"ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყოველი უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად" - წერს ლევ ტოლსტოი. თუმცა, ყოველთვის არ შეიძლება ამ ფრაზას დავეთანმოთ. წაიკითხეთ ბერტ და ლინდა პუგაჩების ისტორია და ნახავთ, რომ ყველა ადამიანს თავისი წილი ბედნიერება აქვს. ზოგი მას სიმშვიდესა და კომფორტში ეძებს, ზოგიც - მეორე ნახევარში. არიან ისეთებიც, რომლებიც სიყვარულის გამო ყველაფერზე მიდიან. კაცმა ქალს თვალებში მჟავა შეასხა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ქალისთვის, დალოდებოდა, როდის გამოვიდოდა ციხიდან, რომ დაქორწინებულიყვნენ. ჟურნალისტებმა ამ ამბავს "გიჟური სიყვარული" და "ბრმა სიყვარული" უწოდეს...
ერთ დროს მათი ამბავი სენსაციად იქცა. ბერტ და ლინდა პუგაჩების სახეები ამშვენებდა არა მხოლოდ ყვითელი პრესის გარეკანებს, არამედ ისეთ ავტორიტეტულ გამოცემებს, როგორებიცაა The New York Times, The Guardian და The Independent. თუმცა, ახალდაქორწინებულები მათ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ყურადღებას არ აქცევდნენ და დროს მშვენივრად ატარებდნენ. პრესის ინტერესი არ ქრებოდა. კაცს მატყუარად და დამნაშავედ მოიხსენიებდნენ, რომლის გამოც ქალი ვეღარასდროს იქნებოდა ლამაზი. ბევრი წლის შემდეგ მათი ისტორიის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
1956 წელს 21 წლის ლინდა რისი, რომლის სილამაზისაც უამრავ გოგონას შურდა, ადგილობრივ პარკში სეირნობდა. შემოდგომის თბილი დილა იყო. ლინდამ მდიდარი იურისტი გაიცნო, რომელსაც ლურჯი კადილაკი, თვითმფრინავი და საკუთარი კლუბიც კი ჰქონდა. გარდა ამისა, ბერტ პუგაჩი კინორეჟისორი იყო და ლონდონიდან, მორიგი გადაღებიდან ახალი დაბრუნებული ბრძანდებოდა. როგორც მოგვიანებით ლინდამ გაიხსენა, კაცი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეხვედრაზე დაეთანხმებინა. მეტიც, უთხრა, რომ მისი გადაღება სურდა ფილმში. ბოლოს გოგონამ შეთავაზებაზე უარი ვეღარ თქვა.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ასობით ალისფერი ვარდი, საუკეთესო რესტორნები, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები. ზოგიერთმა პოპულარულმა მომღერალმა სიმღერაც კი მიუძღვნა გოგონას. მათი ურთიერთობა ზღაპარს ჰგავდა. მალევე ბერტმა ლინდას ცოლობა სთხოვა და გოგონაც დასთანხმდა...
როგორც ხდება ხოლმე, მოსიყვარულე და თბილი შეყვარებული უცებ გადაიქცა ტირან და ეჭვიან საქმროდ. მან გოგონას ინტიმური ურთიერთობა მოსთხოვა, თუმცა ლინდა ქორწილამდე სასტიკი წინააღმდეგი იყო. კაცი ყველა მამაკაცზე ეჭვიანობდა და გამუდმებით ღალატში ადანაშაულებდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ლინდა გინეკოლოგთან წაიყვანა, რათა დარწმუნებულიყო, რომ გოგონა ქალიშვილი იყო.
ლინდამ წლების მერე თქვა, რომ კაცის ეჭვიანობა მოსწონდა კიდეც, რადგან თვლიდა, რომ ასე სიყვარულს ამჟღავნებდა. თანაც, გოგონასთვის, რომელიც ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში, მამის გარეშე გაიზარდა, მდიდარ პროდიუსერთან ურთიერთობა მომგებიან ბილეთს ჰგავდა. ამიტომაც, არაფრად ჩააგდო "საშიში ნიშნები" და აქტიურად დაიწყო ქორწილისთვის მომზადება.
