ტრანსპორტის რეფორმის შემდეგ გარკვეული მიმართულებებით სამარშრუტო ტაქსები აღარ მოძრაობენ. სოციალურ ქსელში ბევრი მოქალაქე წერს, რომ ცვლილებმა მგზავრობის სერიოზული პრობლემა შექმნა. განსაკუთრებით დაზარალებულად თვლიან თავს გარეუბნების მცხოვრებნი, რომლებსაც 3 ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ბევრი დრო იხარჯება და არაკომფორტულიც არის პიკის საათებში მოძრავი დასაქმებული ადამიანისთვის. ზოგიერთი ამბობს, რომ ტრანსპორტით მოძრაობებს შორის იმხელა შუალედია, ვეღარ ახერხებენ დროულად გადაადგილებას, ვერც იმ 90 წუთში ახერხებენ სრული მარშრუტის დაფარვას და შესაბამისად, საათ-ნახევრიანი შეღავათითაც ვერ სარგებლობენ.
რამდენიმე მკითხველმა მოგვმართა თხოვნით, რომ გაგვერკვია მიზეზები და გამოსავალი. "ფაქტობრივად, სამსახურზე მეტ დროს ვატარებ ტრანსპორტი ლოდინში. მიკროავტობუსის ლოდინს დიდ მარშრუტებზე, აზრიც არ აქვს - პატარაა, ცოტა მგზავრს იტევს, ფეხზე არ აყენებენ და ისე მალე ივსება, შეიძლება, დაუსრულებლად იდგე და ვერც ერთში ვერ ჩაჯდე. მეტრომდე მიმავალი მიკროავტობუსები კი ან ცოტაა და დაუსრულებლად ელოდები დიდ რიგში, ან რამდენიმეა, მაგრამ დიდი შუალედებით და ყოფილა შემთხვევა, 5 მიკროავტობუსი დგას ცარიელი და მძღოლები გეუბნებიან, რომ ჯერ არ არის გასვლის დრო, ან ისვენებენ... ამ დროს უგრძეს რიგში, თოვლსა და წვიმაში, დაღლილი ხალხი დგას და რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოხატავს ამ ცვლილებებით. ისედაც ფასი გაიზარდა და თუ ცვლიდნენ, ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ ადამიანებს კომფორტულად ემგზავრათ. გამოდის, რომ გაძვირდა მგზავრობა და მაინც მეტს ვწვალობთ", - ვკითხულობთ ერთ-ერთი მკითხველის წერილში.
ამიტომაც, ქალაქ თბილისის მერიას მივმართეთ შეკითხვით, რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, როცა თვლის, რომ მის საცხოვრებელ უბანზე არასაკმარისი ტრანსპორტია, მოძრაობებს შორის დიდი შუალედია და ტრანსპორტის დამატებას ითხოვს.
"დიდ შუალედთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უნდა დაუკავშირდეთ და გაესაუბროთ, რა არის გამომწვევი მიზეზი. თუ პრობლემა ვერ გვარდება, მაშინ აუცილებლად წერილობითი განცხადება უნდა დაწეროს მოქალაქემ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში და მიუთითოს, რა ტერიტორიაზე სურს ავტობუსისა თუ მიკროავტობუსის დამატება ან მოძრაობებს შორის შუალედის შემცირება. განცხადება ms.gov.ge-ზეც შეგიძლიათ გამოაგზავნოთ, თუ ელექტრონული ხელმოწერის საშუალება გაქვთ, ადგილზე, მერიაშიც შეგიძლიათ მიიტანოთ. განხილვის ვადად 10 დღიდან ერთ თვემდეა განსაზღვრული. რაც შეეხება შედეგს, ეს შესაძლოა დროში გაწერილი პროცესი იყო. მაგალითად, მიიღოთ პასუხი, რომ დაამატებენ ამ წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ან უარი გეთქვათ იმ ეტაპზე. რამდენი ადამიანი დაწერს განცხადებას, არ აქვს მნიშვნელობა. საკითხზე მსჯელობის, დაკვირვების შემდეგ თუ სამსახურმა დაადგინა, რომ ნამდვილად პრობლემაა და ჩათვლიან, რომ ტრანსპორტი უნდა დაამატონ, ამ განცხადებას ერთი ადამიანი დაწერს თუ ბევრი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს." - გვითხრეს თბილისის მერიაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომრებზე: ტელეფონი: (+995 32) 235-77-77 ფაქსი: (+995 32) 293-41-41 ცხელი ხაზი: 032 293 44 44 ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@metro.ge
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ავტობუსების ნომრებიც შეიცვალა, რამაც საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. უფრო ზუსტად, რა ნომრით ჩანაცვლდა კონკრეტული მიმართულება
იხილეთ ბმულზე. თამარ იაკობაშვილი