ახალშობილის განვითარება სწრაფად მიმდინარეობს. თითქოს გუშინ ვერც კი გამჩნევდათ, დღეს კი უკვე ღიმილით გხვდებათ, გეღიღინებათ. ადრე თამამად ტოვებდით მშობლების საწოლში მარტოს, ახლა კი შეიძლება ცოცვით ძირს ჩამოსრიალდეს. ახალ ცოდნას მოულოდნელად ავლენს და ემოციურობაც ახასიათებს. ყველა ბავშვი განსხვავებულია, მაგრამ განვითარების ეტაპები ყველასთვის საერთოა და აქედან გამომდინარე, გარქვეული სქემის შემუშავებაც შეიძლება. გთავაზობთ სპეციალურ კალენდარს იმ კრიზისული ეტაპებისას, რომლის გადალახვაც ყველა ჩვილს მოუწევს.
საშუალოსტატისტიკური კრიზისული პერიოდები მე-5, მე-8, მე-12, 23-ე, 34-ე, 42-ე, 51-ე, მე-60 და 72-ე კვირას იწყება. თითოეულის ხანგრძლივობა ერთი ან რამდენიმე კვირაა. გაითვალისწინეთ, დღენაკლული ბავშვების განვითარება დროულად დაბადებულ თანატოლებთან შედარებით ცოტა გვიან ხდება.
ზრდის პირველი ნახტომი - ახალი შეგრძნებები
მე-5 კვირამისი შეგრძნება:
"ვხედავ, მესმის, ვგრძნობ, ვერ გამოვხატავ"რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- იღიმის;
- ათვალიერებს მხედველობის არეში მოხვედრილ საგნებს;
- აყურადებს გაგებულ ხმებს და ცდილობს, თავისებიც წარმოთქვას;
- რეაგირებს შეხებაზე.
ქცევის თავისებურებებიუმიზეზოდ ტირის, ჭირვეულობს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ სამყარო მის გარშემო შეიცვალა. ერთადერთი გარკვეული და ახლობელი არსება დედაა. ტირილით მის მუდმივ ყურადღებას ითხოვს. მუცელზე წოლა მისთვის დაცულობის სიმბოლოა.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?შეინარჩუნეთ სიმშვიდე. აიყვანეთ ჩვილი და ჩაიხუტეთ. ამ დროს კვება აუცილებელი არაა. თუ ჭამისა და ძილის რეჟიმს იცავთ, კრიზისულ პერიოდში უმჯობესია, მასზე უარი თქვათ.
განავითარეთ ბავშვის უნარები. "აირეკლეთ" მისი ქცევები: თუ იღიმის, თქვენც გაუღიმეთ. დაელაპარაკეთ, გარკვევით გამოთქვით ბგერები: მა, ბა, და, ტა, გაიმეორეთ მის მიერ გამოთქმული ბგერები. ჩვილი ყურადღებით ათვალიერებს მას, ვინც ეკონტაქტება, სცნობს დედას, მამას, გააცანით ვინ ეკონტაქტება, ეთამაშება. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ბავშვი არჩევს 30 სმ-ზე არსებულ ნივთებს. ნუ აჩქარდებით და ყველა სათამაშოს ერთდროულად ნუ აჩვენებთ. დღეს ერთი აირჩიეთ, ხვალ - მეორე. მიუახლოეთ პატარას და მერე გვერდზე გასწიეთ. მხედველობითი ვარჯიში 2-3 წუთი უნდა გაგრძელდეს. განუვითარეთ ტაქტილური შეხება: მოასინჯინეთ სხვადასხვა ზედაპირიანი საგანი.
ფსიქოლოგის რჩევა: თავდაპირველად ბავშვის ყველა მოძრაობა ქაოსურია. პირველი შეგრძნება, რაც უვითარდება, საგნებზე მზერის შეჩერებაა. სასურველია, სწორი სათამაშოებით აღჭურვოთ. ეს შეიძლება იყოს ჩამოსაკიდი საქანელა, საჟღარუნო. ყველაზე საინტერესო ობიექტი ამ პერიოდში - დედის სახეა. სასურველია, ბავშვი 35-40 სმ-ის მანძილზე გეჭიროთ, რომ შეძლოს თქვენი ნაკვთების გარჩევა.
პირველი ღიმილი - ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, ეს მისი სოციალური დებიუტია. ბავშვთა სახლებში ახალშობილებში ფსიქიკური განვითარების შეფერხება რომ შეეჩერებინათ, ფსიქოლოგები ბავშვებს საწოლთან ახლოს ადამიანის გამოსახულებიან ნახატს ან ბურთს უკიდებენ.
ზრდის მეორე ნახტომი - საკუთარი სხეულის შესწავლა
8-9 კვირა (პიკი 8 კვირა)მისი შეგრძნება: "აი, როგორი ვარ!"რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- თავის დაჭერა, მობრუნება, საგანზე გახედვა;
- აღმოაჩენს, რომ აქვს ხელები, ფეხები და ყურადღებით შეისწავლის მათ.
