სვეტლანა ნიორაძე ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი მთავარი სინოპტიკოსია. ამ სფეროში სტუდენტობიდანვე ჩაერთო და არც მძიმე 90-იანი წლებში უღალატია საქმისთვის. სამსახურამდე ფეხით მიდოდა და ხელფასიც ძალიან ცოტა ჰქონდა. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, თავისი საქმე ძალიან უყვარს. სხვადასხვა საფეხური გაიარა, დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსია. პარალელურად, 4 შვილის დედა და 7 შვილიშვილის ბებიაა. ახლოდან გაგაცნობთ ქალს, რომლის დაწერილ პროგნოზებს ყოველდღიურად ვეცნობით და ვითვალისწინებთ:
- სინოპტიკოსად 1974 წლიდან ვმუშაობ და მას შემდეგ სულ ამ სფეროში ვარ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის მიმართულებით. მაშინ ცალკე იყო ეს ფაკულტეტი, ძალიან სერიოზული სწავლება გვქონდა, არაჩვეულებრივი პედაგოგები, ბუმბერაზი მეცნიერები გვყავდა. მე-5 კურსზე, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, "ამინდის ბიუროში" გამანაწილეს. ცოტა ხნით სტაჟირებაზე ვიყავი, მერე ერთი წელი აეროპორტში ვმუშაობდი სინოპტიკოსად. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ "ამინდის ბიუროში" გათავისუფლდა ადგილი და ისევ იქ დავბრუნდი. მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებაში ვიმუშავე ცოტა ხნით, შემდეგ გრძელვადიან პროგნოზებში გადავედი. მერე განყოფილების უფროსი ვიყავი, ახლა კი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი ვარ და ოთხი განყოფილებაა ჩემს სამმართველოში.
- როდის დაინტერესდით ამ საქმით?
- უნივერსიტეტში დავინტერესდი. სინოპტიკას არაჩვეულებრივი ადამიანი, მეცნიერი, საკუთარი საქმის პროფესიონალი მიხეილ ზახაშვილი მიკითხავდა. სხვათა შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი მისი შვილია და ძალიან მეამაყება, რომ ჩემი ლექტორი იყო. კარგი სტუდენტი ვიყავი. მე-5 კურსზე მითხრა, სინოპტიკოსად ხომ არ შევძლებდი მუშაობას. რომ გამანაწილეს, ეს საქმე მომეწონა. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ვთვლი, რომ შემდგარი ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვასწარი და ვერ მოვახერხე სამეცნიერო ხარისხის დაცვა, რაც თავისუფლად შემეძლო. უბრალოდ, ოჯახი შევქმენი, ოთხი შვილი გავაჩინე და ამისთვის დრო აღარ დამრჩა.
- თქვენს ოჯახშიც ხომ არ იყვნენ პროფესიით სინოპტიკოსები?
- არა, მამა ინჟინერ-მშენებელი იყო. აფხაზეთში ვცხოვრობდით და ბიჭვინთის კურორტის აშენებაში მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დედა პედაგოგი იყო და ახლა 91 წლისაა. მეუღლეც უნივერსიტეტში გავიცანი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა ის ოკეანოლოგიის განხრით წავიდა. ბათუმსა და ფოთში მუშაობდა, ახლა დისტანციურად ასრულებს საქმეს. ჩემი უფროსი შვილი სინოპტიკოსია და ჩემთან მუშაობს. მასაც ძალიან მოსწონს ეს პროფესია და ჩემსავით ოთხი შვილი ჰყავს. მეორე შვილმა, ბიჭმა, გეოფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და გზების მშენებლობის პროექტებზე მუშაობს. კიდევ მყავს ტყუპი - გოგო და ბიჭი.
- სამსახურის პარალელურად, მრავალშვილიანი დედა იყავით, როგორ ახერხებდით შვილების ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას?
- მე სულ ვმუშაობდი. როგორც დასაქმებული დედების უმეტესობასთან ხდება, საღამოსა და დილით გვქონდა ძირითადად კომუნიკაცია. ძალიან კარგი შვილები მყავს. მყავს ასევე 7 შვილიშვილი და მერვეს ველოდები. მოსიყვარულე და თბილი ოჯახი გვაქვს. უფროსი შვილები 1976-79 წლებში გავაჩინე. კარგად სწავლობდნენ და დამოუკიდებლები იყვნენ. ტყუპი 1988 წელს გამიჩნდა და მერე საშნელი 90-იანი წლები დადგა. ჩვენი ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო. სამსახურმა მუშაობა არ გააჩერა, პრაქტიკულად უხელფასოდ ვმუშაობდით, ფეხით დავდიოდით და ერთგულად ვემსახურებოდით პროფესიას. მეტრო გაჩერდა და არაფერი მუშაობდა. ჩვენი სამსახური და საქმე დღემდე მოვიტანეთ. მაშინ უფრო მეტი დრო მქონდა შვილებისთვის. ვცდილობდი, რომ ბევრი წაეკითხათ და თავიანთ თავზე ემუშავნათ.
