არასწორი თანკბილვა უამრავ ბავშვსა თუ ზრდასრულს აწუხებს და დღეს ბრეკეტებს იმაზე მეტი ადამიანი ატარებს, ვიდრე ეს, ალბათ, თავად ორთოდონტებს წარმოედგინათ რამდენიმე წლის წინ. არასწორი თანკბილვის გამოსწორება ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება, თუმცა ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რადგან პრობლემა სათავეს ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში იღებს და მასზე ზრუნვაც მცირე ასაკიდან, ჯერ კიდევ კბილების ამოსვლამდე და შემდეგ სარძევე კბილების კარგად მოვლით უნდა დაიწყოს.
სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ არასწორი თანკბილვა უმეტესად უვითარდებათ პატარებს, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე არიან. მიზეზი ადამიანის ანატომიაშია. ახალდაბადებული ბავშვების ქვედა ყბა გაცილებით პატარაა, ვიდრე ზედა ყბა. ეს ანატომიური თავისებურებაა, რომელიც ბუნებრივი კვების პირობებში, ერთი წლის ასაკისათვის სწორდება. ძუძუთი კვებისას ბავშვი იძულებულია გამოსწიოს ქვედა ყბა და ამუშაოს სახის კუნთები, ხოლო მატყუარას საწოვარას წოვის დროს, რომელსაც დიდი ნახვრეტი აქვს, ბავშვი უბრალოდ სწრაფად ყლაპავს რძეს. ამ შემთხვევაში წოვის პროცესი არ ხდება, ქვედა ყბა და სახის კუნთები არ მუშაობს და შესაბამისად არც ვითარდება.
წოვისას ქალის მკერდის კერტი იცვლის ფორმას, ქვემოდან ბრტყელდება და ხდება ასიმეტრიული, ეს განაპირობებს ყბების, სასის, ენის და ტუჩების ოპტიმალურ ურთიერთქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, ჩვილი 6 თვემდე დედის რძით იკვებებოდეს, ამის შესრულება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ასეთ დროს პატარა ხელოვნური საკვებით საჭირო ნივთიერებებს იღებს, მაგრამ ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, თუ რა ფორმით იღებს დამატებით საკვებს ჩვილი, რომ თანკბილვის პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ხელოვნური ან შერეული კვების დროს, ან გამოწველილი დედის რძით კვებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საწოვარას სწორად შერჩევას. ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მატყუარა.
აუცილებლად გამოიყენეთ საწოვარა და მატყუარა, რომელიც არის ორთოდონტული და იმეორებს ქალის მკერდის კერტის ფორმას ძუძუთი კვების დროს. საქართველოში შესაძლებელია, შეიძინოთ გერმანული ბრენდის „ნუკის“ პროდუქცია, რომელსაც გავლილი აქვს არაერთი კვლევა და ტესტირება ისეთი პროდუქტის შესაქმნელად, რომელსაც ექნებოდა ორიგინალური, ორთოდონტული ფორმა. ასევე კვლევებითაა დადასტურებული, რომ „ნუკის“ საწოვარები ახდენენ ძუძუთი კვების იმიტირებას, რაც დედას აძლევს საშუალებას, უპრობლემოდ შეუთავსოს ბუნებრივი კვება ბოთლით კვებას. „ნუკის“ ორთოდონტული ფორმა განაპირობებს წოვის დროს ენის სწორ მოძრაობებს, ყბისა და სახის კუნთების ვარჯიშს. წოვის ფიზიოლოგიური პროცესი საფუძველია მოგვიანებით სწორი ღეჭვის და თანკბილვის ჩამოყალიბების. საბოლოოდ ყველაფერი ხელს უწყობს ბგერების სწორად წარმოთქმას და გამართულ მეტყველებას.
თუ გსურთ, რომ თქვენს პატარას სწორი თანკბილვა ჰქონდეს, ამაზე ზრუნვა ჩვილობიდანვე უნდა დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ორთოპედიული ორთოდონტული საწოვარასა და მატყუარას წოვდეს, არ ქონდეს მავნე ჩვევა, როგორიცაა, მაგალითად, თითის წოვა, არ ეძინოს პირღიას და არ სუნთქავდეს ცხვირით, უარს არ ამბობდეს მყარი საკვების დაღეჭვაზე. არ იფიქროთ, რომ ამ საკითხზე ზრუნვა მუდმივი კბილების ამოსვლის შემდეგ უნდა დაიწყოთ. ყბის და კბილების ჩონჩხის ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს წოვასთან დაკავშირებულ ჩვევებს.