მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჩვილის თავის ზომასა და მომავალში მის გონებრივ მონაცემებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორებმა 37-დან 73 წლამდე ასაკის ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ტესტირება ჩაუტარეს. სტატისტიკამ უჩვენა, რომ ისინი, ვისაც ბავშვობაში უფრო დიდი თავი ჰქონდა, უფრო ჭკვიანი ადამიანები გახდნენ. მათ უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული.
მსგავსი კვლევა მეცნიერთა მეორე ჯგუფმაც ჩაატარა. ისინი გენების ჯანმრთელობასა და ინტელექტთან კავშირს იკვლევდნენ და ამ კავშირში ახალშობილობისას თავის ზომაც იყო გათვალისწინებული. შედეგები მათ ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოაქვეყნეს.
ამ შედეგების თანახმად, თავის ზომასა და მოგვიანებით გონებრივ შესაძლებლობებს შორის კავშირი ნამდვილად გამოვლინდა და ამის დასამტკიცებლად 17 ფაქტორს ასახელებენ. კვლევა გრძელდება და სხვა არაერთი ჯგუფიც მივიდა ანალოგიურ დასკვნამდე. საბოლოოდ, ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზა გახლავთ ის, რომ რაც უფრო დიდია თავის ზომა, უფრო მეტია ტვინის მოცულობა და მასში ნეირონების რიცხვი. ეს უკანასკნელი კი ადამიანს მეტი შესაძლებლობის გამოვლენაში ეხმარება. ამათუიმ სიტუაციაში ეს ადამიანები უფრო ეფექტურად და გონივრულად მოქმედებენ, ვიდრე სხვა ადამიანები. თუმცა ადამიანის ტვინი ბოლომდე შესწავლილი არ არის და ასპროცეტიანი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.