საჯარო სკოლების IV-IX კლასის მოსწავლეებმა დიაგნოსტიკური შეფასების მისაღებად ტესტირება უნდა გაიარონ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი ავრცელებს. "ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა გულისხმობს მოსწავლეების პროგრესის უზრუნველყოფას საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებთან მიმართებით. ამ მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიაგნოსტიკური შეფასება, რომლითაც ხდება მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად. დიაგნოსტიკურ შეფასებას ყველა სკოლა ინდივიდუალურად ახორციელებს და პროცესში ჩართული არიან მასწავლებლები და IV-IX კლასების მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური შეფასება არ ახდენს ზეგავლენას განმსაზღვრელ (ნიშნიან) შეფასებაზე და აქვს მხოლოდ განმავითარებელი შეფასების ფუნქცია. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გამოცდას, ან ტესტირებას, რომლის ფარგლებში მოსწავლე ნიშნით ფასდება" - ნათქვამია განცხადებაში. შეფასება ჩატარდება ყველა საგანში გარდა მეორე უცხოური ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა.