ჩვილების მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი ყოველგვარი სიმპტომების გარეშე, უეცრად ხდება. ასეთი დიაგნოზს სვამენ მხოლოდ მაშინ, თუ სიკვდილის მიზეზი ვერ დგინდება, ანუ არავინ იცის, რა იწვევს ასეთ სიკვდილს. თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალშობილთა მოულოდნელ სიკვდილს ერთი რომელიმე კი არა, მრავალი ფაქტორი იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვილთა მოულოდნელი სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, არსებობს საკმაოდ მარტივი ღონისძიებები, რომლებიც ასეთი სავალალო გამოსავლის რისკს მნიშვნელოვნად აქვეითებენ.
კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვილი მოულოდნელი სიკვდილის მაღალი რისკის
ჯგუფს მიეკუთვნება.
მოულოდნელი სიკვდილის რისკფაქტორებია:
ნაადრევი მშობიარობა, მცირე მასის ახალშობილი; დედის დატვირთული ანამნეზი - ბევრი ხელოვნური თუ ბუნებრივი აბორტი, მკვდრადშობადობა, სასქესო ინფექციები; ძალიან ახალგაზრდა ან, პირიქით, ასაკოვანი დედა; სამშობიარო ტრავმა (პერინატალური ენცეფალოპათია); მამრობითი სქესის ახალშობილი (თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია); მწეველი მშობლები (გასაკუთრებით, თუ სახლშიც ეწევიან); ბავშვის საწოლში რბილი ბალიშები და საბანი; ბავშვის გადახურება, განსაკუთრებით - ძილის დროს; ჩვილის წონის მცირე ან პირიქით ზედმეტი მატება; ჩვილისადმი მშობლის უყურადღებობა (მათ შორის - ფსიქოლოგიურიც); ცუდი საცხოვრებელი გარემო; მშობლების გაუნათლებლობა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით.
უსაფრთხოების წესების დაცვით ბავშვთან ერთად ძილი არა თუ უსაფრთხო, სასარგებლოც კი არის. სტატისტიკურად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდაა დანერგილი ბავშვთან ერთად ძილის პრაქტიკა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ნაკლებია ჩვილების მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევა. ამ ფენომენის მიზეზი ისაა, რომ მშობლის გვერდით ბავშვის გულისცემა და სუნთქვა უფრო რიტმულია, ამიტომ ძილის დროს გულისა და სუნთქვის გაჩერება ნაკლებმოსალოდნელია.
რამდენადაც უნდა გსიამოვნებდეთ საწოლში ბავშვთან ერთად წოლა, არის სიტუაციები, როცა აუცილებელი ხდება ჩვილის საწოლში გადაწვენა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, თუ თქვენი მეუღლე საწოლში ეწევა, ან ნასვამია, ან საძილე საშუალება აქვს დალეული, ან უბრალოდ ძალიან დაღლილია.
ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, თუ თქვენს საწოლს აქვს რბილი მატრასი, თუ გაფარიათ რბილი და მძიმე საბანი და გიდევთ რბილი ბალიში. ყველა ეს ნივთი ჩვილის გაგუდვის რისკს ზრდის. თუ ბავშვი გვერდით დაიწვინეთ, მიაქციეთ ყურადღება, თავზე საბანი ან ბალიში არ დაეფაროს. დაიფარეთ თხელი, მსუბუქი საბანი და ბავშვიც ისე დააწვინეთ, რომ იატაკზე არ გადმოვარდეს.
1991 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ინსტრუქცია, რამაც ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შემთხვევები 70%-ით შეამცირა.
არ მოწიოთ ორსულობის დროს! თუ დედა ორსულობის პერიოდში აგრძელებს ნიკოტინის მოხმარებას, ძილში მისი შვილის მოულოდნელი სიკვდილის ალბათობა 8-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველი დედისა. მამაც ასევე უნდა მოიქცეს. თუ გინდათ, შვილს გადარჩენის დიდი შანსი მისცეთ, უმჯობესია, მოწევა შეწყვიტოთ. თუ ვერ ძლებთ სიგარეტის გარეშე, შეამცირეთ მაინც მისი მოხმარება, ამით ბავშვის მოულოდნელ სიკვდილს აირიდებთ.
