ბავშვთა კვება მშობლების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია. თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური შემოდგომასა და ზამთარში ხდება, როდესაც ვირუსები აქტიურდებიან და მათ წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტია აუცილებელი. იმუნიტეტის სიძლიერე კი მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული.
რა ვაჭამოთ პატარას? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების თანახმად, ბავშვისთვის პირველი ექვსი თვე ძუძუთი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბუნებრივი კვება ოპტიმალურ ზრდას, განვითარებას და ჯანმრთელობას უწყობს ხელს. პედიატრები გვირჩევენ, რომ ამ პერიოდში პატარას არ მისცეთ მყარი ან საღეჭი საკვები, რადგან აღნიშნულით შესაძლოა სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი გაიზარდოს.
6 თვის შემდეგ კი ბავშვის კვების რაციონი მრავალფეროვანი ხდება, თუმცა რძიდან სხვადასხვა საკვებზე გადასვლის პროცესი მარტივი არ არის. რძეზე მიჩვეულ პატარებს დამატებითი საკვების მიღება ხშირად უჭირთ და ვერც გემოთა მრავალფეროვნებას ეჩვევიან მარტივად.
6 თვიდან ბავშვის საკვებ რაციონში უნდა დაემატოს ბოსტნეული, ხილი, კვერცხი, ხორცი, თევზი. თუმცა აღნიშნული საკვების დამატება უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა ერთიანად, რომ ალერგიისგან ან სხვა სახის პრობლემებისგან დაცული იყოთ. ამ პროცესში გარკვეულ ადგილს იკავებს ტკბილეული, რომელიც პატარებს ყველაზე მეტად მოსწონთ.
ზოგადად, ბავშვები ტკბილეულის გემოს ადრეული ასაკიდანვე იგებენ და მასზე მოთხოვნა ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება. ტკბილეულზე უარის თქმა უფროსებსაც კი უჭირთ, არათუ პატარებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ნახშირწყლები შეზღუდული რაოდენობით მიიღონ და მათი წასახემსებელი არ შეიცავდეს ზედმეტ შაქარსა თუ სხვა მავნე ნივთიერებებს.
არსებობს ჯანსაღი წასახემსებლის რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც ბავშვს მცირე ასაკიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ და მშვიდად იყოთ, რომ ამით თქვენ პატარას ზიანს არ მიაყენებთ.
ბავშვებისთვის სწორად შერჩეული წასახემსებელი დაგეხმარებათ, რომ უზრუნველყოთ დღის განმავლობაში საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიღება. არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი შაქარი და ტკბილი იწვევს დამოკიდებულებას, ტკბილ საკვებს შეჩვეული პატარა კი ხშირად უარს ამბობს ჯანსაღ კვებაზე. ამიტომ აუცილებლად უზრუნველყავით ჯანსაღი წახემსება, რომელიც ჯანსაღი კვებიც აუცილებელი ნაწილია.