დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება იზრდება და იგი 150 ლარს შეადგენს. აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან 341 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, ხომ არ შეიცვალა დახმარების მიმღებთა კრიტერიუმები, სადაც განგვიცხადეს, ეს დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთა ქულა 120 ათასამდეა და ფულადი დახმარებით ოჯახის ყველა 16 წლამდე ასაკის ბავშვი ისარგებლებს.
როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ბავშვები მომატებულ თანხას უკვე მიმდინარე თვეში მიიღებენ.