„დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მაშინ მათ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა... ბებიაჩემი ყოველთვის ცდილობდა, სამოსი საკუთარ თავზე მოერგო და ახლაც ასე იქცევა"
დემნა გვასალიამ Vetements-ის ახალი კოლექციით საბოლოოდ მოიგო იმ ადამიანების გულიც, ვისაც არავითარი შეხება არ აქვთ მოდის სამყაროსთან. თამამი, ავანტურისტული, უბრალოდ, ადამიანური და საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან დაკავშირებული ჩვენება საქართველოში დიდი აღფრთოვანებით მიიღეს. დემნა გვასალია თავისი პატრიოტული განაცხადით, დღეს თანამემამულეების თვალში მოდაზე ბევრად მაღლა დგას.
ფეისბუქით მას უამრავი ქართველი ეხმაურება ერთიმეორეზე თბილი და აღტაცებული კომენტარებით.
„აი, ის სამხედრო ქურთუკი რომ გაქვს, ბლომად გამოუშვი და იმ ფასში ვეტერანები რომ შევწვდეთ“
„დემნა თუ დაგვიბრუნებს აფხაზეთს თორემ ჩვენი მთავრობის იმედი არ მაქვს
"რომ იცოდეთ რა თავმდაბალია!!"
"სოხუმი.. გვახსოვს, გვენატრება. დემნა, ყოჩაღ"
"განსაკუთრებული და მოსიყვარულე დემნა"
"ძალიან მიხარია. ჩვენი სოხუმელი ბიჭი...უფლის წყალობა არ მოკლებოდეს!!!"
"ბრავო, დემნა, მართლა პატრიოტი"
უკვე ყველას აინტერესებს, ვინ არის ეს ადამიანი, რომელმაც მოდა ყველაზე კარგად გამოიყენა საქართველოს ტკივილის წარმოსაჩენად, მოგონებების გასაცოცხლებლად, მსოფლიოსთვის ჩვენი წარსულის არდასავიწყებლად...
ნახეთ ვიდეო: დემნა გვასალიას ჩვენება ქართველი მოდელებითა და მუსიკით
დემნა გვასალიას პატრიოტული ჩვენება ქართველი მოდელებითა და მუსიკის ფონზე
საქართველოს თემაზე შექმნილი ახალი კოლექცია გვასალიამ ქართველ მოდელებს ჩააცვა, რისთვისაც 40 ქართველი მოდელი სპეციალურად წაიყვანა თბილისიდან. პოლიტიკური მესიჯის მქონე ჩვენებას შემეცნებითი ნაწილიც დაუმატა - თუ კოლექციაზე წარმოდგენილი ზოგიერთი პრინტის დასკანერებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოისურვებენ, შესაბამისი აპლიკაცია ვიკიპედიის გვერდზე გადაიყვანს, სადაც აფხაზეთში მომხდარ ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე წერია.
“ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა მინდოდა. ამით დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა.” – ამბობს გვასალია,რომელიც დღეს თავის ძმასთან გურამთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და ტრენდულ მოდის ბრენდს წარმოადგენს.
სოხუმში გაზრდილი და ევროპაში დევნილად ჩასული 37 წლის დიზაინერი პრესასთან ურთიერთობის სურვილს არ გამოთქვამს. ქართული ტელევიზიებისთვის მას ინტერვიუ არასოდეს მიუცია. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ჩვენების დროს გაკეთებული კომენტარებიდან თუ გათქვამს ხოლმე თავისი ცხოვრების დეტალებს.
- ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში დავრჩი. სწორედ აქ მივხვდი, რა მინდოდა. ეკონომიკის გარკვეული საფუძვლები საქართველოში ვისწავლე, რადგან ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე და როცა გერმანიაში ჩავედი, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა.
დემნა იხსენებს, რომ საქართველოში მას საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, სტალინისტურ, ლენინისტურ და კომუნისტურ იდეებზე იზრდებოდა და რეალურ ინფორმაციას მოკლებული იყო.
"მხოლოდ ორი ჟურნალი არსებობდა, სადაც დასავლეთში მიმდინარე მოდის ტენდენციებზე არაფერი იყო ნათქვამი. შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა და საქართველო გაიხსნა. ეს აფეთქებას ჰგავდა, უცებ საშუალება მოგვეცა, დაგველია "ფანტა", "კოკა-კოლა" წაგვეკითხა Vogue-ი. შემდეგ გაჩნდა "მაკდონალდსი", სადაც დაბადების დღის გადახდა ძალიან პოპულარული იყო. მახსოვს, ერთხელ დაბადების დღე იქ მეც გადავიხადე და ეს ისეთი საოცარი იყო, თითქოს პარიზში, Caviar Kaspia-ში მივდიოდი. Happy Meal-ი ხალხს ნამდვილად ჰგვრიდა ბედნიერებას", - იხსენებს დემნა გვასალია.
"16-17 წლის ასაკი განსაკუთრებით რთული იყო, რაც ჩემი აზრით, ნორმალურია, გავხდი ასოციალური, დეპრესიული, ყველაფერი მძულდა. შემდეგ კი გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც კულტურული შოკი მივიღე - აღმოვაჩინე მუსიკა, მოდა, ხელოვნება, ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში არ მქონდა. რაც გერმანიაში 12 წლის ასაკში აღმოაჩინეს, იმ ყველაფრის შესახებ მე 19 წლის ასაკში შევიტყე," - აღნიშნავს დემნა.
ის ხშირად ახსენებს, რომ ბებია რომ ძალიან უყვარს. როდესაც რაიმე საპატიო ჯილდოს მფლობელი ხდება, ბებიას უძღვნის ხოლმე.
„ბებიაჩემი ყოველთვის ცდილობდა, სამოსი საკუთარ თავზე მოერგო და ახლაც ასე იქცევა, ყველაზე ექსცენტრული ადამიანია, ვინც კი მინახავს. 75 წლისაა და პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელი აცვია," - იხსენებს დემნა.