- არჩევს ხმას, გემოს, სუნს;
- იჭერს სათამაშოს ხელში;
- ცდილობს, გადაბრუნდეს ზურგიდან მუცელზე და პირიქით;
- ცნობისმოყვარეობას ავლენს ყველაფრის მიმართ, რაც მოძრაობს;
- ხმამაღლა ცდილობს ყურადღების მიქცევას.
ქცევის თავისებურებებისამყარო განსხვავებული და მრავალფეროვანი გახდა, ინფორმაციის დონემ მოიმატა, რაც მასში გაურკვევლობას იწვევს. სადაა ხსნა? რა თქმა უნდა, დედის გვერდით. და ყველაფრის გაცნობა დედის გვერდით უკეთესია. ამიტომაც "იძახებს" დედას ხშირად და უხარია, როცა დედა მის რეაგირებას ეხმაურება.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
აიყვანეთ ბავშვი ხელში და ატარეთ ოთხში, ქუჩაში, აჩვენეთ სხვადასხვა საგანი, გააცანით ადამიანები, ცხოველები. მიეცით სათამაშო, რათა შეისწავლოს იგი. დაუთვალეთ თითები, შეეხეთ მის ყურებს, ცხვირს, თვალებს; აჩვენეთ ისინი თქვენზე და ასწავლეთ მათი სახელები. დააკვირდით, როგორ ცდილობს პატარა მათი სახელების წარმოთქმას და გამოეპასუხეთ, უნდა მიხვდეს, რომ მისი გესმით. ელაპარაკეთ ყველაფერზე, რასაც გარშემო ხედავთ. ჩაურთეთ მუსიკა, მშვიდი, კლასიკური; თუ ჭირვეულობს, შეურჩიეთ ზღვის ხმა, ან ჩიტების ჭიკჭიკი. რიტმულები მხნეობის დროს ჩაურთეთ. დააკვირდით რის მიმართ ავლენს ინტერესს.
ფსიქოლოგის რჩევა: 6-7 კვირის ასაკში ჩვილი საკუთრი ხელების შესწავლას იწყებს. აკვირდება თითებს, მტევნებს, მუშტებს. ჯერ ვერ ხვდება, რომ ისინი მისია. სულ ხელში ნუ გეყოლებათ, რადგან ხელების შესწავლის პროცესს შეანელებთ. აუცილებლად დააწვინეთ. 3 თვისას კი უკვე შეეძლება დაწოლილმა სათამაშო შეისწავლოს.
ზრდის მესამე ნახტომი - ჰარმონიული მოძრაობები
მე-12 კვირაშეგრძნება:
"მე ვტრიალდები"რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- ხედავს გარშემო არსებულ სამყაროს და არა ცალკეულ საგნებს;
- აკეთებს ჰარმონიულ და არა მკვეთრ მოძრაობებს;
- ცდილობს ხმის დაყენებას, მარცვლებს ხან ხმადაბლა წარმოთქვამს, ხან ხმამაღლა;
- ყურადღებას იქცევს არამარტო ტირილით, არამედ ყვირილით და სიცილით.
ქცევის თავისებურებებიასეთ პერიოდში ბავშვს მეტი ყურადღება სჭირდება. ჩვილი შეიძლება გახდეს მოთენთილი, აპათიური, გაუფუჭდეს მადა ან პირიქით, ისტერიკაში ჩავარდეს. ერთი სიტყვით, მისი ქმედება მკვეთრად იცვლება. ამასთან, საეჭვოდ უყურებს უცხოებს.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
დაულაგეთ საგნები ახლოს, რომ შეძლოს მათი იოლად აღება. დააჭერინეთ სხვადასხვა ზედაპირიანი სათამაშო. დაიწვინეთ მუხლებზე და დაარწიეთ, აიყვანეთ ხელში და თვითმფრინავივით "გააფრინ-გამოაფრინეთ". მოიფიქრეთ თქვენებური გასართობი. და რაც მთავარია, ელაპარაკეთ, ელაპარაკეთ, ელაპარაკეთ. ნუ გგონიათ, რომ არ ესმის თქვენი.
ფსიქოლოგის რჩევა: სამიდან 4 თვემდე ბავშვი სწავლობს გადაბრუნებას, ჯერ გაუთვითცნობირებლად და მერე უკვე გაცნობიერებულად. შეუქმენით კომფორტული გარემო: არც ძალიან რბილი და არც უხეში. კარგი იქნება, თუ ზომიერად მყარ სავარჯიშო ხალიჩას შეუძენთ. და რაც მთავარია, მიეცით ბავშვს თავისუფლება, რომ იბრუნოს. ახლა მოდაშია ბავშვს ხელში დაჭერა, რა თქმა უნდა, ტაქტილური კონტატქი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სავარჯიშო უნარების განვითარებაც მნიშვნელოვანია ჩვილისთვის.