რომელი პროდუქტები და რამდენი უნდა მისცეთ ბავშვს - დამატებითი კვების ცხრილი გრამებში
რომელი პროდუქტები და რამდენი უნდა მისცეთ ბავშვს - დამატებითი კვების ცხრილი გრამებში
ბავშვთა კვება 0-დან 12 თვემდე. პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგის, ნათია ცირდავას რეკომენდაციები:

ახალშობილთა კვება

როცა ბავშვს შია, ჩვეულებრივ, ის ამაზე მიგვანიშნებს ტირილით, მაგრამ ტირილი ყოველთვის შიმშილის ნიშანი არ არის. ბავშვი შეიძლება ტიროდეს, როდესაც სურს ამოქარვება (დაბოყინება), სცივა, ჩასველებულია, მუცელი სტკივა და ა.შ. მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი ტირის 3 საათზე მეტ ხანს დღეში და 3 დღეზე მეტ ხანს კვირაში. ჩვეულებრივ, ბავშვი თვითონ აყალიბებს თავისი კვების რეჟიმს, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ მას დაეხმაროთ კვების
მოქნილი რეჟიმის ჩამოყალიბებაში, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების მონაცვლეობით. ჩვენ გირჩევთ ძუძუთი კვების პირველი კვირის განმავლობაში ბავშვი გააღვიძოთ ყოველ 3- 3.5 საათში (დღისით და ღამით). თუ ბავშვს უფრო ხშირად სძინავს, გაღვიძება დაგეხმარებათ რძის გამომუშავებასა და შენარჩუნებაში. საერთოდ, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები იღვიძებენ ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

გახსოვდეთ, ძუძუთი კვება საუკეთესოა. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, გირჩევთ, რომ იგი გააღვიძოთ ყოველ 3.5 საათში ერთხელ ღამის 6 საათიანი შუალედით. დღის საათებში ხშირი გამოღვიძება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ღამის სიფხიზლე. ხშირად კვება იცავს მას გაუწყლოებისაგან და ხელს უწყობს წონაში

ნორმალურ მატებას. კვების დაწყებამდე შეეცადეთ შეიქმნათ დადებითი განწყობა, მოთავსდეთ მოხერხებულად და მთელი ყურადღება გადაიტანოთ მხოლოდ ბავშვზე, ვინაიდან კვების პროცესში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია
არამარტო საკვები, არამედ თქვენი სიყვარულის შეგრძნებაც.


დედის რძე – 8-12-ჯერ, ან მეტჯერ, მისი მოთხოვნილების მიხედვით დღე-ღამის განმავლობაში (დაახლოებით 2.5 – 3.5 საათის ინტერვალით)
ან
ხელოვნური ნარევი 100-დან 130 მლ-მდე 3 – 3.5 საათის ინტერვალით დღე-ღამეში (დაახლოებით 600-780 მლ დღე-ღამის განმავლობაში).
ეს შეადგენს დაახლოებით 600 კალორიას.

2-4 თვის ასაკი

  • დედის რძე 8-ჯერ ან მეტჯერ დღე-ღამეში, მისი მოთხოვნილების მიხედვით ან
  • ხელოვნური საკვები (ადაპტირებული ნარევი) ეტიკეტზე მითითებული რაოდენობის და წესების მკაცრი დაცვით – 140 მლ-დან 200 მლ-მდე 3.5-4 სთ-ის ინტერვალით (დაახლოებით 680-900 მლ დღე-ღამეში). ეს შეადგენს დაახლოებით 800 კალორიას.
  • დამატებით წყალი და ვიტამინები შეიძლება მიეცეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
  • თქვენს ბავშვს არ სჭირდება მყარი საკვები 4-6 თვის ასაკამდე (უპირატესად 6 თვემდე, როდესაც წონა მიაღწევს 6-7 კილოგრამს).

4-6 თვის ასაკი

თქვენს ბავშვს უნდა შესთავაზოთ:
  • დედის რძე მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური ნარევი 800-900 მლ დღე-ღამის განმავლობაში (5-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში).
  • ნახევრად მყარი საკვები – დამატებითი საკვები არ უნდა მიეცეს ბავშვს 6 თვის ასაკამდე.
  • დამატებითი საკვები ესაჭიროება ყველა ჩვილს 6 თვის ასაკიდან, კვების ტიპის მიუხედავად.
  • დამატებით საკვებს მიეკუთვნება ნახევრად მყარი საკვები – მარცვლეულის ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხილ-ფაფა, ხორცის და თევზისგან დამზადებული საკვები.
  • დამატებითი საკვების არჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივი წარმოშობის საკვებ პროდუქტებს, რომელზეც საქართველოში მცხოვრები მრვალი თაობა აღიზარდა. დამატებითი საკვების მომზადება და გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით.
  • დამატებითი კვებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგანგებოდ მომზადებულ და მიკროელემენტებით გამდიდრებულ საკვებს, ვიდრე ჩვეულებრივი რძის პროდუქტების გამოყენებას.
  • თავდაპირველად მიეცით რომელიმე ერთი სახეობის ბურღულეულისაგან (ბრინჯი, შვრია, ქერი) დამზადებული ფაფა ან ბოსტნეულის პიურე;
  • პირველი მიცემისათვის 1 ჩაის კოვზი ბურღულეულის ფაფა ან ბოსტნეულის პიურე შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ დედის რძეში ან ადაპტირებულ ნარევში, მიეცით კოვზით. თუ ბავშვმა ეს საკვები კარგად მიიღო და მოინელა, თანდათანობით, ბავშვის ზრდასთან ერთად, ბურღულეულის ფაფის ან პიურეს რაოდენობა შეიძლება 1-3 სუფრის კოვზამდე გაიზარდოს, შესაბამისად, გაიზრდება დასამატებელი რძის რაოდენობა;
  • შესთავაზეთ ერთ ჯერზე ერთი ახალი საკვები. მოიცადეთ 3 დღე, სანამ მისცემთ ახალ საკვებს. თუ ადგილი ექნება უარყოფით რეაქციას, როგორცაა გამონაყარი, ღებინება ან დიარეა (ნაწლავთა აშლილობა), ადვილი გასარჩევი იქნება, რომელმა ახალმა საკვებმა გამოიწვია ის.
თავდაპირველად ბავშვმა შეიძლება უარი თქვას დამატებითი საკვების მიღებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეს საკვები არ მოსწონს. იგი უბრალოდ ეჩვევა მას, ამიტომ ნუ იჩქარებთ ნახევრად მყარი საკვების სახეობის შეცვლას;
ბოლო ხანებში ექიმები ამჯობინებენ პირველი ნახევრად მყარი საკვების სახით ბავშვისათვის ბოსტნეულის პიურეს მიწოდებას, რომელიც უფრო სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისათვის.
ნახევრად მყარ საკვებს ნუ მიაწვდით ბოთლით, ამისათვის გამოიყენეთ კოვზი. ეს ხელს შეუწყობს ენის კუნთების განვითარებას და თავიდან აგაცილებთ არასწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.


