რა თქმა უნდა, მშობლის გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა ბავშვის ჩაცმა-დახურვას ოჯახურ პრიორიტეტებში რამდენად საჭიროა, რომ ბავშვს მოდურად ეცვას და მისი ჩაცმის სტილი მშობლის სერიოზული საზრუნავი იყოს? იქნებ საკმარისია, სამოსი, უბრალოდ, მოხერხებული იყოს? ამ საკითხზე მშობლებს, ალბათ, სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. რა თქმა უნდა, მშობლის გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა ბავშვის ჩაცმა-დახურვას ოჯახურ პრიორიტეტებში. ისიც სავსებით შესაძლებელია, ჩვეულებრივად ჩაცმული ბავშვი ძალიან ბედნიერი და წარმატებული იყოს, თუმცა თუმცა ამჯერად იმ არგუმენტებს გთავაზობთ, რომლებიც "კარგად ჩაცმის" დადებით მხარეებს შეეხება. კომენტარებში თქვენი მოსაზრებებიც გაგვიზიარეთ, თავად როგორი მიდგომა გაქვთ და რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
მაინც რატომ უნდა ეცვას ბავშვს მოდურად?
ფსიქოლოგების ერთი ნაწილის შეხედულებით, კარგად ჩაცმა მხოლოდ მშობლის ახირება და ბავშვის განებივრება არ არის. როცა ბავშვს ადრეული ასაკიდანვე დახვეწილად და ლამაზად აცმევენ, ამით თავიდანვე უყალიბებენ გემოვნებას. ლამაზად ჩაცმულ ბავშვს თავადაც მოსწონს საკუთარი თავი, ეს კი თვითშეფასებასა და თავდაჯერებას მატებს. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, ძვირადღირებული სამოსი ეცვას. მთავარია სტილის შეგრძნება გაუჩნდეს, ისწავლოს, რომ სამოსის დეტალები ერთმანეთს კარგად ეხამებოდეს. ყოველთვის უნდა მოსწონდეს, რა აცვია, თავდაჯერებული იყოს და თავს კომფორტულად გრძნობდეს.
სხვათა შორის, ბავშვობიდან დაწყებული გარეგნულ იერზე ზრუნვა ადამიანს თანდათან ჩვევაში გადასდის და ზრდასრულობაშიც ასე იქნება. გემოვნებიანი ადამიანი კი, ვისაც უკვე გამომუშავებული აქვს, რა უხდება, რა არის მისი სტილი, იაფადაც მოახერხებს, დახვეწილად გამოიყურებოდეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გემოვნების შეგრძნება დიდი ნიჭია, კარგი გარეგნული იმიჯი კი წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. რესპექტაბელურად ჩაცმული ადამიანი ხომ გაცილებით მარტივად მოიპოვებს გარშემომყოფთა ნდობას და პატივისცემას. ეს კი გზას უხსნის წარმატებისკენ. ასე რომ, ნამდვილად ღირს ხელი შეუწყოთ პატარას, რომ დახვეწილად ჩაცმა ისწავლოს.
რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა ბავშვის ტანსაცმლის შეძენისას?
ქსოვილის მასალა ხარისხიანი უნდა შეარჩიოთ, რათა სამოსი თუ რამით დალაქავდა (და აუცილებლად დალაქავდება), გარეცხვას კარგად გაუძლოს. ფორმაც შეინარჩუნოს და ფერიც სამოსი მხოლოდ მაშინ არ უნდა იყიდოთ, როცა გჭირდებათ. „ერთი ხელი“ ტანსაცმელი არასოდესაა საკმარისი. გარდერობის შევსებაზე სულ უნდა იზრუნოთ, რათა ლუქების შედგენა შესაძლებელი იყოს. კომლექტების ცვლა ბავშვს თავიდან ააცილებს იმის შეგრძნებას, რომ ერთი და იგივე აცვია. საბავშვო სამოსში ფერები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნურც მკვეთრ პრინტს მოერიდებით და მშვიდი ტონალობის სამოსიც იქონიეთ. კარგად ჩაცმული ბავშვის გარდერობში ორივე უნდა იყოს. მკვეთრი ფერების ღია ფერებთან შეხამება გემოვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ნუ უყიდით დიდი ზომის ტანსაცმელს იმ აზრით, რომ „მომავალ წელსაც გამოადგება“. თუ ეკონომიური მგომარეობა ხელს გიწყობთ, ეცადეთ ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სტილის ქურთუკი, პალტო, ქურქი... როგორც კი საკუთარი აზრის გამოხატვას დაიწყებს, ჩაცმისას ყოველთვის გაითვალისწინეთ მისი გემოვნება.