დედებს ალბათ ხშირად გაუგიათ ბებიებისგან ან კიდევ ინტერნეტში, სხვადასხვა ჯგუფში წაუკუთხავთ, რომ ბიჭებისთვის საფენების გამოყენება საზიანოა. რაც უფრო ხშირად იყენებენ მშობლები მოდურ და თანამედროვე საფენებს, მით უფრო მეტი მითი ჩნდება საკითხის ირგვლივ. ხშირად, მთავარი შეკითხვაა: "ბიჭებში საფენის გამოყენება უნაყოფობას ხომ არ იწვევს?"
საფენების მავნებლობის შესახებ მითი კი ასე გაჩნდა: ბევრმა ადამიანმა იცის, რომ სპერმატოგენეზი (სპერმატოზოიდის ფორმირების პროცესი) ბიჭების სათესლე ჯირკვალში 28-32 გრადუს ტემპერატურაზე ფორმირდება. როდესაც ბავშვს საფენი უკეთია, მასში არსებული ტემპერატურა შარდის ტემპერატურას უტოლდება ან კიდევ სხეულის სტანდარტულ ტემპერატურას. აქიდან დაასკვნეს, რომ როცა ბავშვს საფენი აცვია, სპერმატოგენეზი არ მიმდინარეობს. ზოგჯერ ამ არგუმენტს, კიდევ ერთი, მაღალი ტენიანობის შესახებ მითი ემატება. მოწინააღმდეგები თვლიან, რომ ბავშვის შარდი საფენში ტენიან გარემოს ქმნის, რომელიც არა მარტო სპერმატოგენეზის ჩახშობას, არამედ დერმატიტის განვითარებასაც უწყობს ხელს.
იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგოთ ბებიების თაობაში გავრცელებულ აზრებსა თუ ინტერნეტში ამოკითხულ დეზინფორმაციას, საჭიროა არა მხოლოდ სპერმატოგენეზისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ანატომიის ცოდნა, არამედ თანამედროვე ერთჯერადი საფენების თვისებების შესახებაც უნდა გქონდეთ ინფორმაცია.
საფენები სპერმატოგენეზის პროცესზე გავლენას არ ახდენენ
აი რატომ: დაბადებიდან 10-14 წლის ასაკამდე ბიჭების სათესლე ჯირკვალში სასქესო უჯრედები არ მწიფდება. ახალშობილებსა და 6-7 წლის ბიჭებს სათესლე მილებში სპერმატოზოიდები არ აქვთ. მხოლოდ ამ ასაკის შემდეგ სათესლე ჯირკვლებში მამრობითი ჰორმონები ნელ-ნელა წარმოიქმნება, რომლის ფორმირებასაც კიდევ რამდენიმე წელი სჭირდება. სწორედ, ამიტომ უწოდებენ 10-14 წელს ბიჭებში სქესობრივი მომწიფების ასაკს. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გქონდეთ, რომ გაიგოთ, საფენები არანაირ გავლენას არ ახდენს არც სპერმატოგენეზის პროცესზე და არც უშვილობაზე.
საფენი სათესლე ჯირკვალს არ აცხელებს
ბიჭების სათესლე ჯირკვლებს 7 გარსი აქვთ. თითქოს თერმოსს ჰგავს, რადგან სიცივეში ათბობს, ხოლო სიცხეში აგრილებს. სათესლე პარკის გაცხელება შესაძლებელია, მაგრამ თავად სათესლე ჯირკვლების - ძალიან რთული ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, 2002 წელს მკვლევარებმა სათესლე პარკის ტემპერატურაზე კვლევა ჩაატარეს როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი საფენების გამოყენების შემთხვევაში. ტემპერატურაში განსხვავება ვერ იპოვნეს. გარდა ამისა, მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ სათესლე პარკების ტემპერატურა საფენის გამოყენებიდან 2-3 საათის შემდეგაც კი ბავშვის სხეულის ტემპერატურაზე დაბალია. მაგრამ, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდხანს აცვია ბავშვს სავსე საფენი, მით უფრო დიდია შარდთან და განავალთან კონტაქტი და გამონაყარის განვითარების რისკიც, რა თქმა უნდა, მაღალია.
საფენები "სათბურის ეფექტს" არ ქმნიან
ე.წ. სათბურის ეფექტი იქმნება იქ, სადაც მაღალი ტემპერატურა და ტენიანობაა. თუმცა, თანამედროვე საფენები შეიცავენ სპეციალურ ფენას, რომელიც სითხეს სწრაფად იწოვს ისე, რომ ბავშვის კანი მშრალი რჩება. გარდა ამისა, თანამედროვე საფენების უმრავლესობას ე.წ. "სუნთქვადი შრე აქვთ", რაც ხელს უშლის ტენიანობის განვითარებას.
ამიტომაც, თუ ხარისხიან ერთჯერად საფენებს იყენებთ და ხშირად შეცვლით ხოლმე, ბავშვის კანიც მშრალი დარჩება და სათესე ჯირკვლებსაც არაფერი დაემუქრებათ.
თანამედროვე მსოფლიოში კაცებში უნაყოფობის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგალითად, ცუდი კვება, ცხოვრების წესი, ეკოლოგია, თუმცა, არც ერთი მეცნიერი უკავშირებს ამას საფენებს. ამიტომაც, შეგიძლიათ, თავი მშვიდად იგრძნოთ და იზრუნოთ ბავშვებზე.