ჭიქიდან დალევა

5-6 თვიდან შეგიძლიათ დააწყებინოთ ჭიქიდან დალევა. რეკომენდებულია პატარა, თავდახურული, ტუჩიანი ჭიქა.
დაიწყეთ წყალში განზავებული ხილის წვენებით და თანდათან გაზარდეთ ჭიქიდან მიღებული სითხის რაოდენობა. როდესაც ბავშვი მიეჩვევა ჭიქიდან დალევას, შეამცირეთ ძუძუთი კვების ან ბოთლიდან კვების ხანგრძლივობა. ძუძუთი კვებიდან პირდაპირ გადაიყვანეთ ჭიქაზე და თავიდან აიცილეთ ბოთლიდან კვება.

6-8 თვის ასაკი

ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ:
  • დედის რძე არაუმეტეს 4-5-ჯერ დღე-ღამეში ან ხელოვნური ნარევი 670 -1000 მლ დღე-ღამეში.
  • თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ ქვემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საკვებიდან ერთი ახალი საკვები ერთ ჯერზე. დაიმახსოვრეთ: დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და თანდათან გაზარდეთ 4 სუფრის კოვზამდე.
  • ბურღულეულის ფაფა – შერეული დედის რძეში ან ხელოვნურ ნარევში;
  • ბოსტნეული – მიეცით მოხარშული პიურეს სახით;
  • ხილფაფა - შესთავაზეთ გახეხილი ხილი ერთჯერადად (1 ჩაის კოვზი დასაწყისში). შეგიძლიათ მისცეთ ბავშვთა სპეციალური, ქარხნული წესით დამზადებული ხილფაფები.
  • ხილის წვენი – თავდაპირველად განაზავეთ წყლით. გამოიყენეთ ახალგაწურული წვენები. დაიწყეთ ვაშლის, ალუბლის, ატმის წვენით (1 წლამდე თავი შეიკავეთ ციტრუსების წვენის მიცემისგან), არ მისცეთ მზა არომატიზირებული ხილის სასმელი. მიეცით წვენი ჭიქით. ამისათვის გამოგადგებათ თავდახურული ტუჩიანი ჭიქა. დასაწყისში მიეცით 60 მლ და გაზარდეთ 120-225 მლ-მდე დღე-ღამის განმავლობაში
  • წყალი – სურვილისამებრ; ვიტამინები ან მიკროელემენტები ექიმის დანიშნულების მიხედვით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ:
  • კვერცხის გული. დასრისეთ ჩანგლით, აურიეთ რძეში, ხელოვნურ ნარევში ან ფაფაში. 1 წლის ასაკამდე კვერცხის ცილის მიცემა არ არის რეკომენდებული. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. დაიწყეთ 1/4-დან და გაზარდეთ მთლიან კვერცხის გულამდე.
  • ნადუღი. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და გაზარდეთ დოზა 2-3 სუფრის კოვზამდე.
  • გატარებული ან წვრილად დაკეპილი ხორცი ან ხორცის პიურე. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და გაზარდეთ დოზა 2-4 სუფრის კოვზამდე. დაიწყეთ ქათმის ხორცით, შემდეგ მიეცით საქონლის ხორცი. ხორცის ნაცვლად შეიძლება მისცეთ კარგად მოხარშული კანგაცლილი ლობიო ან ბარდა, რადგან ისინი მდიდარნი არიან სრულფასოვანი ცილებით.
  • როდესაც ბავშვს ამოსდის კბილები, მას სიამოვნებს სხვადასხვა მკვრივი პროდუქტის პირში ჩადება, როგორიცაა პურის ქერქი, ორცხობილა. ამ დროს აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან აიცილოთ საკვების ნაწილების გადაცდენა.
გახსოვდეთ: დედის რძე ან ადაპტირებული ნარევები ამ ასაკში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი საკვებია თქვენი ჩვილისთვის. ამდენად, ბავშვისათვის დამატებით მიცემული საკვები არ უნდა იყოს იმ რაოდენობის, რომ მან უარი თქვას დედის რძეზე ან ნარევზე. ამიტომ დაიცავით ძირითადი პრინციპი: ჯერ დედის რძე (ადაპტირებული ნარევი), შემდეგ ნახევრად მყარი საკვები!
mshoblebi

სალომე გორგოშიძე
7013
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```