რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვილმა კარგად დაიძინოს და ნაკლები იტიროს პედიატრის რჩევები, გზამკვლევი ახალგაზრდა დედებს! პასუხები კითხვებზე, რომელიც ყველა ახალბედა დედას აწუხებს! შეკითხვებს პასუხობს პედიატრი ლიკა თედიაშვილი:
- პირველი 4-5 დღის განმავლობაში ჩვილი წონაში დაიკლებს, რაც ნორმალური მოვლენაა, შემდგომში იწყება მასის აღდგენა და თანდათან მატება. თუ ბავშვი ჯანმრთელია, არაა საჭირო წონის მომატებაზე ზედმეტი წუხილი. შეგიძლიათ კვირაში ერთხელ თვითონ აწონოთ (აწონვა უნდა მოხდეს ერთი და იგივე დროს, ჭამის წინ, შიშველი და ა.შ. ერთნაირ პირობებში), ან მიმართოთ ექიმს.
ჭიპლარის კვანძი, რომელიც ბავშვის დაბადებისას ბებიაქალმა დაამუშავა, დაახლოებით ერთ კვირაში თავისით მოსცილდება, თუ ჭიპის არეში შეწითლებას ან სისხლიან გამონადენს შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს.
სამშობიარო არხში გავლისას შესაძლოა შეიცვალოს ახალშობილის თავის ფორმა, რაც პირველი კვირის მანძილზე გასწორდება, ხოლო თავზე არსებული რბილი ადგილი (ყიფლიბანდი) უფრო მოგვიანებით, 1-1,5 წლის შემდეგ დაიხურება.
დაბადებიდან მე-4-5 დღეზე პატარას ზოგჯერ წვრილი, წითელი, წერტილოვანი გამონაყარი უვითარდება, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობას და 2-3 დღეში თავისით გაქრება. თუ კანი აქერცლილია და მოყვითალო შეფერილობისაა, ხოლო სიყვითლე 12-14 დღის შემდეგაც გრძელდება - უნდა მიმართოთ ექიმს. ჩვეულებრივ ე.წ. "ფიზიოლოგიური სიყვითლე" 7-14 დღეში უნდა ალაგდეს.
შესაძლოა ბიჭებს სათესლე პარკი და ასო შეშუპებული და მუქი შეფერილობის ჰქონდეთ, ხოლო გოგონებს საშოდან მცირე ოდენობის სისხლიანი გამონადენი აღენიშნებოდეთ. ამავე დროს / ან შეუშუპდეთ სარძევე ჯირკვლები (გადიდება/გამონადენით), ნუ შეშინდებით!.. ჩარევა არაა საჭირო. ეს ცვლილებები 1-2 კვირაში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ბავშვის ცემინება სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო ნაწილაკების გამოდევნას უკავშირდება და ამ ასაკში არ ნიშნავს ავადმყოფობას.
გახსოვდეთ! ძუძუზე მყოფ ახალშობილს ნაწლავთა მოქმედება ყოველი კვების შემდეგ შეიძლება ჰქონდეს. პირველი განავალი (ე.წ. მეკონიუმი) არის ბლანტი კონსისტენციის და მწვანე ფერის. 2 თვის შემდეგ ნაწლავთა მოქმედების სიხშირე მცირდება (2-3-ჯე დღეში). ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს ნაწლავების მოქმედება აქვს დღეში ან ორ დღეში ერთხელ. თუ სიხშირე მკვეთრად მოიმატებს, ხოლო განავალი ლორწოს ან სისხლის შემცველი გახდება - მიმართეთ ექიმს!
ბუნებრივი, როცა ბავშვი 6 თვემდე მხოლოდ დედის რძით იკვებება. შერეული, დედის რძესთან ერთად ეძლევა ხელოვნური საკვები. ხელოვნური, ბავშვი მხოლოდ ხელოვნური ნარევით იკვებება. ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს მშობიარობიდან 1/2-1 საათში.
ძუძთი კვება ნიშნავს მხოლოდ დედის რძით კვებას, ინდივიდუალური რეჟიმით, მოთხოვნილების მიხედვით (8-12-ჯერ დღეში), სხვა საკვების/სასმელის (მათ შორის წყლის) დამატების გარეშე.
შენიშვნა: დამატებითი საკვების მიცემა აუციელბელია 6 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების გაგრძელება დამატებით კვებასთან ერთად შეიძლება ორ წლამდე.
ძუძუთი კვების წინ
დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით. მოთავსდით მოხერხებულად და ბავშვი დააწვინეთ გვერდზე ისე, რომ მისი სახე, მკერდი, მუცელი და მუხლები თქვენ გიყურებდეთ. ძუძუ მოათავსეთ ხელის 4 თითსა (ქვემოთ) და ცერს შორის (ზემოთ), წოვის დაწყებამდე პატარას პირის კუთხე ძუძუს კერტით გაუღიზიანეთ, რომ პირი ფართოდ გააღოს და მარტო დვრილს კი არა, მის ირგვლივ მუქ რგოლს (არეოლას) მოეჭიდოს. ახალშობილს შეიძლება ყოველ კვებაზე ორივე ძუძუ აწოვოთ. დაიმახსოვრეთ! რაც უფრო ბევრ რძეს გამოწურავთ, მით მეტი ჩაგიდგებათ ძუძში.
