებდი ხოლმე, როგორც თეატრში და იმ წუთებში ტკივილსაც კი ვეღარ გრძნობდა... ასე ვცდილობდით ჩვენი უბედურების დაძლევას, თორემ დედისთვის ყველაზე ადვილია შვილის გარდაცვალების მერე თავი მოიკლას... მახსოვს ერთმა ქალბატონმა ორმეტრიანი, ანგელოზივით ბიჭი სამსახურში გაისტუმრა და შუადღეს სახლში მოუსვენეს. დაცვაში მუშაობდა და იქ ვიღაცამ ესროლა. არასოდეს დამავიწყდება ამ ქალს რომ ვეღარაფრით ვაკავებდით, როგორ უნდოდა შუშებში შევარდნილიყო და იქვე მომკვდარიყო... იმ ქალსაც გარდაეცვალა ქმარი და ახლა ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს ჩვენს ტკივილებზე... 53 წელია აქ ვცხოვრობ. უზარმაზარი ეზოა და ეს მშველის. კორპუსში რომ მეცხოვრა, ვერაფრით გავძლებდი... ეზოში გამოსვლა, მიწის სუნი, ბალახი ძალას მაძლევს. ახლაც ბაღში ვზივარ, სადაც შესანიშნავი ჰაერია.
- როცა უმძიმესი პერიოდი გქონდათ, თეტრიდან დაბრუნებული ყველაფერს მეუღლეს უამბობდით, მაგრამ დღეს რომ სახლში ბრუნდებით ვის უამბობთ თეატრის ამბებს?
- არაჩვეულებრივი ქალი მყავს დამხმარე, ძალიან გულისხმიერად მექცევა... ხშირად მიწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც საშუალება მეძლევა ჩემი საყვარელი კოლეგები ვნახო. ცოტა ხნის წინ ვიყავი ღონისძიებაზე და იქ იმედა კახიანი და ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი ვნახე... ჩემი შვილიშვილები ორივე საჭესთან ზის და ისინი დამატარებენ, თუ სადმე ვარ მიწვეული. ხან ჩემი დაც მოდის ჩემთან სახლში... ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილი მყავს, ორივეს ოთხი შვილი ჰყავთ და მათი ყურადღება არ მაკლია... გარეთ რომ ვარ, ვინც კი შემხვდება, ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ზოგიც მთხოვს თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება გვინდაო და მერე სახლში სულ სხვანაირი ბრუნდები: უფრო ადამიანური და წელში გასწორებული...
მანანა გაბრიჭიძე