თუ ამ წესებს დაიცავთ, ბოთლის შემდეგ ბავშვი ძუძუზეც აღარ იტყვის უარს თუ ბუნებრივ კვებაზე უარის თქმა მოგიხდათ და ბავშვს ბოთლით აჭმევთ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. ეს წესები სასარგებლოა თუნდაც იმ მხრივ, რომ ბოთლიდან ბუნებრივ კვებაზე გადასვლა არ გაგიჭირდეთ.
1. შეიძინეთ თანამედროვე ბოთლი, რომელსაც სპეციალური ადაპტირებული საწოვარა აქვს, რომელიც ძუძუთი კვების იმიტაციას ქმნის და ბავშვის ასაკს შეესაბამება. ფიზიოლოგიური ბოთლები, რომლებიც სპეციალურად მოხრილი ფორმისაა, ანტიკოლიკური ეფექტით ხასიათდება. საწოვარასაც თავისებური სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, რომელიც ძუძუდან გამოწოვილი რძის იმიტაციას მისცემს და ბავშვს მოდუნების საშუალება არ ექნება, როგორც ძველებური საწოვარას შემთხვევაში. ამიტომაც აღარ ეკარებოდნენ ბავშვები ძუძუს ბოთლის შემდეგ.
2. ბოთლით კვებისას ბავშვი ისე უნდა გეჭიროთ, როგორც ძუძუთი კვების დროს.
ჩაიხუტეთ პატარა, დაამყარეთ მასთან ემოციური კონტაქტი. არ შეიძლება ზურგზე მწოლიარე ბავშვის კვება - თავი მუცელზე ზევით უნდა ჰქონდეს.
3. დააკვირდით ბოთლში რძეს - ჰაერის ბუშტუკები უნდა წარმოიქმნებოდეს, რაც ადასტურებს, რომ ბავშვი სწორად ჭამს.
4. საწოვარაც სწორად ჩაუდეთ პირში - პირის ღრუში წაგრძელებული ნაწილი უნდა მოექცეს, ტუჩებით კი შესქელებულ ნაწილს უნდა წვდებოდეს. საწოვარა ამ დროს ბოლომდე რძით უნდა იყოს სავსე, ჰაერის ბუშტუკები არ უნდა ჩანდეს.
5. კვების შემდეგ ბავშვი ვერტიკალურად დაიჭირეთ მანამ, სანამ კვებისას ჩაყლაპულ ზედმეტ ჰაერს არ ამოისვრის.