არავის მისცეთ ბავშვის ოთახში მოწევის უფლება. როცა ბავშვი ნიკოტინით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავს, მისი მოულოდნელი სიკვდილის რისკი მატულობს. მშობელი არ უნდა მოერიდოს სტუმარს, რომელსაც ბავშვთან მოწევის მცდელობა ექნება და უნდა სთხოვოს, ან არ მოწიოს, ან გარეთ გავიდეს. არ წაიყვანოთ ბავშვი ისეთ ადგილებში, სადაც ეწევიან;
არ არსებობს არანაირი მითითება იმის შესახებ, რომ მუცელზე ძილი (რასაკვირველია, რბილი ქვეშაგებლის გარეშე) ამაღლებს ახალშობილთა მოულოდნელი სიკვდილის რისკს, მაგრამ, ტრადიციულად, უფრო უსაფრთხოდ ზურგზე ძილია მიჩნეული. თუმცა, თუ ბავშვი მიდრეკილია ამოქაფება-ღებინებისკენ, მაშინ ზურგზე ძილიც სარისკოა და უმჯობესია ბავშვი გვერდზე დააწვინოთ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ძილის განმავლობაში (ხშირ-ხშირად დახედეთ ბავშვს).
დააწვინეთ ბავშვი ფეხებით საწოლის კიდესთან (ძირთან) ახლოს, რათა შემთხვევით თავით საბნის ქვეშ არ მოექცეს. ამ თვალსაზრისით მუცელზე ძილი უმჯობესია, რადგან ბავშვი საბნის ქვეშ ვერანაირად ვერ მოექცევა, მაგრამ როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, მუცელზე ძილის საკითხი სადავოა;
თუ ბავშვი ცუდად არის, მაშინ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ პედიატრი, ყურადღება მიაქციეთ, პატარამ სათანადო რაოდენობით სითხე მიიღოს, არ გაუწყლოვანდეს და არ გადახურდეს. არ არის აუცილებელი ავადმყოფი ბავშვის შეფუთვა, პირიქით, ჩვეულებრივზე თხელი საბანი უნდა დააფაროთ;
არ გადაახუროთ ბავშვი (მით უმეტეს, სიცხიანი). ყურადღება მიაქციეთ, რომ ძილის დროს არ გაოფლიანდეს. სასურველია ოთახში 18-22 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. არასდროს დააწვინოთ ბავშვი გამათბობლის, ანთებული ბუხრის ახლოს ან მცხუნვარე მზის ქვეშ. არ ეცადოთ მის გათბობას ე.წ. სათბურით ან ელექტროგამათბობლიანი პლედით. აუცილებლად გაიტანეთ ბავშვის ოთახიდან რბილი ბალიშები და საბნები, დიდი, ფუმფულა სათამაშოები! ძირითადად სწორედ ამ ნივთებს უკავშირდება ძილის დროს ბავშვის გაგუდვა. სხვათა შორის, 1-1,5 წლამდე ბალიშის გამოყენება საშიშია არა მარტო გაგუდვის, ხერხემლის პრობლემების განვითარების თვალსაზრისითაც;
თუ პატარა ძილში მატყუარას წოვს, არავითარ შემთხვევაში არ დაჰკიდოთ ის კისერზე! ამ მიზნით გამოიყენეთ სპეციალური ჯაჭვი სამაგრით და მიამაგრეთ ჩასაცმელზე ან საერთოდ საკიდის გარეშე მიეცით.
ბოლო წლებში მსგავსი სინდრომი უკვე ზრდასრულ ახალგაზრდებს შენიშნეს - 18-30 წლისებს. იხილეთ სტატია ამის შესახებ