გახვევასაც და თავისუფალ მეთოდსაც თავ-თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ჩვენი ბებიებისთვის საკამათო არასოდეს ყოფილა საკითხი, საჭიროა თუ არა ახალშობილის გახვევა. არცთუ ისე შორეულ წარსულში ყველა ბავშვი ზეწარში გამოკრული იზრდებოდა, ძირითადად, 3 თვემდე. ახალმა დრომ კი მიდგომები შეცვალა და ბევრმა სპეციალისტმა სახვევებზე უარი თქვა. მათ ბევრი მომხრე გამოუჩნდათ. საქმე ისაა, რომ გახვევასაც და თავისუფალ მეთოდსაც თავ-თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
საჭიროა თუ არა ახალშობილის გახვევა
სახვევების უდაო ღირსებაა ის, რომ ხელს უწყობს შეხების გრძნობის განვითარებას. დაბადებისთანავე ბავშვი გარემოს შესწავლას იწყებს. გახვეული ბავშვის ხელ-ფეხი ტანთან ახლოს სხვადასხვა ზედაპირზე მუდმივად შეხებაშია. გაღვიძებისთანავე პატარა აქტიურად იწყებს სახვევებისგან თავის დაღწევას, ეს კი გარემოს შეცნობის ძალიან კარგი გზაა. ასეთი სტიმული არ აქვთ ბავშვებს, რომლებსაც სახვევების გარეშე სძინავთ.
კიდევ ერთი არგუმენტი სახვევის სასარგებლოდ: ახალშობილს ხშირად აკრთობს თავისივე ხელ-ფეხის მოძრაობები. გახვეულს კი მშვიდად სძინავს. პირველ დღეებში ასეთ მშვიდ ძილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან დღის რეჟიმის ჩამოყალიბება უნდა დაიწყოთ. შეგიძლიათ მხოლოდ კისრიდან წელამდე გაახვიოთ პატარა. ეს მეთოდი სიცხეში საკმაოდ მოსახერხებელია.
თავისუფალი გახვევა
გახვევის ეს ფორმა ბავშვს ხელ-ფეხის მოძრაობას არ უზღუდავს. ამ დროს არ არის საჭირო, ბავშვს ხელ-ფეხი გაუსწოროთ და ისე გადაახვიოთ. პირიქით, ხელ-ფეხი ოდნავ მოხრილი რჩება, როგორ მდგომარეობაშიც ბუნებრივად აქვს და ისე ვახვევთ ზეწარს. ამით ბავშვი არც ზედმეტად ამოძრავებს ხელ-ფეხს და თან თავისუფლად, ბუნებრივ მდგომარეობაში რჩება.
მჭიდრო გახვევა
ეს ბებიების მეთოდია. ამ დროს სახვევის ქვეშ ბავშვს ბოლომდე უსწორებდენ ხელ-ფეხს და მჭიდროდ კრავდნენ. ამ მეთოდთან დაკავშირებით არაერთი მცდარი შეხედულება არსებობს.
1. მცდარია აზრი, რომ მჭიდროდ და სწორად გახვევა ბავშვს სწორ და გამართულ აღნაგობას ჩამოუყალიბებს.
2. ბავშვს უფრო ღრმად დაეძინება.
3. აღარ იტირებს, რადგან მისთვის ჩვეულ ემბრიონის პოზაში წევს.
რა საჭიროა მჭიდროდ შეხვევა
მოუცლელი დედებისთვს მოხერხებულია ბავშვის დიდი ხნით გაუნძრევლად წოლა, სამაგიეროდ ახალშობილს კიდურების ფიზიოლოგიური მდგომარეობა დარღვეული აქვს.
სპეციალისტები ამ მეთოდს არ ემხრობიან და უმეტესწილად თავისუფალ გახვევას გირჩევენ. განსაკუთრებით - 2 თვემდე ასაკში და მით უმეტეს, ღამით. ან საერთოდაც - ისე, როგორც უმეტესობა აკეთებს, ანუ საერთოდ არ ახვევს. მით უმეტეს, ახლანდელ მეტისმეტად აქტიურ და თავისუფლების მოყვარულ ბავშვებს დიდად არ სიამოვნებთ გახვევები და როგორც წესი, პირველი დღეებიდანვე აპროტესტებენ მსგავს შეზღუდვებს.