თუ ბავშვის კვების დროს სახლში არ იქნებით, გამოიწურეთ რძე და მოათავსეთ წინასწარ გასტერილებულ ჭურჭელში, შეინახეთ მაცივარში. დაიმახსოვრეთ! თქვენ შეიძლება დაფეხმძიმდეთ მაშინაც კი, როცა ბავშვს კვებავთ - გაესინჯეთ ექიმს!
- დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება პატარას მოთხოვნილების შესაბამისად. სრულფასოვანი საკვებია და მასში ბავშვისათვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერების საუკეთესო თანაფარდობაა წარმოდგენილი.
ჩვილის პირველი აცრაა და იცავს მას სხვადასხვა ინფექციისა და ალერგიისაგან.
ადვილი მოსანელებელია. უსაფრთხოა და მოსხერხებელი. არ მოითხოვს შეთბობას ან ადუღებას.
ხელს უწყობს ბავშვის ენის, სახის კუნთების და ზოგადად, სრულყოფილ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. იგი ხიდია დედასა და ბავშვს შორის. ჩვილი კვებასთან ერთად იღებს სითბოს და სიყვარულს და იკმაყოფილებს დედასთან ურთიერთობის მოთხოვნილებას.
კვების შემდეგ დაკმაყოფილებულია. წონის ნამატი კვირაში საშუალოდ 125-150 გრამია. შარდავს 6-8-ჯერ მაინც დღე-ღამეში. ყოველდღიურად აქვს კუჭის მოქმედება. გახსოვდეთ! ბოთლიდან წოვის შემდეგ ბავშვები ხშირად არასწორად ეჭიდებიან ძუძუს და მალე საერთოდ თავს ანებებენ. ნუ გამოიყენებთ საწოვარას!
- პატარები, ჩვეულებრივ, ტირიან, როცა შიათ, მაგრამ ტირილის მიზეზი ყოველთვის არაა შიმშილი. მათ შეიძლება იტირონ, როდესაც ცივათ ან სცხელათ. სიცივის შემთხვევაში წყნარად და ხანგრძლივად ტირიან (ხშირად ასლოკინებენ). ამ დროს საჭიროა შეამოწმოთ შესაფენი, გამოუცვალოთ იგი და ჩაათბოთ. თუ გადახურებულია და ცხელა, ჩვილი შფოთავს და ხან ძლიერად ხან სუსტად ტირის, ხოლო მუშტები შეკრული აქვს. ამ შემთხვევაში ოთახი უნდა განიავდეს, ბავშვს გავხადოთ ტანსაცმელი და მსუბუქი თეთრეული შევუცვალოთ.
ჩვილის ტირილი, მოკლე და განგმირავი წამოყვირებით ხშირად მუცელში გაზების დაგროვებას უკავშირდება. ამ დროს იგი უნდა ავიყვანოთ ხელში. შესაძლოა ამოაბოყინოს და მოეშვას. სხვა შემთხვევაში საჭიროა სწორ ნაწლავში გაზგამტარი მილის შეყვანა.
ზოგჯერ ახალშობილი ტირის მოწყენილობის გამო. ამ დროს იგი საკმაოდ მაღალი ხმით იწყებს ტირილს, შემდეგ კი წყნარად ტირის. ამ შემთხვევაში საჭიროა მოვეფეროთ, გავართოთ და ნელ-ნელა თამაშიც ვასწავლოთ.
თუ ტირილი ავადმყოფობითაა გამოწვეული და ვხედავთ, რომ სუნთქვა აჩქარებულია, ხოლო სხეული - მოდუნებული, საჭიროა სასწრაფოდ გავუზომოთ ტემპერატურა და მოვიწვიოთ ექიმი.
დააწვინოთ ერთი და იგივე დროს. არ შეაშინოთ თქვენი მკვეთრი მოძრაობით და ხმამაღალი ლაპარაკით. არ გაუწყრეთ, არ დაუყვიროთ, არ ცემოთ!... ელაპარაკეთ მშვიდათ და ალერსიანად. არ გააღიზიანოთ, საღამოს იგი უნდა გაერთოს მშვიდი თამაშით.
- საწოლი კარგად უნდა იწმინდებოდეს. მას უნდა დაეფაროს ლეიბი, შემდეგ რეზინის საფენი და სუფთა ზეწარი, რომელიც ყოველდღე შეიცვლება. ბალიში არაა საჭირო. უმჯობესია ბავშვი იწვეს სწორ ზედაპირზე, რომ ხერხემალი არ გაემრუდოს.
