ბავშვობაში მიყენებული წყენა ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ზრდასრული ადამიანები მშობლებთან ურთიერთობას წყვეტენ და ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდე ხმას არ სცემენ მათ. ხშირად დავა სასამართლოშიც კი გრძელდება. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც ზღაპრულ დედინაცვლებზე უარესი დედები ჰყავდათ.
დრიუ ბერიმორი
”დედა დაქალი არ არის”, - განაცხადა მსახიობმა, როცა თავად გახდა დედა. მისი თქმით, საკუთარ შობლებს გამუდმებით ადანაშაულებდა იმაში, რომ ყოველთვის როგორც თანატოლს, ისე ექცეოდნენ. 10 წლისას ღამის კლუბებში დაატარებდნენ, არც მოწევას უშლიდნენ და არც ალკოჰოლის მიღებას.დრიუს მშობლებმა განგაში მაშინ ატეხეს, ქალიშვილისგან უმართავი მონსტრი რომ მიიღეს. 13 წლის დრიუ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. იქ წელიწად-ნახევრის გატარება დასჭირდა. საბოლოოდ დრიუმ დაამარცხა მავნე ჩვევები, მაგრამ დედის პატიება ვერ შეძლო. ახლო ურთიერთობა და ნამდვილი დედა-შვილობა აღარასდროს ჰქონიათ.
ჯენიფერ ენისტონი
ჰოლივუდელ ვარსკვლავს დედა 2016 წელს გარდაეცვალა. წლობით უნახავი დედა, რომელსაც ხმას არ სცემდა, ჯენიფერმა სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე მოინახულა. მსახიობს არასდროს დაუმალავს დედასთან უსიამოვნების მიზეზი. მისი მშობლები იმ დროს განქორწინდნენ, როცა ჯენიფერი 9 წლის იყო. გოგონა დედასთან დარჩა ნიუ-იორკში. ნენსის კარიერა დაღმა დაეშვა, ამიტომ წინააღმდეგი იყო, ქალიშვილსაც გაეგრძელებინა ოჯახის სამსახიობო დინასტია. გამუდმებით აკრიტიკებდა ჯენიფერის გარეგნობას, მუდამ უკმაყოფილო იყო მისით. როცა წლები გავიდა და მისი ქალიშვილი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი გახდა, ჟურნალისტებთან მისი პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების გამჟღავნება დაიწყო. დედამ სკანდალური მემუარებიც კი გამოაქვეყნა, რომელიც მისი ქალიშვილის შესახებ პირადი სახის დეტალებს მოიცავდა. ამის შემდეგ ჯენიფერმა დედასთან ურთიერთობა გაწყვიტა, ქორწილშიც არ მიუწვევია. მისმა მეორე ქმარმა, ჯასტინ ტერუმ სთხოვა, შერიგებოდა და მათ ქორწილში მაინც დაეპატიჟებინა დედა. ჯენიფერი თავიდან დათანხმდა და მოსაწვევიც გაამზადა, თუმცა შემდეგ კვლავ გადაიფიქრა.
ემინემი
დედასთან, დები მეტერს-ბრიგსთან ურთიერთობას ცნობილი რეპერი თავის მუსიკალურ ტექსტებში ხშირად აღწერს. ხმამაღლა განაცხადა, რომ ვერ იტანს ქალს, რომელმაც ამქვეყნად მოავლინა. საამისოდ ბევრი მიზეზი ჰქონდა. დები ნარკოდამოკიდებული იყო, ამიტომ ბავშვით ხელში ყველაზე ღარიბ და დამნაშავეებით სავსე რაიონებში დადიოდა. ემინემი ხშირად იხსენებდა თავის რთულ ბავშვობას და ამაში დედას ადანაშაულებდა. ქალმა საკუთარ შვილს 2001 წელს უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10 000 დოლარი მოითხოვა, თუმცა მხოლოდ 1600 დოლარი მიიღო. 2014 წელს რეპერმა ემოციური კლიპი გადაიღო, სადაც ეხვევა და პატიებას სთხოვს დედას.
დემი მური
დემი 16 წლისა გაიქცა სახლიდან. ნამდვილად არ ჰქონია უღრუბლო ბავშვობა. გამუდმებით უწევდა ლოთი დედისა და მამინაცვლის გაუთავებელი კინკლაობის, დაცინვის ატანა. დემი მური ბავშვობაში ელამი იყო, რის გამოც ოჯახშიც კი ამცირებდნენ. როცა გოგონამ წარმატებას მიაღწია და გამდიდრდა, დედამისი, ვირჯინია ჰეინესი ფულის ნაცვლად ჟურნალისტებს სკანდალურ ინტერვიუებს აძლევდა. რედაქტორები პიკანტურ დეტალებს ითხოვდნენ, ვირჯინიაც მშვენივრად თხზავდა ისეთ ისტორიებს, რისი გაგონებაც ყვითელ პრესას სურდა. ვირჯინია ტვინის კიბოთი 54 წლის ასაკში დაიღუპა. დედის მძიმე დიაგნოზი რომ გაიგო, დემი მათან გამოსამშვიდობებლად მივიდა. სხვათა შორის, არც თავად აქვს საკუთარ შვილებთან დალაგებული ურთიერთობა. 2020 წელს მისმა უმცროსმა ქალიშვილმა ტალულამ გამოაცხადა, რომ დედას 3 წელი არ ელაპარაკებოდა, თუმცა ეს ეტაპი გადალახეს.
სელენა გომესი
მომღერალსა და დედამისს, მენტი ტიფის შორის შავმა კატამ 2014 წელს გაირბინა. სელენამ ის და თავისი მამინაცვალი მეურვეების სტატუსისგან გაათავისუფლა. ტიფიმ ქალიშვილის გადაწყვეტილება მძიმედ გადაიტანა. ერთი წელი საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ 2018 წელს აღადგინეს. როგორც აღმოჩნდა, დედა ყოველთვის წინააღმდეგი იყო სელენასა და ჯასტინ ბიბერის ურთიერთობის. ის არ ითვალისწინებდა ქალიშვილის ემოციებს და გამუდმებით ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. სელენას ბევრი ცრემლი უღვრია ამის გამო, თუმცა ამ შემთხვევაში დედა მართალი აღმოჩნდა. სელენამ ვერ შეძლო ვარსკვლავბიჭუნას შენარჩუნება, წყვილი მალე დაშორდა. ჯასტინი სექსუალურ ქერა ლამაზმანზე დაქორწინდა, სელენა გულგატეხილი დარჩა. მიხვდა, რომ დედა მართალი იყო.