ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად, საზრუნავი მცირდება. თუმცა რეალურად, რაც უფრო იზრდება პატარა, მით მეტი საფიქრალი აქვს მშობელს. კვება მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებულია. წლამდე ბავშვის კვებაში დიდი ნაწილი რძესა და ფაფას უკავია, წლიდან კი ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილი უნდა იყოს. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა და საათობრივი კვებაც.
1 წლის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საჭმლის მომნელებელი უნარი იზრდება, იხვეწება გემოვნებითი შეგრძნებები. კბილები პატარას უკვე ამოსული აქვს, საღეჭი კუნთებიც - განვითარებული. ასე რომ მიეცით მას ყველაფერი ჯანსაღი და სასარგებლო, თხიერი და ნახევრად თხიერი საკვები მკვრივით შეცვალეთ.
1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვის მენიუ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ხარისხის პურს, ყოველგვარ ბურღულეულს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს, ხორცს, თევზს, კვერცხს, რძესა და რძის პროდუქტებს. რძე კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვებად რჩება, რომელსაც ვერც ხორცი შეცვლის და ვერც ცილებით მდიდარი სხვა პროდუქტი, თუმცა აუცილებელია ზომიერების დაცვა. 1-დან 2 წლამდე ბავშვის სადღეღამისო რაოდენობა 700მლ-ზე მეტი არ უნდა იყოს, 2-დან 3 წლამდე კი 500მლ-მდე უნდა შემცირდეს. სასარგებლოა ხაჭო, ყველი, ნადუღი, მაწონი. მაწონს ბაქტერიციდული თვისებები აქვს და კუჭ-ნაწლავის მუშაობას აწესრიგებს. ცხიმად ამ ასაკში მიზანშეწონილია ნაღების კარაქის გამოყენება. ბავშვის რაციონში უხვად უნდა ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, მათ შორის - სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, სალათა. აუცილებელია მწვანილიც (ხახვი, ოხრახუში, კამა), რომელიც, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, გემოვნებითი თვისებების განვითარებისთვისაც აუცილებელია. ხილი და კენკრა უმჯობესია უმი მისცეთ, თუმცა არანაკლებ სასარგებლოა ჩირი, კომპოტი, კისელი.
ზემოთ აღნიშნულ რაციონზე გადასვლის პროცესში კი არ უნდა დაგავიწყდეთ ფაფა, რომელიც ბავშვის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 1 წლიდან ბავშებისთვის გამოიყენეთ Heinz-ის მოსახარში ფაფა სახელად „ია ბოლშოი“ (მე დიდი ვარ). ეს არის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პატარების დიდი სუფრისთვის მომზადების პროცესში. აღნიშნული ფაფა ბავშვებს ღეჭვის უნარების განვითარებაში ეხმარება. ის დამზადებულია მსხვილი მარცვლეულისგან, რომელიც 100%-ით ნატურალურია. არსებობს ორი სახეობის ფაფა „ია ბოლშოი“: წიწიბურისა და 5 მარცვლის ფაფა. მარცვლეულის გარდა ისინი შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს. შემადგენლობაში არ შედის სახამებელი, კონსერვანტები, გმო, საღებავები. ფაფა იხარშება რძეში ან წყალში, ასევე შესაძლებელია, ხილისა და ბოსტნეულის დამატება. მის მოსახარშად სულ 2-3 წუთია საჭირო.
1 წლიდან ბავშვების მშობლებისთვის ძალიან აქტუალური ხდება კითხვაც – რამდენი უნდა მიირთვას ბავშვმა? 1 წლისთვის კვება ხუთჯერადია, თუმცა ნელ-ნელა ის უნდა გადაიყვანოთ ოთხჯერად კვებაზე. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას კუჭის წვენის სეკრეციის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების რაოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადანაწილდება: საუზმე - 25%, სადილი 35-40%, სამხარი 10-15%, ვახშამი 25%. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც: ცილით მდიდარი საკვები უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ, ასეთი პროდუქტი კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლადაც მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფები, ბოსტნეული, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი - პური, მარცვლეულის ფაფა, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული - ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - კვირაში 1-2 დღე.
თუ ბავშვი პერიოდულად უარს ამბობს სხვადასხვა საკვებზე, ნუ დააძალებთ და ძალიანაც ნუ ინერვიულებთ. ამ დროს ის შეისწავლის სხვადასხვა კერძს და განსაზღვრავს რა მოსწონს და რა არა. ამ დროს პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ბავშვს მიენდონ. მიეცით ნება, ჭამონ ის, რაც სურთ. ნუ შეშინდებით, თუ თქვენი პატარა რომელიმე პროდუქტს ჩვეულებრივზე ბევრს მიირთმევს ან პირიქით, საერთოდ უარს ამბობს მასზე. თუ ბავშვმა უცებ შეწყვიტა იმ ბოსტნეულის ჭამა, რომელსაც წინა კვირას სიამოვნებით მიირთმევდა, ძალას ნუ დაატანთ - ის ისევ შეიყვარებს ამ ბოსტნეულს. ძალდატანებით კი მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დროებითი უარი მუდმივ სიძულვილად გადაექცევა. თუ ბავშვმა ზედიზედ ორჯერ თქვა უარი რომელიმე კერძზე, ორი კვირის განმავლობაში ნუღარ აჭმევთ. თუ ზოგიერთი სახეობის ბოსტნეული უყვარს, ზოგს კი ვერ იტანს, მიეცით ის, რომელიც უყვარს.
რაც შეეხება წყალს, მისი მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1 კგ-ზე 80-100 მლ-ია. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და არავითარ შემთხვვევაში – დამტკბარი.