ეტლი საწოლს ვერ ცვლის. იგი ცუდად ატარებს ჰაერს; ქუჩიდან ოთახში მტვერი რომ არ შემოვიტანოთ, უმჯობესია შემოსასვლელში დავტოვო და ხშირად გავწმინდოთ.
- აბაზანა უნდა იყოს პლასტმასის ან მომინანქრებული. იგი კარგად უნდა გაირეცხოს საპნით და თბილი წყლით. არ შეიძლება მისი გამოყენება სხვა საგნების რეცხვისათვის!
დაბანისათვის საჭიროა შემდეგი საგნები: საპონი, ღრუბელი, გასამშრალებელი საფენი, სავარცხელი, მაკრატელი ფრჩხილებისათვის, წყლის თერმომეტრი. ნივთები უნდა შეინახოთ თავდახურულ ჭურჭელში.
აბაზანაში წყალი უნდა ჩაასხათ ფსკერიდან 6-7 სმ-ზე, ხოლო ფსკერზე სიგრძივად ჩააფინოთ დაკეცილი საფენი, რათა ბავშვს ფეხები არ დაუცურდეს.
წყლის ტემპერატურა პირველ დღეებში 35-360ჩ უნდა იყოს, შემდეგ თანდათან მცირდება და მეექვსე კვირისათვის 320ჩ-ს უახლოვდება, რაც შეეხება ოთახის ტემპერატურას, იგი ბანაობისას 20-220ჩ უნდა იყოს!
აბაზანის ხანგრძლივობა - 5-10 წთ.
უმჯობესია საღამოს დაბანა, რომ მან კარგად დაიძინოს მთელი ღამე.
- პირველ დღეებში ფრჩხილები სწრაფად იზრდება და მას ხშირად უნდა დაჭრა, რომ არ დაიკაწროს ბავშვმა სხეული.
ხელებზე ფრჩხილები იჭრება მრგვალად (რკალისებურად), ხოლო ფეხებზე - სწორად.
უმჯობესია ფრჩხილების მოჭრა დაბანის შემდეგ, 7-10 დღეში ერთხელ.
არ არის მიზანშეწონილი ქსოვილის სათამაშო. ვინაიდან მასში გროვდება მტვერი და ცუდად ირეცხება.უმჯობესია რეზინის ან პლასტმასის სათამაშო, რომელთა ნაწილები მყარად იქნება შეერთებული და არ დაიშლება.
სათამაშო არ უნდა იყოს შეღებილი და მცირე ზომის, რომ არ გადაყლაპოს პატარამ.
ნაყიდი სათამაშო მოტანისთანავე უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და საპნით.
ბავშვს არ უნდა მივცეთ ერთად ბევრი სათამაშო. ამასთან, უნდა ვაჩვენოთ მას, როგორ ითამაშოს.
როგორ ვითარდება ახალშობილი 1-3 თვის ასაკში.
თვალს აყოლებს მბრწყინავ საგანს ძლიერ ხმაურზე კრთება და თვალებს ახამხამებს პირველად იღიმება ცდილობს მუცელზე წოლისას თავი ასწიოს სძინავს 12-18 სთ. მზერას უძრავ საგნებზე აჩერებს გულისყურით უსმენს ხმაურს სიხარულს ღიმილითა და აქტიური მოძრაობით გამოხატავს ცდილობს შეეხოს ჩამოკიდებულ სათამაშოს ღუღუნებს. ცნობს ძუძუს ან ბოთლს. მოვლა:
ბავშვს ყოველდღიურად ჩაუტარეთ სახის, თვალების, ცხვირის, კანის ტუალეტი (ოთახის ტ. 19-21 გრადუსი).
აუცილებლად გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დაიწყეთ 5-10 წთ-ით და თანდათან გაზარდეთ სეირნობის ხანგრძლივობა. მოარიდეთ სიცივეს და კაშკაშა მზეს.
3-4 თვის პატარა შეგიძლიათ ჩასვათ მანეჟში და მისცეთ ფორთხვის საშუალება.
არ მიამაგროთ სწოლზე მცირე ზომის საგნები და სათამაშოები, რომელთა გადაყლაპვა არის შესაძლებელი. ასწიეთ საწოლის გვერდები, როცა ბავშვი მარტოა. არ აიყვანოთ ჩვილი ხელში, თუ ცხელ სასმელს (ჩაი, ყავა) სვამთ. მოარიდეთ ახალშობილი თამბაქოს კვამლს. არ დატოვოთ მანქანაში ბავშვი მარტო და მგზავრობის დროს ხელში არ დაიჭიროთ. უმჯობესია გაოიყენოთ ჩვილისათვის განკუთვნილი უსაფრთხო, დასაჯდომი სკამი. არ შეაჯანჯღაროთ ბავშვი. დროულად გაუკეთეთ აცრები. ბედნიერ დედობას გისურვებთ!
სალომე გორგოშიძე