- როგორი ბებია ხართ?
-მე ვფიქრობ, რომ კარგი ბებია ვარ. ჩემს ყველა შვილიშვილს ძალიან ვუყვარვარ.
- როგორც თქვით, თქვენი ერთი შვილი თქვენივე კოლეგაა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მუშაობს. გადაწყვეტილების მიღებაში თქვენც დაეხმარეთ?
- ჩემმა შვილმა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა გეოგრაფიის მასწავლებლად და ძალიან კარგი პედაგოგი იყო. ბევრ საჯარო თუ კერძო სკოლაში იმუშავა. ყველგან კარგი სახელი ჰქონდა და მოსწავლეებსაც უყვარდათ. მერე ამ სფეროთი დაინტერესდა, გაიარა სპეციალური კონკურსი, მიიღეს ჩვენთან და სინოპტიკოსად მუშაობს, წერს პროგნოზებს. სინოპტიკური მეტეოროლოგია მსოფლიოში წამყვანი დარგია. მეცნიერება წინ წავიდა, ტექნოლოგიები და მეთოდები დაიხვეწა და ეს მუშაობის ხარისხზეც აისახა.
- რა არის ყველაზე რთული თქვენს საქმეში და როგორ ფიქრობთ, რამდენად მოთხოვნადი პროფესიაა ახალგაზრდებში?
- მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებში ძალიან მოთხოვნადი უნდა იყოს ეს პროფესია. მარტო სინოპტიკოსობა ხომ არ არის. ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა, მათ შორის, კლიმატოლოგია, რაც ძალიან აქტუალურია გლობალური ცვლილების ფონზე. ჩვენი დარგიც სულ ვითარდება და საინტერესოა. ყველაზე რთულია ამინდის ზუსტი პროგნოზი. ხშირად ვამბობ, სინოპტიკოსისთვის ის ამინდია კარგი, რომელიც ზუსტად იწინასწარმეტყველა. მაგალითად, ველოდებით ცუდ ამინდს, თუ პროგნოზი არ გამართლდა, ბევრს უხარია, რომ ცუდი ამინდის ნაცვლად, კარგია. ჩვენ კი ის გვახარებს, რომ შევძელით და ზუსტად შევადგინეთ წინასწარ. უნდა გავაფრთილოთ მოსახლეობა და შესაბამის ორგანოებს დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ პრევენციული ხასიათის ზომები მიიღონ და მაქსიმალურად ავიცილოთ მოსალოდნელი ზიანი.
- უამრავი საიტი არსებობს, სადაც ამინდის პროგნოზს თითქმის ერთი თვით ადრე გვთავაზობენ. სინამდვილეში ეს შესაძლებელია? საქართველოში რამდენი ხნით ადრე შეგვიძლია პროგნოზის გაკეთება და რამდენი იქნება მისი ცდომილება?
- ერთი თვით ადრე ძალიან რთულია ამინდის პროგნოზირება. შედარებით ზუსტი პროგნოზი 1 კვირიდან 10 დღემდეა. უფრო ზუსტი 24-საათიანი და სამი დღის პროგნოზია. ყოველ დღე იწერება და ზუსტდება. სამი დღის პროგნოზით საკმაოდ მაღალი გამართლება გვაქვს და 85-90%-ს შეადგენს.
- ამინდთან და სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, რისი პროგნოზირება და თავიდან აცილებაა შესაძლებელი?
-სტიქიური მოვლენების პროგნოზს ვადგენთ, მათ შორისაა, ძლიერი ქარი, გრიგალი, გაზაფხულის პერიოდში წყალმოვარდნები და წყალდიდობები. ძალიან ძნელია პროგნოზის შედგენა, მაგრამ საკმაოდ კარგი და გამოცდილი სპეციალისტები გვყავს ამ დარგში. ასევე, შეგვიძლია ძლიერი ნალექის, ზამთარში ძლიერი თოვლის, ნისლის, ქარბუქის, ზვავ-საშიშროების, ზაფხულში ელჭექის, სეტყვისა და ძლიერი ინტენსიური წვიმის პროგნოზირება. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მართლდება, მაგრამ საკმაოდ მაღალი გამართლება აქვს.
- ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი საქმე თქვენთვის?
- ეს საქმე ძალიან მიყვარს. სიყვარულის გარეშე სინოპტიკოსი ვერ იქნები. ცოდნის გარდა, უნდა გქონდეს ინტუიცია, შემოქმედებითი ხასიათი. პროგნოსტიკულ რუკებს ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, პროგნოზი კი ყველა მათგანის აზრის შეჯერების შედეგად დგება. მინდა, ჩვენს მოსახლეობას, ამინდის მიუხედავად, 2021 წელს ჯანმრთელობა და მშვიდობა ვუსურვო.
თამარ იაკობაშვილი