ერთ მშვენიერ დღეს რისმა სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ პუგაჩს ცოლი და შვილი ჰყავდა. თუმცა, კაცი ეფიცებოდა, რომ მხოლოდ ის უყვარდა, ცოლს აუცილებლად გაშორდებოდა და მას მოიყვანდა. მეორე დღეს ბერტი გოგონას ყვავილებით მიადგა სახლში და განუცხადა, რომ მან და მისმა მეუღლემ განქორწინებაზე შეიტანეს საბუთები. თუმცა მეგობრის დახმარებით ლინდამ გაარკვია, რომ კაცი იტყუებოდა და არანაირი საბუთი არსად წაუღიათ.
ამიტომაც, მან პუგაჩთან ურთიერთობა გაწყვიტა და სხვა მამაკაცთან დაიწყო მეგობრობა. თუმცა, ბერტს მისი ასე მარტივად დათმობა არ სურდა. ურეკავდა არა მხოლოდ მას, არამედ მის მეგობრებსაც, სწერდა სასიყვარულო წერილებს, უგზავნიდა უამრავ საჩუქარს. მალევე გოგონამ გაიგო, რომ კაცის საადვოკატო ფირმა არაკანონიერ ქმედებებში ცნეს დამნაშავედ. ბერტმა საჩუქრებითა და თბილი სიტყვებით რომ ვერ მოაგვარა ურთიერთობა, მუქარაზე გადავიდა. გოგონას ეუბნებოდა, რომ თუ მისი არა, მაშინ არც არავისი იქნებოდა. ერთხელ სახლთან თოფითაც კი დახვდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით იხსენებდა, გასროლა ვერ შეძლო...
რისმა ამავდროულად სხვა ბიჭი გაიცნო. ბერტისგან განსხვავებით, ლარი ლამაზი იყო, თუმცა, ღარიბი. ისინი ბედნიერები იყვნენ ერთად. ბერტმაც შეწყვიტა თვალთვალი... თუმცა მალევე ლინდას ახალგაზრდა შეყვარებული ჯარში გაიწვიეს. კაცმაც განაახლა ზარები და მოკითხვა. ერთხელ რისმა პუგაჩის ცოლს დაურეკა. ქალმა უთხრა, რომ მისი ქმრის ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალიშვილი ჰყავდათ და განქორწინების უფლებას არასდროს მისცემდა. აღმოჩნდა, რომ პუგაჩის ცოლი მიჩვეული იყო მუდმივ ღალატს, ქმარს კი შვილის გამო არ შორდებოდა.
1959 წელს ლარი ჯარიდან დაბრუნდა და შეყვარებულს ცოლობა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ეს გადაწყვეტილება კი საბედისწერო აღმოჩნდა... ბერტმა სამი ადამიანი დაიქირავა. მათ გოგონას დაურეკეს და უთხრეს, რომ საქორწინო საჩუქარი მიუტანეს, კარი რომ გააღო, საჩუქრის ნაცვლად, სახეში მჟავა შეასხეს...
ლინდა დაბრმავდა და გამელოტდა. იცოდა, რომ ამ ამბის უკან ბერტი იდგა, ამიტომაც პოლიციაში უჩივლა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ერთადერთი ოცნება, რაც ჰქონდა, იყო ის, რომ ბერტი გისოსებში მომკვდარიყო. მამაკაცი სამ თანამზრახველთან ერთად დააკავეს და 30 წელი მიუსაჯეს...
ეს ამბავი აქ უნდა დასრულებულიყო... თუმცა სულ სხვა გაგრძელება აქვს.
გოგონამ თვეები გაატარა საავადმყოფოში, უამრავი ოპერაცია გადაიტანა. ჯარიდან დაბრუნებულმა ლარიმ ისეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, ბოდიში მოუხადა და მიატოვა.
გამოჯანმრთელების შემდეგ სცადა, ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მუქ სათვალეს ატარებდა, მეგობრებთან ერთად დადიოდა, ხვდებოდა მამაკაცებსაც...
