გვპასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა:
- 4-6 თვის ასაკში ბავშვს უნდა შესთავაზოთ:
დედის რძე მოთხოვნილების მიხედვით ან ხელოვნური ნარევი 800-900 მლ დღე-ღამის განმავლობაში (5-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში). ნახევრად მყარი საკვები – დამატებითი საკვები არ უნდა მიეცეს ბავშვს 6 თვის ასაკამდე. დამატებითი საკვები ესაჭიროება ყველა ჩვილს 6 თვის ასაკიდან, კვების ტიპის მიუხედავად. დამატებით საკვებს მიეკუთვნება ნახევრად მყარი საკვები – მარცვლეულის ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხილ-ფაფა, ხორცის და თევზისგან დამზადებული საკვები. დამატებითი საკვების არჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივი წარმოშობის საკვებ პროდუქტებს, რომელზეც საქართველოში მცხოვრები მრვალი თაობა აღიზარდა. დამატებითი საკვების მომზადება და გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით. დამატებითი კვებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგანგებოდ მომზადებულ და მიკროელემენტებით გამდიდრებულ საკვებს, ვიდრე ჩვეულებრივი რძის პროდუქტების გამოყენებას. თავდაპირველად მიეცით რომელიმე ერთი სახეობის ბურღულეულისაგან (ბრინჯი, შვრია, ქერი) დამზადებული ფაფა ან ბოსტნეულის პიურე; პირველი მიცემისათვის 1 ჩაის კოვზი ბურღულეულის ფაფა ან ბოსტნეულის პიურე შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ დედის რძეში ან ადაპტირებულ ნარევში, მიეცით კოვზით. თუ ბავშვმა ეს საკვები კარგად მიიღო და მოინელა, თანდათანობით, ბავშვის ზრდასთან ერთად, ბურღულეულის ფაფის ან პიურეს რაოდენობა შეიძლება 1-3 სუფრის კოვზამდე გაიზარდოს, შესაბამისად, გაიზრდება დასამატებელი რძის რაოდენობა; შესთავაზეთ ერთ ჯერზე ერთი ახალი საკვები. მოიცადეთ 3 დღე, სანამ მისცემთ ახალ საკვებს. თუ ადგილი ექნება უარყოფით რეაქციას, როგორცაა გამონაყარი, ღებინება ან დიარეა (ნაწლავთა აშლილობა), ადვილი გასარჩევი იქნება, რომელმა ახალმა საკვებმა გამოიწვია ის. თავდაპირველად ბავშვმა შეიძლება უარი თქვას დამატებითი საკვების მიღებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეს საკვები არ მოსწონს. იგი უბრალოდ ეჩვევა მას, ამიტომ ნუ იჩქარებთ ნახევრად მყარი საკვების სახეობის შეცვლას;
ბოლო ხანებში ექიმები ამჯობინებენ პირველი ნახევრად მყარი საკვების სახით ბავშვისათვის ბოსტნეულის პიურეს მიწოდებას, რომელიც უფრო სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისათვის.
ნახევრად მყარ საკვებს ნუ მიაწვდით ბოთლით, ამისათვის გამოიყენეთ კოვზი. ეს ხელს შეუწყობს ენის კუნთების განვითარებას და თავიდან აგაცილებთ არასწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ვრცლად ბავშვთა კვებაზე ნათია ცირდავას ინტერვიუ:
რომელი პროდუქტები და რამდენი უნდა მისცეთ ბავშვს - დამატებითი კვების ცხრილი გრამებში