მოზარდებში სქესობრივი განვითარების შესახებ ინფორმაცია ბევრი მშობლისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, რათა ისინი ამ პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ გარკვეული პათოლოგიები.
"საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა" მშობლებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემაზე შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, პერიოდულად მართავს შეხვედრას. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის თემა მოზარდებში სქესობრივი მომწიფება და ამ მიმართულებით განათლებაა, რომელსაც ფსიქოლოგი
მაია ჯიბუტი უძღვება. ხოლო აქტუალურ თემაზე ექიმი სექსოლოგი, მედიცინის დოქტორი
ლევან კობალაძე საუბრობს.
ექიმის განმარტებით, მშობელი არასდროს არ უნდა მოერიდოს შვილთან ამ თემებზე საუბარს. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა, როგორ გამოიხატება სქესობრივი მომწიფება გოგონებსა და ვაჟებში და აღნიშნა, რომ საშუალოდ, გოგონებში ეს პროცესი 9-13 წლის ასაკში, ბიჭებში კი ცოტა უფრო მოგვიანებით, დაახლოებით, 10-დან 14 წლამდე ასაკში იწყება. ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, როგორც წესი, გარკვეულ პათოლოგიასთანაა დაკავშირებული ისევე, როგორც დაგვიანებული მომწიფება და ასეთ დროს ექიმთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
ლევან კობალაძემ ასევე ისაუბრა, რას უნდა მიაქციონ ვაჟების მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება:
"თუ ვაჟს შეატყვეს, რომ ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ აქვს ჩამოსული, ადრე 4-5 წლამდე ელოდებოდნენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მუცლის ღრუში დარჩენილმა სათესლე ჯირკვალმა შეიძლება სიმსივნური გადაგვარება განიცადოს. ზოგჯერ ის თავისით ჩამოდის. ამიტომ, 1-2 წლამდე ველოდებით, მაგრამ თუ თავისით არ ჩამოვა, ექიმს უნდა მივმართოთ", - ამბობს ის.
ასევე აღნიშნავს, რომ ჭარბი წონა, ისევე, როგორც წონის დეფიციტი უარყოფით გავლენას ახდენს სქესობრივი განვითარების თვალსაზრისით და მშობლებს ამ მიმართულებითაც ყურადღებისკენ მოუწოდებს. გოგონების მშობლებს კი ურჩევს, რომ მათ თავიანთ შვილებს მენსტრუალური ციკლის შესახებ წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ამან ბავშვებში შიში და დაბნეულობა არ გამოიწვიოს.
ლევან კობალაძე ასევე ყველაზე გავრცელებულ მითებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სქესობრივ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს:
- მსგავსი სტერეოტიპები და მითები, ხშირ შემთხვევაში, არასწორ ქცევასა და პრობლემებს განსაზღვრავენ ხოლმე. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტიპის განათლება ნაადრევ სექსუალურ აქტივობას იწვევს. ამაზე არაერთი კვლევაა ჩატარებული, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. რაც უფრო მეტადაა განათლებული მოზარდი, ახალგაზრდა, რაც მეტი ინფორმაცია აქვს, თუნდაც იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება სქესობრივი ცხოვრების დაწყებას მოჰყვეს, მით უფრო გვიან იწყებენ სექსუალურ აქტივობას. არსებობს ასევე მითი, რომ კონტრაცეფცია მავნებელია და თავდაცვის ერთადერთი საშუალება თავშეკავებაა. ზოგადად, თავშეკავება ცუდი არ არის და ადამიანმა სქესობრივი ცხოვრება მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც მთლიანადაა მომზადებული, არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოემოციურადაც. თუმცა, კონტრაცეფცია მრავალნაირია და ის ძალიან ეფექტურია. შესაბამისად, ეს მოსაზრებაც მითია. არსებობს მოარული ინფორმაცია, რომ პირველ ღამეს ქალისთვის საშინელი ტკივილი, სისხლის მდინარეები ახასიათებს. ხშირ შემთხვევაში, ეს გარკვეულ ცუდ როლს თამაშობს იმიტომ, რომ მცდარ მოლოდინს ქმნის. ზოგჯერ აპკი ისეთი თხელია, შესაძლოა რამდენიმე წვეთი სისხლი გამოვიდეს ან სულაც არ იყოს. ეს შემდეგში ბიჭის მხრიდან ეჭვებს იწვევს, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო და ამას შესაძლოა გარკვეული კონფლიქტიც სდევდეს თან. როდესაც საუბარია მასტურბაციაზე, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ძალიან დიდი ცოდვა, საშინელებაა. მასტურბაცია ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალური პროცესი ორივე სქესის შემთხვევაში. თვითშემეცნებისა და სექსუალობის ჩამოყალიბებისთვის ეს აუცილებელი სტადიაა.
- როდესაც სექსუალურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, შვილებთან მიმართებაში რაზე უნდა გაამახვილონ მშობლებმა ყურადღება?
- პირველ რიგში, ბავშვთან აუცილებლად ახლო კონტაქტში იყავით. ბავშვს მშობლისგან სითბო უნდა გადაეცემოდეს. ყოველ შემდეგ ეტაპზე მასთან ურთიერთობისთვის იყავით გახსნილები. თუ შეკითხვას დაგისვამთ, მაქსიმალურად შეეცადეთ, პასუხი გასცეთ. იქონიეთ გარკვეული მასალები, რომ მის კითხვაზე პასუხის გაცემისას თვალსაჩინოდ აჩვენოთ. თუ პასუხი არ გაქვთ, შეეცადეთ, ეს მოიპოვოთ. ასევე, მუდმივად დააკვირდით მის ჯანმრთელობას, რომ გარკვეული პათოლოგიები არ გამოგეპაროთ, რომლებიც მომავალში რთულად სამართავი იქნება, თუ თავიდანვე არ მივხედეთ. მაგალითად, ასეთია ჭარბი წონა, სიგამხდრე, ზრდაში ჩამორჩენა, სქესობრივ განვითარებაში ჩამორჩენა, გამონაყარი, აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ბიჭების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორაა სათესლე ჯირკვლები ჩამოსული, ასევე ბიჭებში ძალიან მნიშვნელოვანია ფიმოზი და პარაფიმოზი, როდესაც ჩუჩა ვერ გადმოდის, ამან შეიძლება შემდეგ გარკვეული პრობლემები შეუქმნას. ბავშვების ჰიგიენასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. მივაჩვიოთ ისინი სწორ ქცევას. შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი მითებსა და სტერეოტიპებზე. ჯობს, თქვენგან მიიღონ სანდო ინფორმაცია, ვიდრე თავის თანატოლებისგან არასწორი შეხედულება. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გაგიჩნდებათ შეკითხვები ან ეჭვები, ჯობს სპეციალისტს მიმართოთ, ვიდრე გადახვიდეთ თვითმკურნალობასა და მეზობლებისა და ახლობლების რჩევაზე. იმისთვის არსებობს ექიმი, რომ იქ, სადაც თქვენ გაქვთ შეკითხვები, მიმართოთ და შესაბამისი დახმარება მიიღოთ.