ამასობაში, არც ბერტს დაუკარგავს დრო. ლინდას ციხიდან სწერდა, რომ ვერასდროს იპოვიდა მამაკაცს, რომელსაც მასავით ეყვარებოდა. ყველა წერილს ერთნაირად აწერდა: "შენი საყვარელი ქმარი, ბერტი". ერთხელ ვენებიც კი გადაიჭრა და ციხეში ყვიროდა: "ლინდა, მიყვარხარ, დამიბრუნდი!"
ზოგადად, მისი ქცევა ციხეში სანიმუშო იყო, ამიტომაც სასჯელი 16 წლით შეუმსუბუქეს. ციხეში ყოფნის პერიოდში მან ადვოკატს დაავალა, ეკითხა ლინდასთვის, ხომ არაფერი სჭირდებოდა. რისი იმ დროს ძალიან ღარიბად ცხოვრობდა, ინვალიდობის პენსია ჰქონდა მხოლოდ, ამიტომაც ფული მოითხოვა.
1974 წელს, 14 წლის შემდეგ, ბერტი გაათავისუფლეს. ლინდა იმ დროს 37 წლის იყო და იმედი აღარ ჰქონდა, რომ კიდევ იპოვიდა მამაკაცს, რომელსაც ეყვარებოდა. ქალს დაცვა დაუნიშნეს, რადგან სამართალდამცავებს ეშინოდათ, კიდევ არ გამეორებულიყო მსგავსი ფაქტი ბერტისგან. მეგობრები კი არწმუნებდნენ, რომ პუგაჩს შეხვედროდა. გარდა ამისა, ის მართლა დაშორდა ცოლს.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ქალს გრძნობები კვლავ გაუახლდა და ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. მაშინ მათზე უამრავი გაზეთი წერდა. საერთო შვილი არასდროს ჰყოლიათ. გათავისუფლების შემდეგ პუგაჩი ადვოკატის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ კი საკუთარ კარიერას დაუბრუნდა და ფილმების გადაღება განაახლა. მისმა ცოლმა მოხალისეობრივი საქმიანობა დაიწყო მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისათვის.
შემდეგ ცოლ-ქმარი დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს. კაცი ყველაფერს ნანობდა და ამბობდა, რომ მაშინ საყვარელი ქალის დაკარგვის შიშით გაგიჟდა. მერე გაირკვა, რომ ბერტი ლინდას გამუდმებით ღალატობდა და ატყუებდა. ქალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქმარს ყველაფერი აპატია და ითხოვა, ზედმეტი შეკითხვები აღარ დაესვათ. თუმცა, პრესას მათი გრძნობების ნამდვილობაში მაინც ეჭვი ეპარებოდა...
ამბობდნენ, რომ მხოლოდ ანგარება ამოძრავებდა ლინდას და სიყვარულთან არაფერი ჰქონდა საერთო. ვინ იცის, როგორ იცხოვრებდა ლინდა, ბერტს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად. ალბათ სიღარიბესა და შიმშილში მოუწევდა დროის გატარება. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ რისს ბერტის საბანკო ანგარიშები ხიბლავდა. "ის რომ მეშახტე ან ტაქსის მძღოლი ყოფილიყო, ცოლად არ გავყვებოდი", - თქვა მან ერთხელ. ქმარმაც იცოდა, რომ ფულმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ურთიერთობაში, თუმცა მაინც სჯეროდა, რომ ლინდამ გადაწყვეტილება სიყვარულის გამო მიიღო. დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით კი სრული კომფორტი და ფუფუნება აჩუქა.
2013 წელს ლინდა 75 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. "ერთმანეთი ისე გვიყვარდა, როგორც არავის ამ სამყაროში. მსგავსი ამბავი ათას წელიწადში ერთხელ ხდება", - ირწმუნებოდა პუგაჩი ჟურნალისტებთან.
"ჩემ გვერდით ყოფნა ჩემზე შურისძიებას ნიშნავს", - ამბობს ლინდა დოკუმენტური ფილმის ბოლოს, მაგრამ აზრს აღარ აგრძელებს. თუმცა, პუგაჩების ისტორიის ფონზე, ეს ფრაზა საშინელ შინაარს იძენს . მსხვერპლი სამუდამოდ დარჩა მოძალადესთან.