გვპასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა:
- როცა ბავშვს შია, ჩვეულებრივ, ის ამაზე მიგვანიშნებს ტირილით, მაგრამ ტირილი ყოველთვის შიმშილის ნიშანი არ არის. ბავშვი შეიძლება ტიროდეს, როდესაც სურს ამოქარვება (დაბოყინება), სცივა, ჩასველებულია, მუცელი სტკივა და ა.შ. მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი ტირის 3 საათზე მეტ ხანს დღეში და 3 დღეზე მეტ ხანს კვირაში.
გახსოვდეთ, ძუძუთი კვება საუკეთესოა. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, გირჩევთ, რომ იგი გააღვიძოთ ყოველ 3.5 საათში ერთხელ ღამის 6 საათიანი შუალედით. დღის საათებში ხშირი გამოღვიძება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ღამის სიფხიზლე. ხშირად კვება იცავს მას გაუწყლოებისაგან და ხელს უწყობს წონაში
ნორმალურ მატებას. კვების დაწყებამდე შეეცადეთ შეიქმნათ დადებითი განწყობა, მოთავსდეთ მოხერხებულად და მთელი ყურადღება გადაიტანოთ მხოლოდ ბავშვზე, ვინაიდან კვების პროცესში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არამარტო საკვები, არამედ თქვენი სიყვარულის შეგრძნებაც.
დედის რძე – 8-12-ჯერ, ან მეტჯერ, მისი მოთხოვნილების მიხედვით დღე-ღამის განმავლობაში (დაახლოებით 2.5 – 3.5 საათის ინტერვალით) ან ხელოვნური ნარევი 100-დან 130 მლ-მდე 3 – 3.5 საათის ინტერვალით დღე-ღამეში (დაახლოებით 600-780 მლ დღე-ღამის განმავლობაში). ეს შეადგენს დაახლოებით 600 კალორიას.
2-4 თვის ასაკი
დედის რძე 8-ჯერ ან მეტჯერ დღე-ღამეში, მისი მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური საკვები (ადაპტირებული ნარევი) ეტიკეტზე მითითებული რაოდენობის და წესების მკაცრი დაცვით – 140 მლ-დან 200 მლ-მდე 3.5-4 სთ-ის ინტერვალით (დაახლოებით 680-900 მლ დღე-ღამეში). ეს შეადგენს დაახლოებით 800 კალორიას. დამატებით წყალი და ვიტამინები შეიძლება მიეცეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თქვენს ბავშვს არ სჭირდება მყარი საკვები 4-6 თვის ასაკამდე (უპირატესად 6 თვემდე, როდესაც წონა მიაღწევს 6-7 კილოგრამს).
იხილეთ ვრცელი სტატია ბავშვის კვებაზე 0-დან 12 თვემდე:
რომელი პროდუქტები და რამდენი უნდა მისცეთ ბავშვს - დამატებითი კვების ცხრილი გრამებში