სხვა შემთხვევა და უკუჩვენება, რომ ბავშვს არ უნდა მისცეთ წყალი, არ არსებობს დავიწყოთ ბანალურად: წყლის გარეშე ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს შეუძლია გაძლოს რამდენიმე დღე-ღამე. რაც შეეხება ბავშვებს, სითხის დეფიციტი ბევრად საშიშია, რადგან ისინი მეტ ენერგიას ხარჯავენ, მეტს მოძრაობენ.
მაგალითად, ზაფხულში, წელიწადის ყველაზე ცხელ დროს ბავშვს გაცილებით მეტი წყალი ესაჭიროება, ვიდრე ნორმალურ ამინდში. წყლის დეფიციტი ხელს უწყობს გადახურებას, რაც ძალიან საშიშია. წყლის მიღება პატარას ეხმარება, გაუმკლავდეს გადახურებას და გაანეიტრალოს სიცხე ორგანიზმში.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბავშვი, რომელიც დედის ორგანიზმიდან იღებს რძეს ან სვამს რძის ადაპტირებულ ნარევს, არ საჭიროებს წყლის მიღებას. "რძეში ყველაფერია" - ალბათ ეს ფრაზა ბევრჯერ გაგიგიათ. მშობლებმა არ იციან, რა ქნან, არ იციან, სწყურია თუ არა ბავშვს და არ იციან, უნდა დაალევინონ თუ არა წყალი. ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ექიმი კომაროვსკი ერთმნიშვნელოვნად ამბობს "ბავშვს წყალი უნდა დაალევინოთ, აუცილებლად უნდა დაალევინოთ!"
არსებობს ბავშვის ცხოვრებაში ის ეტაპი, როდესაც არ უნდა დაალევინოთ წყალი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დედას რძე ცოტა აქვს, ბავშვი კი პატარაა. ჩვილი უნდა ეცადოს, ძლიერად წოვოს ძუძუ და დედიკოს გამოუმუშავოს მეტი რძე. რაც მეტს შეჭამს ბავშვი, მით უფრო მეტი რძე ჩაუდგება დედას მკერდში. სხვა შემთხვევა და უკუჩვენება, რომ ბავშვს არ უნდა მისცეთ წყალი, არ არსებობს.
ოღონდაც, ჯანმრთელ ბავშვს არ უნდა დააძალოთ წყლის და სხვა სითხეების დალევა. მშობლების ამოცანაა, შესთავაზონ მათ უნდათ თუ არა დალევა, დაე, თავად პატარამ გადაწყვიტოს.
წყლის დალევის ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტად ცხელა, რაც უფრო მეტია სითხის დანაკარგი. სადაც არ უნდა იყოთ - სასეირნოდ, პლაჟზე, ტყეში თუ სახლში, არ აქვს მნიშვნელობა, თან უნდა გქონდეთ ბავშვისთვის განკუთვნილი წყლის ბოთლი.
არ დაივიწყოთ, რომ გადადუღებულ წყალს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ წყალთან. არც ერთი ცოცხალი არსება არ სვამს გადადუღებულ წყალს. გირჩევთ, წლამდე ბავშვებს დაალევინოთ ნეიტრალური გემოს მქონე მინერალური (არაგაზირებული) წყალი. უფრო დიდ ბავშვებს გაყინული ან ცოცხალი ხილისგან სახლში მომზადებული კომპოტები მოუმზადეთ და ნადგამი წყალი შესთავაზეთ.
არასდროს დაივიწყოთ, რომ წყლის დეფიციტი და გადახურება ძალიან საშიშია ბავშვისთვის. მათი ნიშნებია: იშვიათი შარდვა, კანის სიმშრალე, პირის ლორწოვანის გამოშრობა. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ზაფხულშია საგანგაშო. ამიტომ მიირთვით წყალი და პატარებსაც დაალევინეთ. ღმერთმა შეგარგოთ!
მოამზადა სალომე გორგოშიძემ